Monday, May 24, 2010

ახალი დეტალები ”ფერარი ენცოს” შესახებ

Next Ferrari Enzo: new details

24 მაისი

ძველი ”ფერარი ენცო”

..........................................

ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქართან” საუბრისას, ”ფერარის” გენერალურმა დირექტორმა ამედეო ფელისამ განაცხადა, რომ მისი კომპანია არ აპირებს ნახშირბადოვანი ბოჭკოს კომპოზიტების ფართოდ გამოყენებას მანამ, სანამ არ დაადგენს, ხანგრძლივი ექსპლუატაციისას ეს მასალა რამდენად გამძლეა.

”ჩვენ ამ მასალას ვიყენებთ და გამოვიყენებთ ისეთ ავტომობილებში, რომლებსაც ძალიან შეზღუდული რაოდენობით ვაწარმოებთ და რომლებიც ყოველდღიური გამოყენებისთვის არაა განკუთვნილი, ისეთებზე, როგორიც ახალი ”ენცო” იქნება”, - ჟურნალთან საუბრისას განაცხადა ფელისამ.

”ფერარი” კარბონის კომპოზიტებს დიდი ხანია იყენებს ისეთ მოდელებზე, როგორებიცაა F50 და ”ენცო”. თუმცა ფელისა ირწმუნება, რომ ეს მასალა ჯერ არაა ემდენად შესწავლილი, რომ ის სხვა, უფრო მრავალტირაჟიან მოდელებზეც ფართოდ გამოიყენონ.

”ფერარისგან” განსხვავებით, უფრო თამამად იქცევა ”მაკლარენი”, რომელმაც თავისი პირველი სერიული ავტომობილის, MP4-12C-ის მზიდი ელემენტი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დაამზადა. მალე კარბონს თავისი სუპერ ავტომობილების წარმოებაში ფართოდ დანერგავს ”მერსედეს-ბენცი”, ”ბეემვე” კი თავის კონცეპცია ”ეფიციენტდაინემიქსის” ერთ-ერთ მთავარ ელემენტად კარბონის ფართოდ გამოყენებას მიიჩნევს.

”ერთის თქმა შემიძლია - დღეს არავინ იცის, ავარიის დროს რა მოსდის მზიდ სტრუქტურას, რომელიც კარბონისგან არის დამზადებული. ვინ იცის, რა მდგომარეობაში ჩავარდება 20-30 წლის შემდეგ მანქანა, რომლის სტრუქტურაც კარბონისაა? ამ ეტაპზე, მხოლოდ თვითმფრინავების წარმოებაში აქვთ ამაზე წარმოდგენა, მაგრამ იქაც, ამ მასალის გამოყენება ძალიან შეზღუდულია. ჩვენი მანქანები კი რემონტს ადვილად ექვემდებარება, თუ ძლიერ არ დაზიანდება. ჩვენ კი არ გვინდა, რომ მათ ეს თვისება დაეკარგოთ”, - ამბობს ფელისა.

მანვე განაცხადა, რომ ახალი ”ფერარი ენცოს” წარმოება 2012 წელს დაიწყება. ავტომობილი კი ორტურბოკომპრესორიანი V8 ძრავით აღიჭურვება. კარგა ხანს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ახალი ”ენცოსთვის” მარანელოელები წყვილტურბოიან V6 აგრეგატს ამზადებდნენ. თუმცა ფელისამ ექვსცილინდრიანი ძრავი მისი კომპანიის საწარმოო პროგრამაში კატეგორიულად გამორიცხა.

”ექვსცილინდრიანი ძრავი ჩვენს გეგმებში არ შედის და არც შევა მანამ, სანამ მას მომხმარებელი მოგვთხოვს. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ძრავის და მანქანის შესაძლებლობანი მისი ცილინდრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომაა, რომ შემუშავების პროცესში გვაქვს ჰიბრიდული ტექნოლოგია, რომელსაც V8 და V10 ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებზე გამოვიყენებთ. უფრო მეტიც, ჩვენ ჰიბრიდული ტექნოლოგიებით, V12 ძრავების შენარჩუნებაც შეგვიძლია”, - ამბობს ფელისა.

ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი ახალი ”ენცოს” ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. სავარაუდოდ, იტალიური კომპანია სულ 500 ცალ სუპერ ავტომობილს (ისევე როგორც პირველი ”ენცოს” შემთხვევაში) გამოუშვებს, რომელთა ფასიც, 500 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

”პინინფარინას” საიუბილეო ქმნილება - ელექტრომობილი ”ნიდო”

Pininfarina Shows All-Electric Nido Mini

24 მაისი

ძარების წარმოებასა და საავტომობილო დიზაინზე სპეციალიზებულმა კომპანია ”პინინფარინამ”, სუბკომპაქტურ ელექტრომობილ ”ნიდოს” პრეზენტაცია ჩაატარა. ეს ავტომობილი ”პინინფარინას” დაარსებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადდა. მაგრამ მისი კონცეპტუალური ვერსიისგან განსხვავებით, რომელიც ”პინინფარინამ” 2004 წელს, პარიზის ავტო შოუზე გვიჩვენა, ახალი ”ნიდო” სერიული წარმოებისთვის მომზადებული ავტომობილია.
”ნიდოს” გაბარიტებია: სიგრძე 2.905 მეტრი, სიგანე 1.683 მეტრი, სიმაღლე 1.507 მეტრი და ბორბლების ბაზა 2.068 მეტრია. ამგვარად, ის ”სმარტზე” 0.215 მეტრით გრძელი, 0.123 მეტრით განიერი და 0.037 მეტრით დაბალია. საჩვენებელი ელექტრომობილი ფოლადის მილებისგან შეკრულ კარკასზეა აგებული, თუმცა კომპანიის განცხადებით, წარმოებისას ასეთ კარკასს ალუმინისა შეცვლის. სერიული ”ნიდოს” წონა 900 კილოგრამია.

”ნიდო” აღჭურვილია 40-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომელიც ავტომობილის უკანა ნაწილშია მოთავსებული. ძრავი ენერგიას ნიკელ-ქლორიდული აკუმულატორების (სერია ზებრა Z5) ბლოკისგან ღებულობს. მათი დახმარებით, ”ნიდოს” შეუჩერებლად 140 კილომეტრის გავლა შეუძლია.

”პინინფარინას” მონაცემებით, ”ნიდოს” პროტოტიპს ადგილიდან 60 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.7 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 120 კმ/სთ-ია. აკუმულატორების სრულად დასამუხტად, დაახლოებით 8 საათია საჭირო. ავტომობილს ენერგიის დაზოგვაში, ”პირელის” მიერ სპეციალურად შემუშავებული საბურავები დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ლითიუმ-იონურ აკუმულატორებთან შედარებით, ნიკელ-ქლორიდული აკუმულატორები მეტი ტევადობით და ექსპლუატაციის მეტი პერიოდით გამოირჩევიან. მათში გამოყენებული შენაერთების დიდი ნაწილი გარემოსადმი უვნებელია. ამასთან, აკუმულატორები გადამუშავებას სრულად ექვემდებარება. ასეთი აკუმულატორების მთავარი ნაკლი მათი სიძვირეა, რის გამოც, მათით აღჭურვილი ავტომობილის ექსპლუატაციის ხარჯები, შიდაწვისძრავიანისა შესაბამის მაჩვენებელს უტოლდება.

”პინინფარინას” ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ”ნიდოს” მოდულური სტრუქტურა მის უნივერსალურობას განაპირობებს. ეს ნიშნავს, რომ მის ბაზაზე როგორც ჰიბრიდული, ასევე შიდაწვისძრავიანი ავტომობილის წარმოება (ნიდოს პირველი კონცეპტი შიდაწვისძრავიანი იყო) შეიძლება. გარდა ამისა, პერსპექტივაში, დიდი იქნება ძარების არჩევანი. ორადგილიანი ჰეჩბეკის გარდა, ”ნიდოს” ბაზაზე შეიძლება ოდნავ დიდი ჰეჩბეკის (ჩასაჯდომი ფორმულით 2+2), პიკაპის, მიკროვენისა და ფურგონის დამზადება.

ადრე გამოქვეყნებული განცხადების შესაბამისად, ელექტრომობილების წარმოების საქმეში, ”პინინფარინას” პარტნიორობას ფრანგული კომპანია ”ბოლორე” გაუწევს, რომელიც აკუმულატორების წარმოებაზეა სპეციალიზებული. ”ნიდოს” წარმოების დაწყების შემდეგ, ”პინინფარინა” მასზე დიდი ზომის, ოთხადგილიანი ელექტრომობილის გამოშვებასაც აპირებს, რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები ექნება.

მარკიონე კარლოს გონის წარმატების გამეორებას ცდილობს

(გაგრძელება, დასაწყისი 6 მაისი)

Marchionne faces tough challenge to match Ghosn's success

24 მაისი

სერჯო მარკიონე
..........................................

კარლოს გონმა რომ ”ნისანი” ჩაიბარა (1999 წელს), იაპონური კომპანია აღმავლობის გზაზე იყო, რასაც ვერ ვიტყვით იმ ”კრაისლერზე”, რომელიც ”ფიატს” და მასთან ერთად, სერჯო მარკიონეს ჩააბარეს. კრიზისმა საერთოდ მოსპო ამერიკული კომპანია. ხარჯების შეკვეცის საბაბით, ”კრაისლერის” ძველმა პატრონმა, საინვესტიციო ჯგუფმა ”ცერბერუსმა”, ახალი ავტომობილების შემუშავებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიც კი შეკვეცა.

როცა მარკიონემ ამერიკული კომპანია ჩაიბარა (ერთი წლის წინ), ”კრაისლერის” ინჟინრები მცირე რაოდენობით მოდელების შემუშავებით იყვნენ განახლებული. ამასთან, სამოდელო გამაში საერთოდ ვერ ნახავდით მცირეგაბარიტიანსა და საწვავის ეკონომიური ხარჯის მქონე ავტომობილებს. ახლა კი, მალე ”კრაისლერის” დილერთა შოურუმებში, ”ფიატ 500”გამოჩნდება. თანდათან კი ამერიკული საავტომობილო ჯგუფის ორი ბრენდის (კრაისლერის და დოჯის) სამოდელო გამაში, ”ფიატის” ჯგუფში შემავალი კომპანიების (ფიატი, ალფა რომეო და ლანჩა) მცირეგაბარიტიანი ავტომობილების ბაზაზე შექმნილ ავტომობილებსაც ვიხილავთ.

მართალია, სათავეში გონის მისვლისას, ”ნისანმა” ზედიზედ მეოთხე წელი დაასრულა ზარალით, მაგრამ მის საწარმოო პროგრამაში რამდენიმე ახალი მოდელი გამოჩნდა. ამასთან, ”რენომ”, რომელმაც იაპონური კომპანიის 36.8 პროცენტი დაისაკუთრა, ”ნისანის” მოსასულიერებლად, 5.4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გაიმეტა. მოკლედ, გონს წარმატების საფუძველი რეალურად შემზადებული დახვდა.

კარლოს გონი

.......

.......

.......

.......

.......

.......

გონის გამოწვევები

მაგრამ რა თქმა უნდა, პრობლემები გონსაც დახვდა. უპირველეს ყოვლისა, ეს კულტურული განსხვავება იყო. ის დასავლეთის ტიპის პირველი მენეჯერი გახდა, რომელიც სათავეში იაპონურ კომპანიას ჩაუდგა. იმისათვის, რომ ნაწილობრივ იაპონელად ეგრძნო თავი, გონმა სალაპარაკო იაპონურის შესწავლა დაიწყო, ”ნისანის” კაფეტერიაში იაპონურ საკვებს მიირთმევდა და იმავე ესკალატორით სარგებლობდა, რითაც ”ნისანის” რიგითი თანამშრომლები.

იაპონურის სწავლით, გონმა ”ნისანის” აღმასრულებლებს და რიგით თანამშრომლებს შორის სიმპათია და ნდობა დაიმსახურა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა იაპონური კომპანიის რესტრუქტურიზაციის პროცესში ჰქონდა. ”ხარჯების გამანადგურებელმა”, როგორც მას ფრანგულ პრესაში შეარქვეს, რესტრუქტურიზაციის დროს ხუთი საწარმო დახურა და 21 000 თანამშრომელი დაითხოვა, რაც ”ნისანის” მუშათა შტატის დაახლოებით 14 პროცენტს შეადგენდა. ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს კი ავტორიტეტული ხელმძღვანელი სჭირდებოდა.

