Friday, October 8, 2010

ელექტრონული ”ოპელ მერივა” - ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია

Opel Releases Meriva EV Details

8 ოქტომბერი

”ჯენერალ მოტორსის” გერმანული შტო ”ოპელი” ინტენსიურად მუშაობს ელექტრონული ტექნოლოგიების შემუშავებაზე და ამ მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა ევროპულ კომპანიებს შორის. უკვე თითქმის დასრულებულია გაზრდილი სვლის მქონე ელექტრონულ ჰიბრიდ ”ოპელ ამპერას” შემუშავებისა და სრულყოფის პროცესი. პარალელურად კი რიუსელსჰაიმელები იმ ტექნოლოგიების შემუშავებასაც ეშურებიან, რომლებმაც ელექტრომობილების ენერგიით დამუხტვის პროცესი უნდა გაამარტივოს და გააიაფოს.

სწორედ ამ მიზნით მომზადდა მოდელ ”მერივას” ელექტრონული ვერსია. ეს ავტომობილი 60 კილოვატიანი (82 ცხენისძალიანი) ელექტრული ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც იმავდროულად, 215 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც იძლევა. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც საათში 16 კილოვატია. ეს მარაგი საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ელექტრულმა ”მერივამ” 64 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამასთან, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 130 კმ/სთ-ია. ცნობისათვის, მაქსიმალური სიჩქარე ხელოვნურადაა შეზღუდული, რადგან უფრო მეტ სიჩქარეზე ავტომობილის ენერგიის ხარჯი მნიშვნელოვნდ იზრდება.

თუმცა, ელექტრონული ”მერივასთვის” ეს მონაცემები მთავარი სულაც არაა. მისი დანიშნულება ისაა, რომ ”ოპელმა” და ”ჯენერალ მოტორსმა” ორმაგი დანიშნულების დამმუხტავი ტექნოლოგიები შეიმუშაონ. ასეთმა დასამუხტმა მოწყობილობებმა აკუმულატორების დამუხტვა როგორც საყოფაცხოვრებო, 230-ვოლტიანი, ასევე სწრაფად დამმუხტავი, 400-ვოლტიანი შტეპსელიდან უნდა უზრუნველყონ.

გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღჭურვილია ექსპერიმენტული საზრიანი სისტემით, რომლის მეშვეობითაც, ის ჭარბ ენერგიას ქსელს იქით მიაწვდის. ესე იგი, მიკრო ელექტროსადგურის მოვალეობასაც შეასრულებს, თუმცა მის მიერ გამომუშავებული ენერგია ზღვაში წვეთი იქნება.

”ელექტრონული ”მერივა” საწარმოო მოდელს შეიძლება ჰგავს, მაგრამ რეალურად, ის მხოლოდ საკვლევი ლაბორატორიაა, რომელიც ოთხ ბორბალზე დგას და თავისით გადაადგილდება. მისი მეშვეობით, სწრაფად დამუხტვის პროცესს ვიკვლევთ. გარდა ამისა, ავტომობილს დასამუხტ მოწყობილობასთან ურთიერთობის უნარიც გააჩნია”, - ამბობს ”ოპელის” საინჟინრო განყოფილების ვიცე პრეზიდენტი რიტა ფორსტი.

ელექტრონული ”მერივა” არის შემადგენელი ნაწილი დიდი პროექტისა, სახელად ”მერეჯო მობილ”, რომელიც მომავლის ელექტრონული ავტომობილების ტექნოლოგიებზე მუშაობს. ამ პროექტის მონაწილე, პროფესორი ჰარტმუტ შმეკი ამბობს, რომ მომავლის ელექტრომობილები ელექტროქსელში ენერგიის სტაბილიზატორის მოვალეობის შესრულებასაც შეძლებენ. თუმცა, ამისათვის არაერთი ახალი ტექნოლოგიის შემუშავება იქნება აუცილებელი.

