Monday, June 6, 2011

„ტოიოტა“ ლეგენდარულ სპორტქარ „სელიკას“ დააბრუნებს
Toyota Celica is Coming Back
6 ივნისი

რამდენიმე წლის წინ, „ტოიოტამ“ თავის პოპულარულ სპორტულ მოდელ „სელიკას“ წარმოება შეწყვიტა. დღეს კი იაპონურ კომპანია „სუბარუსთან“ ერთად, ახალ სპორტულ ავტომობილს ქმნის, რომელსაც ჯერჯერობით, სახელად FT-86 ჰქვია, თუმცა „ტოიოტა“ უკვე აღარ უარყოფს იმას, რომ ეს ავტომობილი ბაზარზე „სელიკას“ სახელით გამოვა.
თუმცა, ამ სახელით ის მხოლოდ ევროპასა და იაპონიაში გაიყიდება, ამერიკაში კი იაპონური კომპანია, ამავე მოდელს თავის ბრენდ „სციონის“ მეშვეობით გაჰყიდის და სავარაუდოდ, მისთვის სხვა სახელს მოიგონებს. ან FT-86-ს დატოვებს. ამავე ავტომობილს თავისი მარკით „სუბარუც“ გამოუშვებს, რომლისთვისაც ეს სრულიად ახალი ავტომობილი იქნება, რომლის მსგავსს ადრე არ აწარმოებდა.

პარტნიორები სპორტული ავტომობილის თავ–თავიანთ ვერსიებს ერთსადაიმავე პლატფორმაზე ააგებენ. მართალია, ამ ავტომობილებზე ინტერნეტსა და პრესაში უკვე დიდი ხანია მიდის ლაპარაკი, მაგრამ ის ჯერ უცხოს არავის უნახავს. „ტოიოტამ“ რამდენჯერმე მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილის ფოტოები გაავრცელა, რომელსაც შუშებიც კი არ ჰქონდა. არადა, პრემიერა ახლოვდება - სიახლეს პირველები ტოკიოს ავტო შოუს დამთვალიერებლები, წლის ბოლოს იხილავენ.
ამ ფოტოების მიხედვით შეიძლება იმის თქმა, რომ ძველი „სელიკას“ სისადავისგან აღარაფერი რჩება. განსაკუთრებულ ყურადღებას განიერი საბორბლე თაღები, დიდი სპოილერები და რთული ფორმის მქონე უკანა დიფუზორი იქცევს.
ახალი ავტომობილის მზიდ ელემენტს მონოკოკური კაპსულა წარმოადგენს, როგორებსაც ჩვეულებრივ, ალუმინის, ან კარბონის კომპოზიტისგან ქმნიან ხოლმე, თუმცა „ტოიოტამ“ და „სუბარუმ“ რატომღაც არჩევანი ფოლადს მონოკოკზე შეაჩერეს. კონსტრუქცია მტკიცე და მსუბუქი გამოვიდა, დაახლოებით 200 კილოგრამით მსუბუქი, ვიდრე მისი კლასის ავტომობილებია.
ავტომობილი „სუბარუს“ წარმოების 2.0-ლიტრიანი ოპოზიტური ძრავით აღიჭურვება, რომლის ტექნიკურ მახასიათებლებსაც იაპონური კომპანიები ჯერჯერობით არ ამხელენ. ძრავის მაბრუნ მომენტს კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი გადაამუშავებს. ამასთან, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია 6-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფის დაყენება.
ტურბო ძრავის სავარაუდ სიმძლავრე 260 ცხენის ძალაა, მისი ამძრავი ძალა კი უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდება. არადა, ჩვეულებრივ „სელიკას“ წამყვანი წინა ბორბლები ჰქონდა, ის მონსტრი კი, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონი ოთხჯერ გახდა (ორჯერ კარლოს საინსთან, თითოჯერ კი იუჰა კანკუნენთან და დიდიე ორიოლთან ერთად), სრულამძრავიანი ტრანსმისიით იყო აღჭურვილი. სხვათა შორის, თუ რალისთვის მომზადებულ ვერსიებს არ ჩავთვლით, ძველი „სელიკას“ ძრავის სიმძლავრე მხოლოდ 190 ცხენის ძალას აღწევდა.
ახალი ავტომობილის გაყიდვები, მისი პრემიერიდან რამდენიმე კვირაში დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია მისი ფასი, თუმცა ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ხელმისაწვდომი „სელიკა“ წარსულს ჩაბარდა...