Sunday, November 15, 2009

დაიმლერის მავთულბორბლიანი მანქანა
1889 Daimler Wire-Wheel Car
15 ნოემბერისაჭესთან ვილჰელმ მაიბახი
...........................................................
1889 წელი, მთელი მსოფლიოს ყურადღება პარიზისკენაა მიპყრობილი, სადაც მსოფლიო გამოფენა ეწყობა. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ექსპოზიცია, ამ სიტყვის ნებისმიერი მნიშვნელობით, იყო გუსტავ აიფელის პროექტის მიხედვით შექმნილი ფოლადის კოშკი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი და დამთვალიერებლისთვის საინტერესო ის იყო, რომ ბევრი პავილიონი ელექტრული ნათურებით იყო გაკაშკაშებული.
გოტლიბ დაიმლერი ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, რომელიც ინოვაციებს არასდროს უფრთხოდა და რა თქმა უნდა, ელექტროგანათება თავისი სტენდისთვის მანაც გამოიყენა. სტენდის გარშემო მან 30 ნათურა განათავსა, რომლებსაც ელექტროენერგიით მის მიერვე დამზადებული ”გამნათებელი მანქანა” უზრუნველყოფდა. ეს იყო მობილური მინი სადგური, რომელზეც დაიმლერისვე კონსტრუქციის შიდაწვის ძრავი და მასთან დაკავშირებული ელექტროგენერატორი იდგა. ”გამნათებელი მანქანის” მიერ გამომუშავებული ენერგიით კი განათებული იყო სტენდი, რომელზეც დაიმლერის მიერვე შექმნილი ოთხბორბლიანი თვითმავალი ეტლი - ეგრეთ წოდებული ”მავთულბორბლიანი მანქანა” იდგა.
რა თქმა უნდა, მანქანამ ბევრი დამთვალიერებლის ყურადღება მიიქცია, მაგრამ ის სენსაციად არავის აღუქვამს. მითუმეტეს, რომ სამი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც დაიმლერმა, ინჟინერ ვილჰელმ მაიბახთან ერთად, მსოფლიოში პირველმა დაამზადა ოთხბორბლიანი ავტომობილი, რომელიც შიდაწვის ძრავით და მართვის მოწყობილობით იყო აღჭურვილი. სხვათა შორის, 1886 წელსვე, კარლ ბენცმა მოტორიანი ეტლის პატენტი აიღო და დღემდე მიმდინარეობს ბჭობა იმის შესახებ, თუ რომელი უნდა ჩაითვალოს პირველ ავტომობილად. ბენცის ავტომობილიც პარიზში იყო გამოფენილი.
მსოფლიოში პირველი V-ძრავი
...........................................................
მაგრამ დაიმლერის მანქანა ბევრი ინოვაციით გამოირჩეოდა. ის აღჭურვილი იყო V-კონფიგურაციის მქონე ორცილინდრიანი ბენზინის ძრავით, რომელთანაც საფეხურებიანი მექანიკური ტრანსმისია იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, დაიმლერმა იმავე აგრეგატით ორი ნავიც აღჭურვა და დაამტკიცა, რომ ასეთი ნავებით სამდინარო ნაოსნობა სრულიად შესაძლებელი იყო.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დაიმლერის და მაიბახის მიერ შექმნილი ძრავი. დაიმლერის პირველ ავტომობილზე ერთცილინდრიანი ძრავი იდგა (მა ბაბუის საათი შეარქვეს), რომელიც მუხლა ლილვის 650 ბრ/წთ-ზე, 1.1 ცხენის ძალას (0.8 კილოვატს) გამოიმუშავებდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტა იყო და თანაც, ძრავი მეტისმეტად მძიმეც გამოვიდა.
საქმეში მაიბახი ჩაერია, რომელმაც ძრავს კიდევ ერთი ცილინდრი დაუმატა. ორივე ცილინდრი ერთმანეთის მიმართ 17 გრადუსით დაშორდა და ასე შეიქმნა მსოფლიოში პირველი V-ძრავი. ახალ ძრავზე ცილინდრების თავი წყლით გრილდებოდა. ძრავის მუშა მოცულობა სულ რაღაც 565 კუბური სანტიმეტრი იყო და ის, მუხლა ლილვის 700 ბრ/წთ-ზე 1.5 ცხენის ძალას (1.1 კვტ-ს) გამოიმუშავებდა. რაც მთავარია, მისი წონა ყოველ ცხენის ძალაზე 40 კილოგრამი იყო, თითქმის იმის ნახევარი, რაც ერთცილინდრიანი ძრავისა.
პატენტში, რომელიც დაიმლერმა და მაიბახმა თავიანთ ძრავში 1888 წელს მიიღეს, ასევე მითითებული იყო ცილინდრების პარალელური და ოპოზიტური განლაგება. ამავე პატენტით, ცილინდრების ზედა ნაწილში, გამოსაბოლქვი სისტემის სარქველების განლაგების გამოგონებაც ამ ორ ინჟინერს ეკუთვნოდა.