ანალიტიკოსთა შეფასებები

დღეისათვის, ორი კომპანიის (რენოს და ფიატის) შეფასებისას, სააგენტო ბლუმბერგი შემდეგ მონაცემებს აქვეყნებს: 34 ანალიტიკოსიდან, 12 ”რენოს” აქციების შეძენას გვირჩევს, 9-ს აზრით, კარგი იქნება ამ კომპანიის აქციების შენარჩუნება, 5 კი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება მათი გაყიდვა. დანარჩენები პროგნოზისგან თავს იკავებენ. ”ფიატის” შემთხვევაში, მისი ქციების ყიდვას 12 ანალიტიკოსი გვირჩევს, ამდენივეს აზრით, კარგი იქნება აქციების შენარჩუნება და მხოლოდ 10-ს მიაჩნია, რომ აუცილებელია ტურინული კონცერნის აქციების თავიდან მოშორება. აშკარაა, რომ ”ფიატთან” დაკავშირებით, ანალიტიკოსებს ამ ეტაპზე, უფრო ჩამოყალიბებული აზრი აქვთ.

”მორგან სტენლის” ყველაზე ავტორიტეტული ევროპელი ანალიტიკოსი საავტომობილო ინდუსტრიის დარგში, ედამ ჯონასი, ვინც იმავდროულად, ბლუმბერგის საუკეთესო ანალიტიკოსიცაა, ამბობს, რომ ”ფიატი” ამჟამად ზედმეტადაა შეფასებული. თუმცა დასძენს, რომ შესაძლოა, იტალიური კონცერნის ფასეულობას ”კრაისლერმა” დამატებითი წონა შესძინოს.

სამაგიეროდ, სხვა ავტორიტეტული სპეციალისტები ”ფიატის” აქციების გაყიდვის რეკომენდაციას იძლევიან. მათი აზრით, იტალიურ ავტო მწარმოებელს, გლობალურ ბაზარზე, მათ შორის ჩინეთში გავრცელების ნალები შანსი აქვს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც საპირისპიროში არიან დარწმუნებულნი.

მარკიონე - გარდაქმნების სპეციალისტი

მარკიონე იტალიის ქალაქ კიეტიში დაიბადა, 14 წლისა კი კანადაში გადასახლდა. ამჟამად ის კანადს და იტალიის მოქალაქეა. განათლებით ბუღალტერმა, ვექილმა და სასამართლო შუამავალმა, მარკიონემ თავისი კარიერა კანადაში დაიწყო, სადაც კომპანია ”დელუა ენდ ტაჩში” მუშაობდა. 1994 წელს ის ქიმიურ-ფარმაცევტულ ჯგუფ ”ალუსუის ლონცაში” დაგავიდა, სამი წლის შემდეგ კი ამ ჯგუფიდან ფარმაცევტული ბიზნესი გამოყო და ჯგუფი ”ლონცა” ჩამოაყალიბა. მარკიონეს გამჭრიახობის წყალობით, ამ ჯგუფის მოგება სამ წელიწადში გასამმაგდა.

მარკიონემ კომპანიების ეფექტურად გარდამქმნელის რეპუტაცია მჯერ კიდევ ”ფიატში” მისვლამდე დაიმკვიდრა. 2004 წელს კი ტუეინული კონცერნის მთავარი აღმასრულებელი გახდა. მანამდე ოთხი წლის განმავლობაში, ”ფიატი” წაგებაზე მუშაობდა. მარკიონეს პირველი დამსახურება ისაა, რომ მან ”ფიატი” ”ჯენერალ მოტორსს” დააშორა (უფრო სწორედ, ფიატთან დაშორება გენერლებმა ითხოვეს, რისთვისაც ორ მხარეს შორის არსებული კონტრაქტი უნდა დარღვეულიყო) და თან, ამისათვის ამერიკული გიგანტისგან, რომელსაც დიდი კრიზისის ნიშნები ჯერაც არ ეტყობოდა, 2 მილიარდი დოლარი მიიღო.

ამას მოჰყვა ბანკებთან გაფორმებული მეტად ხელსაყრელი კონტრაქტები, 19,000 თანამშრომლის დათხოვნა, ახალი მოდელების შემუშავების დროის 3 წლამდე (ოთხი წლიდან) შემცირება და ბაზარზე ახალი მოდელების გამოშვება. შედეგად, 2005 წელი ”ფიატმა” მოგებით დაასრულა (!).

