Saturday, January 30, 2010

”პინინფარინა” ”ალფა რომეოსთვის” კონცეპტუალურ მოდელს დაამზადებს

Pininfarina Spider Concept to Shine at Geneva

30 იანვარი

იტალიურმა სადიზაინერო ატელიე ”პინინფარინამ” გამოაქვეყნა პირველი ესკიზი კონცეპტუალური როდსტერისა, რომელსაც საკუთარი 80 წლის და ”ალფა რომეოს” დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამზადებს. ჟურნალ ”აუტოუიკის” ინფორმაციით, ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე გაიმართება.

ამავე ჟურნალის ცნობით, ეს კონცეპტუალური ავტომობილი შეგვიქმნის წარმოდგენას იმისას, თუ როგორი იქნება ”ალფა რომეოს” შემდეგი თაობის სედან 159-ის ღია ვერსია. არსებული მონაცემებით, ამ სედანის წარმოება, სავარაუდოდ წელს დაიწყება. როდსტერის გარდა, ჟენევაში ”ალფა რომეო” ასევე წარადგენს 159-ის კიდევ ორ ვერსიას - სედანისა და კუპეს ძარით, რომლებსაც, შესაბამისად, ”ჯუჯარო” და ”ბერტონე” მოამზადებენ.

მომდევნო თაობის 159 ”კრაისლერის” პლატფორმაზე დამზადდება და მას სახელს შეუცვლიან. ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ რა ეწოდება ახალ სედანს. სავარაუდოდ, მას სახელად მილანური კომპანიის ერთ-ერთი კლასიკური მოდელის სახელს - ”ჯულიას” უწოდებენ. ამ სახელით ”ალფა რომეო” ავტომობილებს 1962-1978 წლებში აწარმოებდა.

”ალფა რომეოს” საწარმოო პროგრამაში სედანი 159 ხუთი წლის წინ გამოჩნდა, 2008 წელს კი მას მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მოდერნიზაციის დროს, დაკიდების სისტემაში, მუხრუჭებში და ბორბლებში შედარებით მსუბუქი მასალების გამოყენების შედეგად, ავტომობილის წონა 45 კილოგრამით შემცირდა.

კონცეპტუალური ავტომობილის შესახებ დეტალები ჟენევურ გამოფენამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება.

ცნობისათვის, ”პინინფარინამ” შარშან თავისი აქციების 50.7 გაყიდა, რათა ბანკებისადმი დაგროვილი დავალიანებები დაეფარა. პარალელურად, ატელიე თავისი სამი ქარხნიდან ერთ-ერთს, რომელიც ტურინის გარეუბან გრულიასკოში მდებარეობს, იტალიელ ბიზნესმენ ჯანმარიო როსინიოლოს მიაქირავებს, რომელიც იქ ”დე ტომაზოს” სახელით, ავტომობილების წარმოებას დაიწყებს.

”პეჟო 408” - მსოფლიო პრემიერა პეკინში

Peugeot 408 Officially Unleashed in Beijing

30 იანვარი

პეკინის მოტორ შოუზე, ფრანგულმა კომპანია ”პეჟომ” ახალი სედანი 408 DF (DF დონ ფენს, პეჟოს ჩინელ პარტნიორს აღნიშნავს, რომელთან ერთადაც, ის ჩინეთში ავტომობილებს აწარმოებს) წარადგინა, რომელიც ჩინური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ახალი ავტომობილი ჰეჩბეკ 308-ს პლატფორმაზეა დამზადებული, თუმცა მასზე გრძელი ბაზა გააჩნია, რისი წყალბითაც, სალონის უკანა ნაწილში, კომფორტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

ტესტირების პროცესში, ეს ავტომობილი პაპარაცებმა რამდენჯერმე დააფიქსირეს და მაშინ ის ევროპული ”პეჟო 508” ეგონათ, რომელმაც ფრანგული კომპანიის სამოდელო გამაში, 2011 წელს ერთდროულად ორი სედანი - 407 და 607 უნდა შეცვალოს.

ცნობისათვის, აღნიშვნა 408-ში 4 ავტომობილის სიგრძის (4.68) მანიშნებელია, 0 კომპანიის მიერ დაპატენტებული შუალედური აღნიშვნაა, 8 კი მოდელის თაობას ნიშნავს. ამგვარად, 408 DF ”პეჟოს” მერვე თაობის პირველი მოდელია, რომელსაც კომპანია ჩინეთის ბაზარზე შეიტანს.

ახალი ავტომობილისთვის მხოლოდ ორი ძრავია განკუთვნილი - 1.6-ლიტრიანი 16V (16-სარქველიანი), რომელიც 110 ცხენის ძალას (5 750 ბრ/წთ-ზე) და 147 ნიუტონმეტრს (4 000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს და 2.0-ლიტრიანი, იმავე კონფიგურაციის, რომელიც 147 ცხენის ძალას და 200 ნიუტონმეტრს ავითარებს.

