Thursday, January 20, 2011

”აუდის” სათამაშო ელექტრომობილის პროტოტიპი

20 იანვარი

სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე, რომელსაც თებერვლის დასაწყისში გერმანიის ქალაქი ნიურნბერგი უმასპინძლებს, ”აუდი” ბავშვებისთვის განკუთვნილ ერთადგილიან მინი ელექტრომობილს წარადგენს, რომელსაც სახელად ”აუტო უნიონ ტაიპ C e-ტრონი” ეწოდება.

რა თქმა უნდა, ეს ”სათამაშო” ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მწარმოებელი ირწმუნება, რომ მასში 1.80 მეტრი სიმაღლის ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. მიკრო ელექტრომობილი სათამაშოსთვის მეტად სოლიდური გაბარიტებითაც გამოირჩევა - მისი სიგრძე 2.32 მეტრი, სიგანე კი 0.97 მეტრია. ავტომობილის კორპუსი ალუმინისგან და კარბონის კომპოზიტის მსგავსი მასალისგანაა დამზადებული.

სათამაშო ავტომობილი მოძრაობაში ელექტრულ ძრავს მოჰყავს, რომლის სიმძლავრეც მხოლოდ 1.5 ცხენის ძალაა. მას ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების მომცრო ბლოკი ამარაგებს, რომლის დამუხტვასაც დაახლოებით 2 საათი დასჭირდება. აკუმულატორში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 25 კილომეტრი გაიაროს. სუსტი ძრავი კი ავტომობილს მაქსიმუმ 30 კმ/სთ სიჩქარეს ანიჭებს.

ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ”აუდი” ამ სათამაშო ელექტრომობილის სერიულ წარმოებას და თუ აპირებს, რა ფასად აპირებს მის გაყიდვას.

”როლს როისი” თავისი ემბლემის ასი წლის იუბილეს აღნიშნავს

One Hundred Years of Spirit of Ecstasy

20 იანვარი

ინგლისური კომპანია ”როლს როისი” წელს თავისი ლეგენდარული ემბლემის, ”აღტყინების სულის” (გინდა აღტაცების სულის) შექმნიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში ნათქვამია, რომ ამასთან დაკავშირებით, ”როლს როისი” თავის ფლაგმან ”ფანტომის” ას ცალ საიუბილეო ვერსიას, სახელად ”დი სპირიტ ოფ ექსტაზი ცენტენარი კოლექშნ”, გამოუშვებს.

საიუბილეო ავტომობილისთვის, სპეციალური ფერებია შემუშავებული. კერძოდ, შავი მეტალიკი ოქროსფერი ელემენტებით და მუქი ლურჯი ვერცხლისფერი ელემენტებით. შესაბამისად, ოქროთი და ვერცხლით მოავარაყებენ სალონის ზოგიერთ ელემენტს. მაჩვენებლების დაფაზე მოთავსდება ოქროს, ან ვერცხლის არშიაშემოვლებული მექანიკური საათი, ცენტრალური კონსოლის ხედა ნაწილში კი მოთავსდება დაფა (ოქროსი, ან ვერცხლის), რომელზეც წარწერილი იქნება: ”სპირიტ ოფ ექსტაზი - ვან ოფ ვან ჰანდრიდ” (აღტყინების სული - ერთი ასიდან).

სტატუეტი სახელად ”აღტყინების სული”, 1911 წლის თებერვალში ბრიტანელმა მოქანდაკე ჩარლზ სკაისმა შექმნა, 1920 წლიდან კი ის ”როლს როისის” ოფიციალური ემბლემა გახდა. ქანდაკებას, რომლის სიმაღლეც სულ რაღაც 8 სანტიმეტრია, ”მფრინავ ლედისაც” უწოდებენ. მასზე ხელგაშლილი ქალია გამოსახული, რომელიც თითქოს, შემხვედრ ჰაერს ხვდება.

”როლს როისის” თანამედროვე ავტომობილებზე, ფრონტალური შეჯახებისას, ემბლემა კაპოტის ქვეშ იმალება. მისი დამალვა ასევე სალონიდან, შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში შეიძლება. ეს კი იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ მისი მოპარვის საშიშროება არსებობს. ქანდაკებას ხშირად ოქროსგან და ვერცხლისგან ასხამენ (შემკვეთის სურვილის შესაბამისად), რაც ქურდებს იზიდავს.