ავტომობილის კონსტრუქცია მაიბახის ნახელავია. ავტომობილს ”მავთულბორბლიანი” მისი ბორბლების კონსტრუქციის თავისებურების გამო შეარქვეს. ეს სურათზეც კარგად ჩანს. ბორბალი ველოსიპედების ანალოგიური ნაწილის მსგავსი შედგენილობისა იყო. უფრო მეტიც, ავტომობილის შასიც იმდროინდელი ველოსიპედის აგებულების პრინციპების გამოყენებით შეიქმნა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მაიბახმა მის სახელად, ”კვადრიციკლი” შეარჩია. ავტომობილისთვის მზიდი ჩარჩო და ბორბლები ფირმა ”შტრიკმაშინენ-ფაბრიკმა” დაამზადა, რომელიც იმ დროს ველოსიპედების მწარმოებელი იყო, მოგვიანებით კი ავტომობილების მწარმოებელ კომპანია NSU-დ (აუდის ერთ-ერთი წინაპარია) გადაკეთდა.
შემდგომში მაიბახმა ძრავი ავტომობილის უკანა ნაწილში გადაიტანა. უკანა ღერძის მარჯვენა მხარეს მან დიფერენციალი დააყენა, მარცხნივ კი მუხრუჭი განალაგა, რომელიც მძღოლის მიერ ხელით იმართებოდა.
დაიმლერისა და მაიბახის ავტომობილზე პრობლემური მისი მართვა იყო. მაშინ ჯერაც არ იცოდნენ, როგორი გეომეტრია იყო ამისათვის ყველაზე მოსახერხეველი. მაშინ საჭის მოვალეობას ბერკეტი ასრულებდა, რომელიც ორივე მართვად (ველოსიპედის მსგავსი კონსტრუქციის) ბორბალთან ინდივიდუალურად იყო დაკავშირებული. ბორბლების მობრუნების სინქრონიზებას კი სპეციალური, ლითონის ღეროები ასრულებდა. თითქოს, ბენცმა გამოსავალს მიაგნო და 1893 წელს თავის ”სამბორბლიან ველოსიპედზე”, საჭე ერთადერთ მართვად - უკანა ბორბალს დაუკავშირა. თუმცა, ასეთი გადაწყვეტა ოთხბორბლიან მანქანაზე მაინც ვერ გამოდგებოდა.
ამ კონსტრუქციის განვითარებაც მალე გამოიგონეს. ბორბლებს ღერძზე ისე ამაგრებდნენ, რომ მათ საკუთარი ვერტიკალური ღერძის გარშემო, გარკვეულ რადიუსზე მობრუნება შესძლებოდათ. საჭის მექანიზმი ერთ-ერთ მათგანთან იყო დაკავშირებული, მეორეს კი ბორბლებს შორის არსებული ღერო ატრიალებდა.
მავთულბორბლიან ავტომობილზევე, მაიბახმა პირველად გამოიყენა საკუთარი კონსტრუქციის ოთხსაფეხურიანი ტრანსმისია. ეს ტრანსმისია იმით იყო საუნტერესო, რომ მასში კბილანების ერთი წყვილი მუდმივ მოდებაში იყო, დანარჩენი ოთხი კი სხვადასხვა დროს, მღძოლის მიერ ირთვებოდა. პირველი საფეხურით, მანქანას 5 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეეძლო, ,ეოთხეთი - სიჩქარე მაქსიმუმს - 16 კმ/სთ-ს აღწევდა. ეს კონსტრუქცია მალე გავრცელდა საავტომობილო ინდუსტრიაში, თუმცა მას ნაკლიც ჰქონდა - იმდროინდელი ტექნოლოგიები არ იძლეოდა გამძლე კბილანების წარმოების საშუალებას და ამიტომ, კოლოფი ხშირად საჭიროებდა შეკეთებას და კბილანების გამოცვლას.
იმ დროისთვის გამოყენებული მოწინავე გადაწყვეტების მიუხედავად, დაიმლერისა და მაიბახის ნამუშევარს დამთვალიერებელთა და სპეციალისტთა დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. სამაგიეროდ, დაიმლერმა სწორედ მაშინ დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა თავისი ფრანგი ბიზნეს კოლეგის, ედუარდ სარაზენის ქვრივ ლუიზ სარაზენთან. სარაზენმა შეიძინა დაიმლერის ძრავების გამოყენების უფლება. თანაც ისე, რომ ეს ძრავები ”დაიმლერის” სახელს შეინარჩუნებდნენ. ეს გარიგება კი ფრანგული ავტოინდუსტრიის კატალიზატორად იქცა. საფრანგეთში ”დაიმლერის მოტორ სისტემით” გაცილებით მეტი კომპანია სარგებლობდა, ვიდრე გერმანიაში. იგივე ტექნოლოგია ფრანგებმა მალე მოტორიანი ნავების, ტრამვაის, ტროლეიბუსისა და ელექტროგენერეტორების წარმოებაში დანერგეს.
1890 წელს, ლუიზ სარაზენი ავტომწარმოებელ ემილ ლევასორზე გათხოვდა, რომლის კომპანია ”პანარ ენდ ლევასორი”, ძრავებს სხვა კომპანიებისთვის აწარმოებდა. მათი პროდუქციის უდიდესი მომხმარებელი მალე საოჯახო კომპანია ”პეჟო” გახდა, რომელმაც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ”მავთულბორბლიანი მანქანა” შეიძინა და მის მიხედვით, საკუთარი ავტომობილების წარმოებას მიჰყო ხელი. 1906 წლამდე კი, ”პეჟოს” ავტომობილებზე ”დაიმლერის” ლიცენზიით დამზადებული ”პანარ ენდ ლევასორის” ძრავები იდგა. სხვათა შორის, საუკუნეების გასაყარზე, ”პეჟო” საფრანგეთის უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა...
ასე რომ, ”მავთულბორბლიანი მანქანა” საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა გახდა, რომელმაც ავტომრეწველობის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია.