Thursday, September 23, 2010

”ოპელი” ”კორსაზე” პატარა მიკროლიტრაჟიან ავტომობილს გამოუშვებს

Opel Vauxhall Announce New Small Car below the Corsa

23 სექტემბერი

აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ აიზენახში მდებარე ქარხანაში, ”ოპელის” მთავარმა აღმასრულებელმა ნიკ რილიმ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც თავისი კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მთავარი, რაც მან გამოაცხადა, ის იყო, რომ ”ოპელი” 2013 წელს სრულიად ახალი პატარა ავტომობილის გამოშვებას დაიწყებს, რომელიც ჰეჩბეკ ”კორსაზე” მცირე ზომისა იქნება. რილის თქმით, ”ეს ახალი პროდუქტი, კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი გახდება”.

სავარაუდოდ, ავტომობილი, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს, ბაზარზე კონკურენციას ”ფორდ კა-ს” (რომელიც ფიატ 500-ის პლატფორმაზეა ბაზირებული) და ”ფოლკსვაგენის” ”ლუპოს” (ამ ავტომობილის გამოშვება ვლფსბურგელებს ჯერ არ დაუწყიათ) გაუწევს. რილის თქმით, ეს ავტომობილი განკუთვნილი იქნება იმ მყიდველისთვის, ვისაც ”მცირე ზომის, ეკონომიური, ქალაქის პირობებში მეტად მანევრული მანქანა სჭირდება და კომფორტზე, დიზაინსა და ტექნოლოგიებზე კომპრომისის გაწევას არ აპირებს”. გარდა ამისა, ახალი მინი ავტომობილი გახდება ბაზისი ელექტრომობილისთვის, რომლის გამოშვებასაც ”ოპელი” ასევე აპირებს.

”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტო ახალი ავტომობილის შემუშავებასა და წარმოებისთვის მომზადებისთვის 90 მილიონი ევროს ინვესტიციას გაიღებს. მინი ავტომობილს აიზენახის ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ”კორსას” წარმოებაზეა სპეციალიზებული. რილის თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ახალ ავტომობილს აიზენახში გამოუშვებენ, ”ოპელის” სარაგოსას ქარხანასაც ახეირებს, რომელიც ასევე ”კორსას” აწარმოებს - ესპანურ ქარხანაში ”კორსას” წარმოება გაიზრდება.

რილი ამბობს, რომ ახალი მინი ავტომობილის წარმოებით, ”ოპელი” მისთვის უჩვეულო ახალ სეგმენტში შეაბიჯებს. თუმცა, ეს ერთადერთი სეგმენტი არაა, სადაც ის შეღწევას ეცდება. გერმანული კომპანია უგზოობის კომპაქტური მოდელის წარმოებასაც გეგმავს, გარდა ამისა, დაუბრუნდება სპორტული კუპეების სეგმენტს, რისთვისაც შესაძლოა, ორი მივიწყებული სახელი - ”მანტა” და ”კალიბრა” აღადგინოს.

აქამდე ”ოპელი” მინიავტომობილების სეგმენტში არ მუშაობდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ გერმანულ კომპანიას ხელი არ უნდა შეეშალა ”ჯენერალ მოტორსის” კიდევ ერთი მარკის - შევროლესთვის, რომელიც ევროპაში სწორედ მინიავტომობილ ”ავეოს” აწარმოებს.

მაგრამ ამერიკული კონგლომერატის რეორგანიზაციის შემდეგ, რილიმ მისი ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ ”ოპელისთვის” სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ასეთი ავტომობილების წარმოებას, რადგან ევროპელი მყიდველი სულ უფრო ხშირად აკეთებს არჩევანს მცირე, ეკონომიურ ავტომობილებზე.

სხვათა შორის, 2004 წელს, ჟენევის საავტომობილო შოუზე, ”ოპელმა” ჯუჯა კონცეპტუალური ავტომობილი ”ტრიქსი” (სურათზე) წარადგინა, მაგრამ ის მანქანა კონცეპციის დონეს ვერ გასცდა. მაშინ ”გენერლებმა” გადაწყვიტეს, რომ ევროპაში მათი ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი ”შევროლე სპარკი” (იგივე დეუ მატისი) ყოფილიყო.

მაგრამ მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა, ”ოპელს” მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭეს და გარდა იმისა, რომ ეს კომპანია თანდათან ზრდის თავის საწარმოო პროგრამას, ევროპის გარეთ, მისთვის აქამდე უცნობ ბაზრებზე - ჩინეთში და სამხრეთ ამერიკაში გასვლასაც გეგმავს. მოკლედ, ”ოპელიც” მალე გლობალური ბრენდი გახდება, ასეთს კი სრულფასოვანი სამოდელო გამა უნდა ჰქონდეს...