Sunday, April 10, 2011

„ჰიუნდაი“ ამერიკაში გაყიდვების რეკორდებს აუმჯობესებს

Kia, Hyundai set monthly, quarterly sales records

10 აპრილი

სამხრეთკორეულ სავტომობილო გიგანტ „ჰიუნდაის“ და მასში შემავალი კიდევ ერთი კორეული საავტომობილო მარკის, „კიას“ ამერიკული გაყიდვები მარტში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. იმდენად, რომ გაყიდვების ყოველთვიური და კვარტალური რეკორდები მოხსნა.

საკუთრივ „ჰიუნდაის“ მარტის გაყიდვები, შარშანდელი ანალოგიური პერიოდის გაყიდვებთან შედარებით, 32 პროცენტითაა გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, ერთ თვეში, მარტო ამერიკის ბაზარზე, კორეულმა კომპანიამ 61 873 ავტომობილი გაჰყიდა. სულ კი პირველ კვარტალში, 142 620 ავტომობილი აქვს გაყიდული, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 28 პროცენტით მეტია.

„ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს გაყიდვების შეფმა დეივ ცუხოვსკიმ განაცხადა, რომ მისი კომპანიის ავტომობილებზე მოთხოვნა ამერიკაში იმდენად დიდი იყო, რამდენიც 2009 წლის აგვისტოში, როდესაც გაყიდვების მოცულობა, ძველი ავტომობილების ჩაბარების სანაცვლოდ, ახალი ავტომობილის შეღავათიან ფასად შეძენის შეთავაზების გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ცუხოვსკის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ჰიუნდაის“ ავტომობილებს შორის, ამერიკაში ყველაზე მეტი პოპულარობით, ახალი კომპაქტური სედანი „ელანტრა“ და საშუალო ზომის სედანი „სონატა“ (ფოტოზე) გამოირჩევა. ამ ორ მოდელზე, კორეული კომპანიის ამერიკული გაყიდვების დაახლოებით 68 პროცენტი მოდის.

უფრო კონკრეტულად კი, მარტის განმავლობაში, სულ „ჰიუნდაიმ“ 22 894 ცალი „სონატა“ გაჰყიდა. შედარებისთვის, შარშანდელი მარტის გაყიდვებმა 18 935 ცალი ავტომობილი შეადგინა. რაც შეეხება „ელანტრას“, მისი გაყიდვები ორჯერ და მეტად გაიზარდა. თუ შარშან ამ სახელით მხოლოდ 8 225 ცალი ავტომობილი გაიყიდა, წელს ეს რიცხვი 19 255-მდე არის გაზრდილი.

უფრო სოლიდური ზრდაა დაფიქსირებული „ჰიუნდაის“ ჯგუფში შემავალი „კიას“ გაყიდვებში. კერძოდ, ამ ბრენდით მარტში ამერიკაში სულ 44 179 ავტომობილია გაყიდული, რაც შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელზე 45 პროცენტით მეტია. პირველი კვარტლის განმავლობაში, სულ 104 774 ცალი „კიაა“ გაყიდული, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია. „კიასთვის“ ეს გაყიდვების კვარტალური რეკორდის გაუმჯობესებაა. ცნობისათვის, წინა რეკორდი შარშან დამყარდა და 97 955 გაყიდული ავტომობილი შეადგინა. ამასთან, ამ კომპანიამ ამერიკაში კვარტალში 100 000 ავტომობილზე მეტი პირველად გაჰყიდა.

„კიას“ ავტომობილებს შორის, ამერიკის ბაზარზე ყველაზე მეტი პოპულარობით, ქროსოვერი „სორენტო“ სარგებლობს, რომელიც მარტში 11 071 ცალი გაიყიდა (შარშანდელი გაყიდვები 9 156 ცალი იყო). ამ ბრენდის მეორე ყველაზე პოპულარული მოდელი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „სოულია“, რომელიც მარტში 10 028 ცალი გაიყიდა, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე შარშანდელ მარტში (5 106 ცალი).