Friday, June 26, 2009

Vauxhall XVR Concept

ინგლისურმა კომპანია ”ვოქსჰოლმა” თავის დიზაინის ცენტრის სახელოვან შეფ დევიდ ჯონსის მორიგი კონცეპტუალური მოდელი - XVR, ჟენევის 1966 წლის ავტო შოუზე წარადგინა. ავტომობილს ეგრეთ წოდებული ”ტოლიას ფრთისებრი” კარები, კაპოტში ჩამალული ფარები და სრულიად დამოუკიდებელი საკიდარი ჰქონდა. ეს ავტომობილი ჩამოთვლილ სიახლეებზე საზოგადოების აზრის შესასწავლი პოლიგონი იყო, რის შემდეგაც, ზოგი მათგანი კუპე ”ფირენცაზე” გამოიყენეს.


BMW 600
1954 წელს ”ბეემვემ” ჯუჯა ”იზეტას” წარმოება დაიწყო, რომელმაც ბავარიულ კომპანიას კრიზისიდან თავის დაღწევის საშუალება მისცა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ იტალიელებისგან ნაყიდი ავტომობილი, მზარდი მოთხოვნილების მქონე გერმანელი მყიდველისთვის მეტისმეტად პატარა იყო. ამიტომ მიუნხენში მისი მოდერნიზება - დაგრძელება გადაწყვიტეს და ბაზარზე ოდნავ გრძელი ”იზეტა” – ”ბეემვე 600” გამოუშვეს. ავტომობილს წინამორბედზე ოდნავ გრძელი ბაზა და უკანა ნაწილში მოთავსებული ორცილინდრიანი ძრავი ქონდა და რაც მთავარია, ოთხი ადამიანის გადაყვანა შეეძლო. ამ ავტომობილმა ბაზარზე მხოლოდ ორი წელი გაძლო, თუმცა ბავარიული კომპანიის ისტორიაში დიდი როლი შეასრულა...

რბოლისას საწვავის შევსება აიკრძალება?

Formula 1

26 ივნისი

მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიაში გამართულ პესკონფერენციაზე, ფორმულა 1-ის გუნდების ასოციაციამ (FOTA) გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონატი ამჟამად მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით ჩატარდება, ინგლისური ჟურნალი ”ავტოსპორტი” სულ სხვას ამტკიცებს. კერძოდ, ჯურნალის ინტერნეტ ვერსიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია ირწმუნება, რომ მომავალი სეზონიდან, რბოლის დროს, ბოლიდების საწვავით გაწყობა აიკრძალება.

FOTA-ს ინკოგნიტო ინფორმატორი აცხადებს, რომ ამჟამად, მომავალი სეზონის რეგლამენტის რედაქტირებაზე მიმდინარეობს მუშაობა: ”რეგლამენტში რამდენიმე შესწორებას შეიტანენ და თუ მათ გუნდები ერთხმად მოიწონებენ, ისინი ძალაში შევა. ლაპარაკია საწვავის შევსებაზე და და კიდევ რამდენიმე პუნქტზე. რეგლამენტის დახვეწაზე მუშაობა კი შემდეგ ეტაპამდე უნდა დასრულდეს”.

გუნდები რბოლის დროს საწვავის შევსების აკრძალვას იმის გამო მოითხოვენ, რომ შესაბამისი ეკიპირების ტრანსპორტირება მეტისმეტად ძვირი უჯდებათ. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რბოლის დროს საწვავის შევსება პილოტებს მრავალფეროვანი ტაქტიკური ბრძოლის საშუალებას აძლევს, რაც რბოლის სანახაობრივ მხარეზე უარყოფითად აისახება. ეს კი ფორმულა 1-ის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.





”ბუგატი სტრატოსი” - ბრუნო დელუსუს საავტომობილო დიზაინის შედევრი

26 ივნისი

აბა, სცადეთ და ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს შეადარეთ. მსგავსება თუ იპოვნეთ? თქვენი არ ვიცი, მაგრამ ფრანგმა დიზაინერმა ბრუნო დელუსუმ განაცხადა, როცა კონცეპტუალურ ”ბუგატი სტრატოსს” (ზედა სურათებზე - carscoop-დან აღებული ფოტოები) ვქმნიდი, შთაგონების წყაროდ ”ბუგატი ტაიპ 57 ატლანტიკი” (საყოველთაო აღიარებით, ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი ავტომობილი) გამოვიყენეო.

უფრო მეტიც, დიზაინერი დასძენს, რომ თავისი რეტრო-ფუტურისტული კონცეპციის წინა ნაწილი კიდევ ერთი ლეგენდარული ავტომობილის - ”ალფა რომეო 6C 2500 მილე მილიას” (ქვემოდან მეორე სურათზე) სტილში შეასრულა. კიდევ უფრო საინტერესო კი ისაა, რომ წარსულის ამ ორი ავტომობილის ერთგვარი ნაზავი პირველად პატარა გერმანულმა კომპანია ”ვისმანმა”, თავისი ექსკლუზიური სუპერავტომობილის, ”ბეემვეს” ძრავიან როდსტერ MF4-ს (ქვემოდან მესამე სურათზე) სახით შემოგვთავაზა.

ფრანგი გრაფიკოსი დიზაინერი ამბობს, რომ ”სტრატოსი” მხოლოდ თავისი ფანტაზიის გამოსახატად შექმნა და მასში არანაირი ტექნიკური, ან ტექნოლოგიური ასპექტი არ გაუთვალისწინებია. მისი თქმით, ტექნოლოგიური მოთხოვნები თითქმის ყოველთვის ზღუდავენ დიზაინერებს და საბოლოო პროდუქტიც ისეთი ვერ გამოდის, როგორსაც ხელოვანი ისურვებდა. ამჯერად კი მან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იმუშავა და ალბათ არ დამძრახავთ, თუ ვიტყვი, რომ ნამდვილი შედევრი შექმნა. ამით კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საავტომობილო დიზაინში ფანტაზიის წყარო ამოუწურავია.

(მომზადებულია ბლოგ carscoop.blogspot.com-ის მიხედვით)

”რიკარდო” ჩინელებისთვის 8-საფეხურიან კოლოფს ამზადებს

26 ივნისი

ბრიტანულმა კომპანია ”რიკარდომ” გამოაცხადა, რომ თანამშრომლობას იწყებს ჩინურ ”ვეიფან შენრუი პოვერ მეშინერი ტექნოლოჯისთან”, რისი მიზანიც 8-საფეხურიანი გადაცემათა ავტომატური კოლოფის წარმოებაა. პარტნიორები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი კოლოფები ტექნოლოგიურად კონკურენციას გაუწევენ მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების ანალოგიურ სატრანსმისიო აგრეგატებს.

ცნობისათვის, ამ ეტაპზე, ერთადერთი კომპანია, რომელიც თავის ავტომობილებზე 8-საფეხურიან კოლოფებს იყენებს, ”ლექსუსია”. ამ კოლოფებით იაპონური კომპანიის მოდელები - LS, GS 460 და სპორტული სედანი IS-F-ია აღჭურვილი. რაც შეეხება ”ბეემვეს”, ”აუდის” და ”მერსედეს-ბენცს”, ისინი კომპანია ZF-ის წარმოების 8-საფეხურიანი კოლოფების (სურათზე) გამოყენებას მალე დაიწყებენ, ოდნავ მოგვიანებით კი მათ ”ჰიუნდაის” პრემიუმ ბრენდი ”ჯენეზისიც” შეუერთდება.

”რიკარდომ” და ”ვეიფან შენრუიმ” თანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გააფორმეს, თუმცა ჯერ გაურკვეველია, თუ რომელი ჩინური ავტომწარმოებლები მიიღებენ ერთობლივი პროექტით წარმოებულ კოლოფებს. როგორც მაკომპლექტებლების მწარმოებელს, ”ვეიფან შენრუის” ამ აგრეგატის ნებისმიერი ჩინური (და უცხოური) კომპანიისთვის მიწოდება შეუძლია, მაგრამ ამ ეტაპზე, მსგავსი სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს. ერთი რამ აშკარაა - რვასაფეხურიანი კოლოფი ის ლოკომოტივი შეიძლება გახდეს, რომელიც ჩინური ავტომობილების ავტორიტეტს აამაღლებს. საინტერესოა ისიც, რომ ახალი კოლოფი სრულამძრავიან ტრანსმისიებთან და ჰიბრიდულ სისტემებთან სრულიად თავსებადი იქნება.

