Wednesday, April 13, 2011

ელექტრული „ფორდ ტრანზიტ კონექტის“ დებიუტი ბირმინგემში

Ford Transit Connect Electric

13 აპრილი

„ფორდი“ ინტენსიურად მუშაობს ელექტრომობილებზე და ცდილობს, იმ დროისთვის, როდესაც განვითარებული ქვეყნების უმეტესობას, ასეთი ავტომობილებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა ექნება, ბაზარზე ელექტრული ძრავებით აღჭურვილი რამდენიმე მოდელი გამოუშვას. ამასთან, დირბორნელები თავიანთ ელექტრიფიკაციის პროგრამას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ავითარებენ. ესაა როგორც ჩვეულებრივი ჰეჩბეკები, ასევე კომერციული ავტომობილები, როგორიცაა მთელს მსოფლიოში მეტად პოპულარული „ტრანზიტი“.

ელეტრომობილების შემუშავების საქმეში, „ფორდს“ პარტნიორობას მიჩიგანური (აშშ) კომპანია „აზურ დაინემიქს კორპორეიშნი“ უწევს, რომელსაც წელსვე 600-1000 ცალი ელექტრული „ტრანზიტის“ გამოშვება აქვს დაგეგმილი. და სანამ ეს ავტომობილი ბაზარზე რეალურად გამოჩნდება, პარტნიორებმა ის ბირმინგემის კომერციული ავტომობილების საერთაშორისო შოუზე გამოფინეს, მალე კი ამ ავტომობილის ევროპის ბაზარზეც გამოიტანენ.

ელექტრული „ტრანზიტ კონექტის“ გარდა, „ფორდი“ და „აზური“ კიდევ ოთხ ელექტრომობილს ამზადებენ, რომლებსაც ბაზარზე 2013 წლამდე გამოუშვებენ. მწარმოებლების განცხადებით, ავტომობილის სვლის სიშორე ერთ სრულ დამუხტვაზე 130 კილომეტრია, რაც სრულიად საკმარისია დიდ ქალაქებში მომუშავე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მცირე მოცულობით ტვირთების გადაზიდვით არიან დაკავებული.

ელექტრული ფურგონი „ტრანზიტ კონექტი“, ამავე სახელწოდების ავტომობილის გრძელბაზიან ვერსიაზეა ბაზირებული. ფურგონზე ელექტრული აგრეგატები „აზურ დაინემიქსის“ სპეციალისტებმა დააყენეს და თავიდან ამ ავტომობილს სწორედ ეს კომპანია გამოუშვებს. ავტომობილი აღჭურვილია კომპანია „ჯონსონ კონტროლზის“ მიერ მომზადებული ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით, რომლის ტევადობაც 28 კილოვატსაათია.

ელექტრული დანადგარის მონაცემები საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მაქსიმუმ 120 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს (მეტი არც სჭირდება), მისი სვლის სიშორე კი 130 კილომეტრია. თუმცა, ელემენტების ბლოკის დახვეწის შედეგად, სვლის სიშორის გაზრდაც შესაძლებელია. აკუმულატორების ბლოკის დამუხტვა, სტანდარტული საყოფაცხოვრებო ქსელიდან შეიძლება. სრული დამუხტვისთვის საჭირო დრო კი 8 საათია.

რაც შეეხება დანარჩენ ელექტრულ ავტომობილებს, რომლებსაც 2013 წლამდე გამოუშვებს, ესენია ელექტრული ჰეჩბეკი „ფოკუსი“, ჰიბრიდული „C-მაქსი“, პლაგ-ინ ჰიბრიდული „C-მაქს ენერჯი“ და კიდევ ერთი მოდელი, რომლის სახელიც ჯერჯერობით უცნობია.