ავტომობილის უსაფრთხოების სისტემებში შედის 6 პნევმობალიში (2 წინა, 2 გვერდითა და 2 ფარდა), 5-წერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები და გამაფრთხილებელი ხმოვანი და ვიზუალური სიგნალები. აღსანიშნავია, რომ პრემიერამდე, ავტომობილმა 1 000 000 სატესტო კილომეტრი გაიარა.

408 DF-ის შემუშავების პროცესში, ფრანგ სპეციალისტებთან ერთად, ”დონ ფენის” მათი ჩინელი კოლეგებიც მონაწილეობდნენ. ავტომობილს ამ ორი კომპანიის ზიარი, უჰანის ქარხანა გამოუშვებს. დაგეგმილია წლიურად 100 000 ცალი 408 DF-ის წარმოება.

უკვე ხუთი წელია, რაც ”პეჟო” ჩინურ ბაზარზე ავტომობილებს ჰყიდის და ამ პერიოდში, მისმა მანქანებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს. შარშან ცისქვეშეთში 410 000 ”პეჟო” გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 44 პროცენტით მეტია.

”სუზუკი” ჟენევაში ”კიზაშის” ევროპულ ვერსიას გამოფენს

European Suzuki Kizashi Sedan to Bow at Geneva Motor Show

30 იანვარი

ჟენევის ავტო შოუზე, რომელიც მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება, იაპონური კომპანია ”სუზუკი” თავისი ახალი სედანის, ”კიზაშის” ევროპულ ვერსიას გამოფენს. ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ცნობით, სედანი, რომელიც უკვე იყიდება ამერიკულ ბაზარზე, ჟენევის შოუს დასრულებისთანავე გამოჩნდება კომპანიის შვეიცარიულ სადილერო პუნქტებში, დროთა განმავლობაში კი მისი გაყიდვა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც დაიწყება.

”კიზაშის” ევროპული ვარიანტი ბენზინზე მომუშავე ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობაც 2.4 ლიტრია. ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი უწყვილდება. პირველი ვერსიით, ძრავის სიმძლავრე 185 ცხენის ძალას აღწევს, მეორე ვერსიით კი - 178 ცხენის ძალას.

მოგვიანებით, იაპონური კომპანია ევროპელ მყიდველს 3.2-ლიტრიანი ძრავით და ჰიბრიდული დანადგარით აღჭურვილ ”კიზაშისაც” შესთავაზებს. ოღონდ, ჯერ დაზუსტებული არაა, თუ კონკრეტულად როდის მოხდება ეს.

”სუზუკი” მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ ”კიზაშისაც” შესთავაზებს. ეს სისტემა უნივერსალურია. კერძოდ, ჩვეულებრივ, ის წინაამძრავიან რეჟიმში იმუშავებს, სპეციალურ ღილაკზე დაჭერის შემდეგ კი ტრანსმისია მაბრუნ მომენტს ოთხივე ბორბალს გაუნაწილებს. ამასთან, საგზაო პირობების შესაბამისად, უკანა ბორბლებს საერთო მომენტის 50 პროცენტამდე გადაეცემა.

ევროპაში ”სუზუკი კიზაში” კონკურენციას გაუწევს ”ფორდ მონდეოს”, ”სიტროენ C5-ს”, ”ტოიოტა ავენსისს”, ”ფოლკსვაგენ პასატს” და ”ოპელ ინსინიას”. ახალი სედანის ევროპული ვერსიის ფასი მოგვიანებით გამოცხადდება.

”სააბი” ჰოლანდიურმა ”სპაიკერმა” შეიძინა

Tiny Spyker snaps up Saab

30 იანვარი

”სპაიკერის” მთავარი აღმასრულებელი ვიქტორ მიულერი (მარცხნივ) და ”სააბის მთავარი აღმასრულებელი იან-აკე იონსონი

.........................................................................

პატარა ჰოლანდიურმა საავტომობილო კომპანია ”სპაიკერმა”, რომელიც სპორტული, ექსკლუზიური ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, ”ჯენერალ მოტორსისგან” შვედური ”სააბის” შეძენაზე თანხმობა მიიღო. არადა, ამ გარიგებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრესაში გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამერიკული კომპანია თავისი შვედური შტოს დახურვას აპირებდა.

”სპაიკერი” ძველი კომპანიაა, თუმცა ის 1920 წელს დაიხურა და 2000 წელს განაახლა მუშაობა. ”სააბის” შეძენაში მას 74 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, შვედური კომპანიის აქციებსაც შეიძენს, რაშიც 326 მილიონს გადაიხდის. გარიგების კიდევ ერთი პირობა ისაა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი, ”სააბს” კრედიტის სახით, 400 მილიონ ევროს გამოუყოფს, ამ კრედიტის გარანტი კი შვედეთის მთავრობა იქნება.

”ჯენერალ მოტორსმა” 1989 წელს, ”სააბის” აქციების ნახევარში 600 მილიონი დოლარი გადაიხადა. ამერიკული კომპანიის განცხადებით, ”სპაიკერისთვის” ”სააბის” მიყიდვის კონტრაქტი თებერვლის შუა რიცხვებში გაფორმდება. ამიტომ, შვედური კომპანიის დახურვის პროცესი ამ კონტრაქტის გაფორმებამდე შეჩერდა. და თუ ”სპაიკერი” ვერ შეძლებს დაპირებული თანხის გადახდას, მაშინ ”სააბს” დახურვა არ ასცდება.

მართალია, ”ჯენერალ მოტორსი” ”სააბის” გაყიდვაში გაცილებით ნაკლებ თანხას მიიღებს, ვიდრე თავად აქვს გადახდილი, მაგრამ ”სპაიკერთან” მიღწეული შეთანხმება, ამერიკული კომპანიისთვის მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში, მან თავისი რამდენიმე შტოს გაყიდვა ვერ შეძლო.

შარშან ”გენერლებს” თავიანთი ამერიკული შტოს, კომპანია ”სატურნის” დახურვამ მოუწია. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც ავტოსადილერო გიგანტმა ”პენსკე აუტომოტივმა” ”სატურნის” ყიდვა გადაიფიქრა. ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია ”ჰამერის” ბედი. ამ კომპანიის შეძენა ჩინელებს სურთ, თუმცა საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება რამდენჯერმე გადაიდო. ”ჯენერალ მოტორსმა” გადაიფიქრა თავისი ევროპული შტოს - ”ოპელის” (და მასთან ერთად, ვოქსჰოლისაც) გაყიდვა.

რაც ”სააბი” შეიძინა, ”ჯენერალ მოტორსს” მისგან ზარალის მეტი არაფერი მიუღია. არადა, შვედური კომპანია წარმოებაში ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს და მისი ავტომობილებიც ყოველთვის მაღალი ხარისხით, თუმცაღა, შედარებით მაღალი ფასითაც გამოირჩევა. ”სააბის” შესაძლო დახურვის ერთადერთი მოტივი ის იყო, რომ ამერიკულ კომპანიას არ სურდა, მოწინავე ტექნოლოგიები კონკურენტი მწარმოებლების ხელში აღმოჩენილიყო.

”სპაიკერის” მთავარი აღმასრულებელი ვიქტორ მიულერი, ვინც ჰოლანდიური კომპანია ათი წლის წინ აღადგინა, აცხადებს, რომ ნორმალურ სიტუაციაში, ”სააბს”
”სპაიკერი” თავად უნდა შეეძინა. ის გარიგებამდე 5 დღის განმავლობაში, ”ჯენერალ მოტორსთან” ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა და როგორც თავად განაცხადა, აღნიშნულ პერიოდში, 15 საათზე მეტი არ სძინებია.

”ნორმალურ ეკონომიკურ გარემოში, ”სააბი” ალბათ თავად იყიდდა ”სპაიკერს”. ეს შესანიშნავი ბრენდია და ვფიქრობ, მისი კრახი, უხეირო მმართველობის ყველაზე გამორჩეული ნიმუშია ავტოინდუსტრიის ისტორიაში. ბოლო 20 წლის განმავლობაში, სწორი მმართველობის შემთხვევაში, ”სააბს” თავისუფლად შეეძლო, შვედური ”აუდი” გამხდარიყო. მას მართავდა ხალხი, რომლებსაც ვერაფრით გაეგოთ ამ ბრენდის არსი და კომპანიას მუდმივად საივესტიციო შიმშილში ამყოფებდნენ, რის გამოც, მან განვითარება ვერ შეძლო”, - ამბობს ანალიტიკურ კომპანია ”IHS გლოუბლ ინსაითის” ანალიტიკოსი ტიმ ურკუჰარტი.

თავის მხრივ, ”ჯენერალ მოტორსმაც” აღიარა, რომ ”სააბის” მართვისას ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რამაც შვედური კომპანია ლამის კრახამდე მიიყვანა. ამერიკული კომპანიის ვიცე აღმასრულებელი ბობ ლუცი ამბობს, რომ უკეთესი ინვესტიციების და სწორი საწარმოო სტრატეგიის შემთხვევაში, ”სააბი” გაცილბით უფრო განვითარებული კომპანია იქნებოდა.

”სპაიკერი” პატარა ფირმაა, რომელშიც სულ 100 ადამიანია დასაქმებული. ჰოლანდიური კომპანია წლიურად მხოლოდ 43 სუპერ ავტომობილს ამზადებს, რომლებიც ხელით შრომით მზადდება. მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, ”სააბში” დასაქმებულთა რაოდენობა 3 400-ს აღწევს.

ამ ორ კომპანიას ერთი საერთო აქვს - ისინი წაგებაზე მუშაობენ. ”სააბმა” შარშან 21 000-ზე ნაკლები ავტომობილი გამოუშვა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 77 პროცენტით ნაკლებია. შარშანვე, შვედურმა კომპანიამ 400 მილიონი ევრო იზარალა. შარშან, ”ჯენერალ მოტორსმა” ”სააბის” მოძველებული ტექნოლოგიები და ორი მოძველებული მოდელის საწარმოო ხაზები ჩინურ BAIC-ს მიჰყიდა, თუმცა ამის მიუხედავად, ”სპაიკერის” სურვილი, შეეძინა შვედური კომპანია, ოდნავაც არ განელებულა.