ცნობისათვის, ”რიკარდო” სპორტული ავტომობილებისთვის განკუთვნილი სატრანსმისიო სისტემების წარმოებითაა ცნობილი. კომპანია ხშირად დიდ ავტომწარმოებლებთან, ახალი სატრანსმისიო სისტემების შექმნის პროცესშიც მონაწილეობს. ასევე, მისი ინჟინრების მიერაა დამზადებული ისეთი პოპულარული ავტომობილის კოლოფი (7-საფეხურიანი, ორდისკოიანი გადაბმულობის ქუროთი), როგორიც ”ბუგატი ვეირონია”.

”ტოიოტა პრიუსის” გაყიდვები იზრდება

Toyota Prius

26 ივნისი

როცა ”ტოიოტა” ახალი, მესამე თაობის ჰიბრიდული ”პრიუსის” გაყიდვას იწყებდა, მისი მიზანი პირველ წელს 10 000 ცალი ავტომობილის რეალიზება იყო. მაშინ ვინ წარმოიდგენდა, თუ გაყიდვების დაწყებიდან ნახევარ წელიწადში, კომპანია ამ ავტომობილზე 180 000-ზე მეტ შეკვეთას მიიღებდა. ამ შეკვეთების დიდი უმეტესობა კი იაპონელ (და არა ამერიკელ) მყიდველზე მოდის, რასაც ”ტოიოტას” მარკეტოლოგები ვერაფრით წარმოიდგენდნენ.

ასეა თუ ისე, ”ტოიოტა პრიუსი” იაპონიაში, ყველა ტიპის ავტომობილებს შორის, გაყიდვების მხრივ პირველ ადგილს ინარჩუნებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კარგა ხანს, ბესტსელერის საპატიო წოდებას არავის დაუთმობს. თვით ჰიბრიდული ”ჰონდა ინსაითიც” კი, რომელმაც ამ წლის დასაწყისში, ბევრისთვის მოულოდნელად, ”პრიუსს” აჯობა (გაყიდვების რაოდენობით), ახლა ამ ავტომობილის ჩრდილში იმყოფება. არადა, ”ინსაითი” 19 700 დოლარი ღირს, ”პრიუსი” კი - 20 900. თუმცა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, უკეთესი ეკონომიურობა მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული ავტომობილების მყიდველებს იაპონიის მთავრობა გადასახადებისგან მთლიანად ათავისუფლებს, რამაც ქვეყანაში ჰიბრიდულ ავტომობილებზე ნამდვილი ბუმი გამოიწვია. პარალელურად, იაპონიაში, ისევე როგორც აშშ-ში, მოქმედებს ძველი მანქანების თავიდან მოშორების მოქნილი სისტემა, რომელიც, ახალი მანქანის მყიდველს, რომელიც იმავდროულად, სადილერო პუნქტს 13 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილს ჩააბარებს, ამ აქციის ხაზით 2 500 დოლარის შეღავათს მიიღებს. თუ ახალ ავტომობილს არ ყიდულობს და ისე აბარებს ძველს, მაშინ სახელმწიფო მხოლოდ 1 000 დოლარს უხდის.

საინტერესოა ისიც, რომ ახლის პარალელურად, ”ტოიოტა” ძველი ”პრიუსის” წარმოებასაც აგრძელებს, რომელზეც ასევე მზარდი მოთხოვნაა დაფიქსირებული. უფრო მეტიც, ამერიკაში გაცილებით მეტი ძველი ”პრიუსი” იყიდება, ვიდრე ახალი. მაგალითად, წინა თვეში იქ მხოლოდ 700 ახალი ”პრიუსი” გაიყიდა, როცა ძველს 10 091 მყიდველი გამოუჩნდა. ამის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ ამერიკულ ბაზარს ახალი ავტომობილი ჯერაც შეზღუდული რაოდენობით მიეწოდება (იმიტომ, რომ კომპანია იაპონიაში მოთხოვნას ვერ აუდის).

მთლიანობაში კი იაპონიის ბაზარზე გაყიდვები კვლავ კლებულობს - ხუთი თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამომავალი მზის ქვეყანაში ახალი ავტომობილების რეალიზაცია 24 პროცენტითაა შემცირებული.