Sunday, February 6, 2011

შემდეგი „ფორდ GT40“ ჰიბრიდული იქნება

Next Ford GT Comes With 600 hp Hybrid Powerplant

5 თებერვალი

„ფორდის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ალბათ ყველაზე ტემპერამენტიანი ავტომობილი, სუპერქარი GT-ა, რომელიც სულ ორჯერ ფიგურირებდა ცისფერი ოვალის საწარმოო პროგრამაში, თუმცა ავტოინდუსტრიის და ავტოსპორტის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა.

დღეს GT კვლავ მიძინებულია, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ცნობები იმის იმედს იძლევა, რომ ამ შესანიშნავ ავტომობილს, ბაზარი კვლავ იხილავს. ოღონდ, ამჯერად ის ეკოლოგიაზე მზრუნველის „სამოსში“ გამოწყობილი, ჰიბრიდის სახით მოგვევლინება.

უფრო მეტიც, მას ოთხივე ბორბალი წამყვანი ექნება. ამასთან, უკანა ბორბლებს ისევ შიდაწვის ძრავი დაატრიალებს, წინებს კი - ელექტროძრავები მოემსახურება. ამგვარად, ჰიბრიდული სისტემა დაახლოებით იმ კონფიგურაციისა იქნება, როგორიც „პორშეს“ კონცეპტუალურ „918 სპაიდერსა“ და „911 GT3 R ჰიბრიდს“ აქვს.

ისევ ვარაუდის დონეზე შეიძლება იმის თქმაც, რომ ახალი GT-ს მექანიკურ დამჭირხნიანი შიდაწვის 5.4-ლიტრიანი V8 იქნება, რომელიც 500 ცხენის ძალის ფარგლებში გამოიმუშავებს. მასთან უნისონში კი ელექტროძრავები (ან ელექტროძრავი) იმუშავებს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 100 ცხენის ძალა უნდა იყოს. ახალი ავტომობილი თავის წინამორბედზე დაახლოებით 200 კილოგრამით მსუბუქი - 1400 კილოგრამი იქნება. ამგვარად, სიმძლავრისა და წონის ფარდობა, ყოველ ტონაზე 430 ცხ.ძ-ს მიაღწევს. ჰიბრიდული GT-ს მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ს მიაღწევს, ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი ის თითქმის სამ წამში მოასწრებს.

თუ მეორე თაობის GT ძლიერ ჰგავდა პირველს, მოსალოდნელია, რომ ახალი მოდელი სრულიად განსხვავებული იქნება, თუმცა თავისი დინამიური გარეგნობით, ის წინამორბედებზე არაფრით ნაკლები არ უნდა იყოს. ის რადიატორის უფრო დიდ ჰაერის ამღებს, დაკუთხვილ ფარებს მიიღებს, კაპოტსა და უკანა ფრთებზე კი „სასუნთქ“ ნასვრეტებს დაუტოვებენ. საერთო ჯამში, ახალი „გრანტურიზმო“ წინამორბედების პროპორციებს შეინარჩუნებს.

სხვათა შორის, ახალი GT-სთვის, ცისფერ ოვალს სრულიად ახალი პლატფორმის შემუშავება მოუწევს, რომელსაც სხვა მოდელებზე ვერ გამოიყენებს. ამიტომ, ეს პროექტი ძალიან ძვირი დაჯდება. თუმცა, რამდენადაც ეს საიმიჯო ავტომობილია, განახლების და აღმავლობის გზაზე შემდგარ „ფორდს“ ის აუცილებლად დასჭირდება. მოგვიანებით, ამავე პლატფორმაზე დირბორნელები ელექტრომობილსაც გამოუშვებენ.

ცნობისათვის, მეორე თაობის GT-ს პრემიერა 2003 წელს შედგა. თავიდან „ფორდი“ ამ ავტომობილის შეზღუდული რაოდენობით წარმოებას გეგმავდა, მაგრამ მასზე მოთხოვნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ამერიკულმა კომპანიამაც, ორ წელიწადში 1302 ცალი GT დაამზადა. კიდევ ორი წლის შემდეგ, მყიდველთა რაოდენობამ 3.5 ათასს მიაღწია. თუმცა, 2007 წელს, მისი წარმოება შეწყდა, რისი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ „ფორდმა“ რესტრუქტურიზაცია და მასთან ერთად, ქარხნების პერსონალის შემცირება დაიწყო...

ნულოვანი განვადება ბანკი „რესპუბლიკასა“ და „ჰიუნდაისგან“

6 თებერვალი

„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ და ბანკმა „რესპუბლიკამ“, კორეული ავტომობილების პოტენციურ მყიდველს ახალი აქცია შესთავაზეს, რომლის მოქმედების პერიოდშიც, „ჰიუნდაის“ ავტომობილების პირდაპირ შოურუმიდან, მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით შეძენაა შესაძლებელი.

„მაქსიმალურად შეღავათიანი“, მყიდველისთვის არნახულად დაბალ პროცენტში, ავტომობილის განვადებით გამოყვანას გულისხმობს. ამასთან, არსებობს პირობები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, განვადების პროცენტული მაჩვენებელი ნულია.

აქციის პერიოდში, სესხის მაქსიმალური ვადა 5 წელს შეადგენს. ნულპროცენტიანი განვადებით კი მყიდველი იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის პირველი შესატანის სახით, ავტომობილის ღირებულების 30 პროცენტს გადაიხდის, დანარჩენი თანხის გადახდას კი შემდეგ 11 თვეზე გაწერს.

მყიდველის მიერ გადახდის ნებისმიერი სხვა კომბინაციის შემთხვევაში, როცა დარჩენილი თანხის გადახდის ვადა 1 წელზე მეტი არაა, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 4 პროცენტს აღწევს, თუ განვადების ვადა 2 წელია, საპროცენტო განაკვეთი 9-მდე იზრდება, ყველაზე გრძელვადიან, ხუთწლიან განვადებაზე კი საპროცენტო განაკვეთი 12-ს აღწევს.

სხვათა შორის, ბანკმა „რესპუბლიკამ“ შეისწავლა „ჰიუნდაის“ ავტომობილების მყიდველთა მიერ ადრე გაფორმებული განვადების პირობები და დაადგინა, რომ მყიდველთა დაახლოებით 40 პროცენტი, განვადების მაქსიმუმ ერთწლიან პერიოდს ირჩევს. ასე რომ, ამ კატეგორიის მყიდველებს, ახალი აქციის პირობებით, ნულოვანი განვადებით სარგებლობის საშუალება მიეცემათ.

აქციაში, „ჰიუნდაი ავტო საქართველოსა“ და ბანკი „რესპუბლიკას“ გარდა, ბანკის პარტნიორი სადაზღვევო კომპანია „იმედი ელიც“ ჩაერთო, რომელიც აქციით მოსარგებლე მყიდველს, სადაზღვევო პაკეტზე 20-პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობს. გარდა ამისა, „ჰიუნდაის“ მყიდველს, ფასდაკლების ბარათებს, აქციის მონაწილე სხვა კომპანიები - „ევროტექნიკსი“, „სმაილი“ და „მაგელანი“ შესთავაზებენ.

დაბოლოს, „ჰიუნდაის“ ავტომობილებზე შეღავათიანი განვადების აქცია 1 აპრილამდე გაგრძელდება. თუმცა, ბანკი „რესპუბლიკა“ გვპირდება, რომ წლის განმავლობაში, საზოგადოებას კიდევ არაერთ საინტერესო და ხელსაყრელ აქციას შესთავაზებს.