ბევრი ანალიტიკოსი დღეს ამბობს, რომ მარკიონე ამჟამად ”კრაისლერის” ხარჯების შეკვეცის გზების ძებნითაა დაკავებული. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს საქმე ნაწილობრივ მანამ გაკეთდა, სანამ ის დეტროიტული კომპანიის შეფი გახდებოდა. ეს შარშან, იმ ექვს კვირაში მოხდა, როცა ”კრაისლერი” ხელოვნური გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა. ამ პერიოდს მარკიონე ამერიკული კომპანიის ”სარეცხ მანქანაში” გატარებას ადარებს. ”ჭუჭყის” სახით, კომპანიამ 8 ქარხანა მოიშორა (დახურა), გაყიდა, ან გააქირავა უძრავი ქონების ნაწილი და კონტრაქტი 789 ამერიკელ დილერთან შეწყვიტა. გარდა ამისა, აშშ-ის მთავრობისგან, შეღავათიანი სესხის სახით, რამდენიმე მილიარდი დოლარი მიიღო (ვალის დიდი ნაწილი უკვე დაფარულია).

ანალიტიკოსების აზრით, იმ ათი წლის განმავლობაში, რაც ”კრაისლერი” ჯერ ”დაიმლერის”, შემდეგ კი ”ცერბერუსის” ხელში იყო, მისი ინჟინრების ინოვაციურობა და კრეატიულობა დაჩლუნგდა, რადგან ამერიკული კომპანიის რეალური განვითარებით არავინ იყო დაინტერესებული. ახლა კი, მარკიონემ ამ თვისებათა გამოცოცხლება დაიწყო, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ”ფიატს” ”კრაისლერთან” შორს მიმავალი მიზნები აკავშირებს და ეს ორივე კომპანიისთვის სასარგებლო იქნება.

ერთ-ერთი პირველი საქმე, რაც მარკიონემ ”კრაისლერის” სათავეში მისვლის შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ 40-ზე მეტ მაღალი რანგის მენეჯერს საქმე გადაუნაწილე. სხვათა შორის, ”ფიატის” მთავარ აღმასრულებლად დანიშვნის შემდეგაც, ის ანალოგიურად მოიქცა. ის ამბობს, რომ ბიზნესში ისეთ ადამიანებს ენდობა, რომლებსაც შემდეგი ორი ფუნდამენტური თვისება გააჩნია: ხალხის გაძღოლა და სიახლეების დანერგვა.

რესტრუქტურიზაციის გარდა, მარკიონეს მთავარი საზრუნავი ორი კომპანიის საწარმოო პროგრამის გადახალისებაცაა. ამჟამად ის ”ჯიპის” პოპულარულ უგზოობის მოდელ ”გრანდ ჩეროკითაა” დაკავებული, რომელიც ამერიკულ ბაზარზე მალე გამოჩნდება. ის ამ მოდელს უყურებს, როგორც წუმპედან ”კრაისლერის” ამომყვანს და ავტომობილს, რომელსაც ამერიკული ჯგუფის კრიზისიდან გამოყვანაში მთავარი როლის შესრულება შეუძლია.

მაგრამ ანალიტიკოსები თვლიან, რომ ”გრანდ ჩეროკის” ”კრაისლერის” გაყიდვების ზრდის მცირე ხნით შენარჩუნება შეუძლია. უფრო სერიოზული წარმატებისთვის კი სამოდელო გამის გაფართოებაა საჭირო, რასაც გაცილებით მეტი დრო დასჭირდება. თუმცა მარკიონე ამისთვისაც მზადაა. ცოტა ხნის წინ, მან ”ფიატის” ჯგუფის რესტრუქტურიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომელიც ”კრაისლერის” და იტალიური კომპანიის ბრენდების მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მოკლედ, რაც ორი საავტომობილო ჯგუფის შეფი გახდა, მარკიონე ჯვირაში 7 დღე მუშაობს და ტურინსა და დეტროიტს შორის მუდმივად გადაფრენაშია. სხვაგვარად არც შეიძლება - ორივე კომპანია ამ ეტაპზე გარდატეხის პროცესშია და ყურადღების ოდნავ მოდუნებასაც კი, შეიძლება უზარმაზარი ზარალი მოჰყვეს.

დაბოლოს, კითხვაზე, როგორ შეაფასებს გონს, მარკიონე ამბობს, რომ ”რენო-ნისანის” შეფი ”რკინის მუშტივითაა” და დასძენს: ”ის ჩემზე გაცილებით უკეთესი მმართველია”. ამას ამბობს, მაგრამ გულში ალბათ ფიქრობს, რომ მისი დროც დადგება...