”აუდი” ”კვატროს” წარმოებას ”ჯუჯაროს ჩააბარებს

Audi to build reborn Quattro

8 ოქტომბერი

პარიზის საავტომობილო გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი ”აუდი კვატრო” იყო, ავტომობილი, რომელიც გერმანულმა კომპანიამ ამავე სახელწოდების მქონე ლეგენდარული ავტომობილის შექმნიდან 30 წლის იუიბილეს მიუძღვნა. ინგოლშტადტელებმა ამ ავტომობილზე იმდენად კარგი გამოხმაურება მიიღეს, რომ შესაძლოა, მისი მცირესერიული წარმოებაც კი გადაწყვიტონ. არადა, თავიდან ის მხოლოდ საიუბილეო პროტოტიპად იყო ჩაფიქრებული.

თუ ”აუდის” ხელმძღვანელობა ”კვატროს” მწვანე შუქს აუნთებს, მის წარმოებას ალბათ ცნობილ იტალიურ დიზაინ ატელიე ”იტალდიზაინ ჯუჯაროს” ჩააბარებენ. ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ, ეს კომპანიაც, რომელიც ბოლო წლებში ვერაფრით ახერხებდა კრიზისიდან თავის დაღწევას, ”ფოლკსვაგენის” დიდი ოჯახის წევრი გახდა, რომელშიც ”აუდიც” შედის.

”აუდის” ქვეგანყოფილება ”აუდი კვატროს” ხელმძღვანელი შტეფან რაილი ამბობს, რომ მის კომპანიას თითქმის არ აქვს მცირესერიული წარმოების გამოცდილება. ”აუდის” ტექნიკურ ცენტრში უკვე გადაწყვეტილი აქვთ, თუ რა ტექნიკურ აღჭურვილებას მიიღებს ”კვატრო”, თუ მისი წარმოება გადაწყდება. თუმცა, ეს ჯერ ყველაფერს არ ნიშნავს. ”აუდის” სამარკეტინგო გამოკვლევის ჩატარება მოუწევს, რათა დაადგინოს, რამდენად წარმატებული შეიძლება გახდეს ახალი წამოწყება.

სავარაუდოდ, ავტომობილის შასი ფოლადისგან დამზადდება, ძარის სხვადასხვა ელემენტებისთვის კი ალუმინსა და კარბონის კომპოზიტს გამოიყენებენ. აგრეგატების თავიდან შემუშავება კი არ მოუწევთ - ძრავს მოდელ TT RS-სგან აიღებენ, სრულამძრავიან ტრანსმისიას კი, რომელსაც აქტიური უკანა დიფერენციალი აქვს, - მოდელ RS5-სგან. სხვათა შორის, კარბონის კომპოზიტის სერიულ ავტომობილებში გამოყენების ტექნოლოგიები კარგად აქვს დამუშავებული ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალ კიდევ ერთ იტალიურ კომპანია ”ლამბორგინის”, რომელმაც პარიზშივე სწორედ კარბონისგან დამზადებული კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი ”სესტო ელემენტო” (მეექვსე ელემენტი) წარადგინა. მოკლედ, მსუბუქი მასალების ფართოდ გამოყენების წყალობით, ”კვატროს” წონა 1300 კილოგრამზე მეტი არ იქნება, ამას კი სპორტული ავტომობილის დინამიკური მახასიათებლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება ძრავს, წინასწარი მონაცემებით, სერიულ ავტომობილზეც იმავე აგრეგატს გამოიყენებენ, რითაც კონცეპტუალური ”კვატროა” აღჭურვილი. ესაა (TT RS-ის) 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი ტურბომოტორი, რომლის სიმძლავრეც 406 ცხენის ძალაა. სხვათა შორის, სერიული TT RS-ის ძრავის სიმძლავრე ”მხოლოდ” 350 ცხენის ძალაა, თუმცა პროტოტიპზე დაყენების წინ, მას მცირე მოდიფიკაცია ჩაუტარდა.

რაილის თქმით, სერიული ”აუდი კვატროს” ფასი ევროპაში 100 000 ევროზე მეტი არ იქნება.