Saturday, August 7, 2010

”ვოლვო” მე-7 სერიის ”ბეემვეს” კონკურენტს გამოუშვებს

Volvo plans 7-series rival

8 აგვისტო

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ”ფორდმა” შვედური კომპანია ”ვოლვო” ჩინურ ”ჯილის” მიჰყიდა. და აი, ამ უკანასკნელის შეფი და იმავდროულად, ”ვოლვოს” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლი შოფუ, ვისაც ავტოინდუსტრიის სამყაროში ხშირად ჩინელ ჰენრი ფორდსაც უწოდებენ ხოლმე, აცხადებს, რომ ”ვოლვოს” უმთავრესი ამოცანა სამოდელო გამის გაფართოებაა.

პირველ რიგში, ”ვოლვო” თავისი ახალი ფლაგმანის გამოშვებას გეგმავს, რომლითაც კონკურენციას ”ბეემვეს” მე-7 სერიას, ”მერსედეს ბენცის” S-კლასს და ”აუდის” A8-ს გაუწევს. ცნობისათვის, დღეისათვის ”ვოლვოს” ფლაგმანი ბიზნეს კლასის S80-ია, რომლის წარმოებაც შვედურმა კომპანიამ 2006 წელს დაიწყო.

”ვოლვოს” ახალი მფლობელების მიზანი ისაა, რაც თავის დროზე, ”ფორდმა” არ გააკეთა - წარმოების მოცულობის გაზრდა და რა თქმა უნდა, მომგებიან საქმიანობაზე გადასვლა. სამოდელო გამის გაფართოების გარდა, ამ მიზნების მიღწევაში, ”ჯილის” ის ფაქტორიც უნდა დაეხმაროს, რომ მალე ”ვოლვო” ჩინეთში ახალ საწარმოს ააშენებს. ამ ქარხანაში აწყობილი ავტომობილები კი მხოლოდ ჩინურ ბაზარზე გაიყიდება.

ამასთან, შოფუ პირობას დებს, რომ ახალი საწარმოს ამუშავების შემდეგ, ძველი საწარმოები ძველებურად, სრული სიმძლავრით მუშაობას გააგრძელებენ. დაკიდევ, კომპანიის შტაბ-ბინაც და ტექნიკური ცენტრიც, შვედეთში დარჩება. ”ჯილის” გეგმის მიხედვით, ხუთ წელიწადში, ”ვოლვოს” წარმოების მოცულობა გაორმაგდება და 600 000-ს მიაღწევს. პარალელურად, ამავე პერიოდში, კომპანიის საქმიანობა მომგებიანი უნდა გახდეს.

ცნობისათვის, შვედური კომპანიის გამოსასყიდად, ”ჯილიმ” ამერიკულ ავტოგიგანტს 1.8 მილიარდი დოლარი გადაუხადა. ეს კი 4.6 მილიარდთ ნაკლებია იმ თანხაზე, რაც ”ფორდს” 1999 წელს ”ვოლვოს” შეძენა დაუჯდა.