Wednesday, June 1, 2011

მსოფლიო რეკორდი ავტომობილით სიგრძეზე ხტომაში

Tanner Foust completes record-setting Team Hot Wheels jump at Indy 500

1 ივნისი

წელს ასი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ჩატარდა ლეგენდარული რბოლა - ინდიანაპოლისის 500 მილი. ამასთან დაკავშირებით, რბოლის წინ, არაერთი საინტერესო სანახაობა გაიმართა, რომელთაგან ყველაზე შთამბეჭდავი, სათამაშო ავტომობილების მწარმოებელ კომპანია „ჰოტ უილზის“ მიერ ორგანიზებული შოუ გამოდგა, რომლის დროსაც, სატელევიზიო გადაცემა „ტოპ გიარ-ის“ ამერიკული ვერსიის ერთ-ერთმა წამყვანმა ტენერ ფაუსტმა, ავტომობილით სიგრძეზე სარეკორდო ნახტომი შეასრულა.

შოუსთვის, მისმა ორგანიზატორებმა სპეციალური, 27 მეტრი სიმაღლის ნაგებობა (რომელსაც კარის ფორმა აქვს) მოაწყვეს, რომლიდანაც ავტომობილმა სტარტი აიღო. დაშვების შემდეგ, ავტომობილს ჰორიზონტალურ მონაკვეთზე კიდევ რამდენიმე ათეული მეტრი უნდა გაევლო, რის შემდეგაც მცირე ტრამპლინზე აიჭრებოდა და ნახტომს შეასრულებდა. სპეციალური საავტომობილო ბილიკის მოწყობას, რომელიც ინდიანაპოლისის ოვალის შიგნით მოეწყო, ორგანიზატორებმა რამდენიმე კვირა მოანდომეს.

ნახტომისთვის სპეციალურად მომზადდა პიკაპის ტიპის ავტომობილი, რომელიც მძლავრი ძრავით და მსუბუქი ძარით აღჭურვეს. ნახტომი დიდი რბოლის დაწყებამდე რამდნიმე საათით ადრე შესრულდა. ფაუსტის მანქანამ 101.2 მეტრი იფრინა, რაც წინა რეკორდზე 9.45 მეტრით მეტია.

ცნობისათვის, ტენერ ფაუსტი ექსტრემალურ სპორტში „შინაური“ კაცია. ის ამერიკული X-თამაშების სამგზის ჩემპიონი და ფორმულა დრიფტის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულია. გარდა ამისა, ის ტრიუკებს ასრულებდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა „ბორნის ულტიმატუმი“, „სამმაგი ფორსაჟი: ტოკიოს დრიფტი“ და „ჰაზარდელი ჩლუნგები“.

ფორმულა სტუდენტი - ძლიერი ინჟინრების სამჭედლო

Biggest Formula Student Yet, This Summer at Silverstone

1 ივნისი

მსოფლიო ავტოინდუსტრიაში არის ერთი ახალი მოძრაობა - ფორმულა სტუდნტი, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ მონაწილეს იზიდავს. მის პროგრამაში ერთადგილიანი, ფორმულას ტიპის მინი ავტომობილების დამზადება, ტექნოლოგიური და კონცეპტუალური აღწერის შემუშავება, სპონსორების მოძიება, პროექტის წარდგენა და რბოლებში მონაწილეობა შედის. რაც მთავარია, მასში მხოლოდ სტუდენტები მონაწილეობენ.

უფრო მთავარი კი ისაა, რომ ფორუმს დიდი ავტომწარმოებლების და ფორმულა ერთის გუნდების მენჯერები, ინჟინრები და პილოტები ესწრებიან. და ხშირია შემთხვევები, რომ პირდაპირ სამუშაოსაც აძლევენ. მოკლედ, ფორმულა სტუდენტი ახალი, ნიჭიერი ინჟინრების სამჭედლო, საერთაშორისო უნივერსიტეტია. თანაც მას მსოფლიოს წამყვანი ჟურნალ-გაზეთები აშუქებენ...

