Wednesday, June 8, 2011

ამერიკის მთავრობა ელექტრომობილებს ყიდულობს
US to Buy Transit Connect Electric
8 ივნისი

ობამას ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, რომ აშშ-ის მტავრობის საავტომობილო ფარეხი, რაც შეიძლება, მეტი „მწვანე“ ავტომობილით შეავსოს. ამიტომ, „სერვისის გენერალური ადმინისტრაცია“, რომელსაც სამთავრობო ავტოპარკი აბარია, თუ სადმე ჰიბრიდულ და ელექტრულ ავტომობილებს წააწყდება, მაშინვე შეკვეთების გამოწერაზე ზრუნავს.
ახლახანს, აღნიშნულმა ადმინისტრაციამ, „ფორდს“ ელექტულ ფურგონ „ტრანზიტ კონექტის“ მსხვილი პარტია შეუკვეთა - ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ფორდის“ პარტნიორ კომპანია „აზურ დაინემიქსთან“, რომელიც ჩვეულებრივი „ტრანზიტ კონექტის“ ბაზაზე, ამ ფურგონის ელექტრულ ვერსიებს ამზადებს. ამ კონტრაქტის მიხედვით, „აზურ დაინემიქსი“ სამთავრობო ფარეხებს 112 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტრომობილებს მიაწვდის.
„ძალიან გახარებულები ვართ, რომ ადმინისტრაცია ჩვენი ავტომობილებით დაინტერესდა. მათ შესაბამისად შეაფასეს ეს ინოვაციური ელექტრომობილი და სწორედ ამის შედეგია ესოდენ მსხვილი კონტრაქტი. იმ დროს, როდესაც საწვავზე ფასები განუხრელად იზრდება და რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება, ფედერალური მთავრობა სწორ ნაბიჯს დგამს, როდესაც ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე ავტომობილების შეძენას ცდილობს. ეს ის ნაბიჯია, რომელიც მთავრობას დასახული მიზნის შესრულებაში დაეხმარება, რაც იმას გულისხმობს, რომ ამერიკის გზებზე 2015 წელს მილიონი ელექტრომობილი უნდა დადიოდეს“, - ამბობს „აზურ დაინემიქსის“ მტავარი აღმასრულებელი სკოტ ჰარისონი.
აშშ-ის მთავრობის კიდევ ერთი მწვან გადაწყვეტილება ისაა, რომ ამიერიდან, მისი საავტომობილო პარკი, მხოლოდ ჰიბრიდულ, ელექტრულ, ან სხვა ტიპის ალტერნატიულ წყაროზე მომუშავე ძალური დანადგარებით უნდა იყოს აღჭურვილი. „სერვისის გენერალურ ადმინისტრაციას“ ამ გადაწყვეტილების შესრულება უკვე დაწყებული აქვს და ამით პირველმა „ჯენერალ მოტორსმა“ იხეირა, რომლის ელექტრულ ჰიბრიდ „შევროლე ვოლტზეც“ მსხვილი კონტრაქტი გაფორმდა. გარდა ამისა, ამერიკის მთავრობამ პატარა ფინურ კომპანია „თინკს“ მინი ელექტრომობილები შეუკვეთა.
„კადილაკი“ გლობალური ბრენდი ხდება
GM Wants to Start Building Cadillacs Abroad by the End of 2012
8 ივნისი

„ჯენერალ მოტორსის“ მთავარმა აღმასრულებელმა დენ აკერსონმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ლუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებელი „კადილაკის“ გლობალურ ბრენდად გადაქცევას აპირებს და ამ გეგმის შესასრულებლად, მისი ავტომობილების ამერიკის საზღვრებს გარეთ წარმოებას დაიწყებს.
„კადილაკი“ უცხოეთში წარმოებას 2012 წლის ბოლომდე დაიწყებს. აკერსონის თქმით, უცხოეთში ავტომობილების წარმოების წყალობით, „კადილაკისთვის“ სავალუტო წყვილების კურსების ხშირი რყევა, ნაკლებად მტკივნეული იქნება. ამასთან, „გენერლები“ უკეთ შეძლებენ მაკომპლექტებლების მიწოდების ორგანიზებას.

დღეისათვის, გარდა ამერიკისა, „კადილაკს“ წარმოება ჩინეთშიც აქვს, სადაც მოდელ SLS-ს (ფოტოზე) უშვებს. ესაა ამერიკული STS-ის დაგრძელებული ვერსია, რომელიც სპეციალურად, ჩინური ბაზრისთვის შეიქმნა. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ის სხვაგანაც გაიტანონ.
აკერსონი ჯერჯერობით არ აზუსტებს, თუ რომელი ქვეყანა იქნება მეორე, სადაც „კადილაკი“ წარმოებას გაშლის. ამასთან, ამერიკული კომპანიის შეფი აზუსტებს, რომ „კადილაკის“ გლობალიზაციით, ეს მარკა უფრო ცნობადი გახდება და ის უფრო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს გერმანულ ბრენდებს - „მერსედეს ბენცსა“ და „ბეემვეს“.
„ჩვენ ცოტათი განსხვავებული ტიპის საბრენდო და პროდუქციის სტრატეგიას ვაყალიბებთ, რომლის მიხედვითაც, „კადილაკი“ გლობალური პრემიუმ, შევროლე კი გლობალური მასობრივი ბრენდი უნდა გახდეს“, - „ჯენერალ მოტორსის“ აქციონერებთან შეხვედრისას განაცხადა აკერსონმა.
მანვე დასძინა, რომ ახალი სტრატეგია „ტოიოტასას“ ჰგავს, რომელსაც ორი ძირითადი ბრენდ - მასობრივი „ტოიოტა“ და პრემიუმ სეგმენტის „ლექსუსი“ აქვს და ესეც საკმარისია იმისათვის, რომ გაყიდვების მოცულობით, მსოფლიო ლიდერი იყოს. ამ ორი ბრენდის გარდა, მსოფლიო ბაზარზე გენერლების წილის გასაზრდელად, კიდევ ორი კომპანია იმუშავებს. მათგან „ოპელი“ ევროპაში და „ბიუკი“ კი ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
იმისათვის, რომ გლობალურ კომპანიად ჩამოყალიბდეს, „კადილაკი“ ყველა წამყვან ბაზარზე უნდა დამკვიდრდეს და ცნობადი გახდეს. ეს კი, თუ იმავე „ლექსუსის“ დამკვიდრების ისტორიას გავიხსენებთ, საკმაოდ ძნელია და წლებს საჭიროებს...