გამოცემა „ტეკეგრაფის“ ინფორმაციით, წლევანდელ ფორმულა სტუდენტში მონაწილეობაზე განაცხადი 131 გუნდს აქვს შეტანილი. მათ შორის, პალესტინელი და ნიგერიელი სტუდენტებიც არიან. ყველა გუნდისთვის პირველი გამოწვევა, მათი განაცხადის მიღებაა. ამ ეტაპის გასავლელად საკმარისია, რომ გუნდმა ერთადგილიანი ავტომობილი წარადგინოს. შემდეგ ხდება ნამუშევრის ტექნიკური მხარის, დიზაინის, ავტომობილის დინამიკური მახასიათებლების (მთავარი სიჩქარეა), გამძლეობის და ეკოლოგიურობის შეფასება. პროექტებს ყველა კატეგორიაში ეწერება ქულები და ვლინდება გამარჯვებულები.

წლევანდელ ტურნირს სილვერსტოუნის ავტოდრომი, 14-17 ივლისს უმასპინძლებს, ანუ ფორმულა 1-ის ბრიტანული დიდი პრიზიდან ერთი კვირის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, ფორუმზე ფორმულა 1-ის ერთ-ერთი გამორჩეული ინჟინერია მიწვეული. კონკრეტულად ვინ, ამას ორგანიზატორები ჯერ არ ამხელენ. ისე კი, წინა წლებში ფორუმს ისეთი ცნობილი ინჟინრები ესწრებოდნენ, როგორებიც არიან ედრიან ნიუი (რედ ბული), როს ბრაუნი (მერსედესი) და მაიკ გასკოინი (ლოტუსი).

„ლამბორგინი ავენტადორი“ პოლიციის ფორმაში

Lamborghini Aventador Polizia Concept Rendered

1 ივნისი

ოღონდ, 2008 წლისგან განსხვავებით, როდესაც იტალიურმა კომპანიამ მძარცველთა გულის გასახეთქად, პოლიციას თავისი სუპერ ავტომობილი „გალიარდო LP560-4 პოლიცია“ აჩუქა, ამჯერად, რასაც ფოტოზე ხედავთ, მხოლოდ კონცეპტუალური ხედვაა იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს „გამძვინვარებული ხარების“ (ლამბოს ემბლემა) უახლესი სუპერ ავტომობილი - „ავენტადორი“.

ორი ატელიეს - „მილანო არტვორკსის“ და „კარერადიზაინის“ სპეციალისტებმა საპოლიციო „ავენტადორის“ გაფორმების რამდენიმე ვერსია შეიმუშავეს. ყველა მათგანზე, ავტომობილი თეთრ და ლურჯ ფერებშია შეღებილი. გაფორმება დაახლოებით ისეთივეა, როგორც საპოლიციო „გალიარდოს“ შემთხვევაში.

დიზაინერთა კონცეპციები ასევე გულისხმობს, რომ ავტომობილები დეფიბრილატორითა და მაცივარ-კონტეინერით იყოს აღჭურვილი. პირველი ისეთი შემთხვევებისთვის, როცა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლა გვიანდება (ლამბოს ვინ მიასწრებს), მეორე კი უფრო იშვიათ შემთხვევებს გულისხმობს, როცა სატრანსპლანტაციო ორგანოს გადატანაა საჭირო.

მნიშვნელოვანი დეტალი: საპოლიციო ციმციმა შუქურებს სახურავზე ვერ ნახავთ - ამ უზარმაზარი დეტალის იქ განლაგება, ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს გააუარესებს. შუქურებმა მათთვის უჩვეულო ადგილები დაიკავა ჰაერის ამღებებსა და სალონში, მაჩვენებლების დაფის წინა ნაწილში.

სხვათა შორის, საპოლიციო „გალიარდზე“ ციმციმა შუქურა ავტომობილის სახურავზე მოთავსდა და ამისათვის, მის კორპუსს აეროდნმიკური ფორმა მისცეს. გარდა ამისა, მინი-მოციმციმე შუქურები ავტომობილის ოთხივე კიდეშიც მოტავსდა. თანაც, მათი კორპუსები ალუმინისგან დამზადდა, რათა მისგან არეკლილს შუქს მეტი ეფექტი ჰქონოდა.

შეგახსენებთ, რომ „ავენტადორი“ 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 700 ცხენის ძალას და 690 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან შეწყვილებულია კომპანია „გრაცანოს“ წარმოების 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. ამ ტანდემით, ავტომობილს ნულიდან ასის აკრეფა 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ს აღწევს.

ევროპაში „ავენტადორი“ 255 000 ევრო ღირს, ამერიკაში კი - 380 000 დოლარი.