Wednesday, September 23, 2009

ფრანკფურტის ავტო შოუ

მელკუს RS2000

Melkus RS2000

23 სექტემბერი

პეტერ მელკუსი და მისი შედევრი

ფრანკფურტში მიმდინარე საავტომობილო გამოფენაზე, რამდენიმე ძველი პოპულარული ავტომობილის გაცოცხლებული ვარიანტის ხილვა შეიძლება, რომელთაგან ორი გერმანულია - ”ტრაბანტი”, რომელიც უკვე გაგაცანით და ”მელკუსი”. ორივე ავტომობილს ადრე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (გდრ-ში) უშვებდნენ და თუ პირველი მასობრივად იწარმოებოდა, მეორეს შესახებ შეიძლება ბევრმა არც არაფერი იცოდეს.

ეს კომპანია თავის დროზე ცნობილმა ავტომრბოლმა და ავტოინჟინერმა ჰაინც მელკუსმა1959 წელს ჩამოაყალიბა (წარმოგიდგენიათ, კომუნისტების დროს). კომპანიამ 1986 წლამდე იარსება და ამ ხნის განმავლობაში, საგზაო სპორტული ავტომობილების (RS1000) გარდა, სხვადასხვა კლასის სარბოლ ტექნიკასაც უშვებდა. კომპანიის დამაარსებელი RS1000-ის შემცვლელის შექმნაზეც ოცნებობდა, მაგრამ თავად ამ ოცნების განხორციელებას ვერ მოესწრო.

2006 წელს, მისმა შვილმა პეტერ მელკუსმა სახელოვანი მამის საპატივცემულოდ, კომპანია აღადგინა და RS2000-ის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. უსახსრობის გამო, ახალი ავტომობილის შემუშავების პროცესი სამი წელი გაიწელა. და აი, ფრანკფურტში ისიც გამოჩნდა.

კომპანიის შეფი ამას ხმამაღლა არ აღიარებს, მაგრამ RS2000-ს მიზანში ”მერსედეს-ბენცის” უახლესი SLS AMG ჰყავს ამოღებული, რომლის მსოფლიო პრემიერაც ასევე ფრანკფურტში შედგა. ამასთან, თავის ”მეტოქეს” ეგრეთ წოდებული ”თოლიის ფრთებითაც” (კარებებით, რომლებიც ზევით იღება) ჰგავს. თავისი ავტომობილის ექსკლუზიურობისთვის ხაზის გასასმელად კი პეტერმა წარმოების ტირაჟი ძლიერ შეზღუდა - წელიწადში ის მხოლოდ 25 ცალი RS2000-ის წარმოებას გეგმავს, თითოეულ ავტომობილს კი ფასად 107 000 ევრო დაადო.

რას სთავაზობს მყიდველს სანაცვლოდ? ორადგილიან ავტომობილს, რომელიც ”ლოტუს ელისის” პლატფორმაზეა დამზადებული და რომელიც 1.8-ლიტრიანი 16-სარქველიანი, 4-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ეს ძრავი სულ რაღაც 270 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ 950-კილოგრამიანი ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 4.9 წამში გაქანდეს. ამასთან, RS2000-ის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევს.

მართალია, შასი ”ლოტუსისგანაა” აღებული, მაგრამ მისი საკიდარი პეტერ მელკუსის ჭკუის ნაყოფია. მისი ელემენტები კი ალუმინის შენადნობებისგანაა დამზადებული. ავტომობილს კარბონის კომპოზიტისგან შექმნილი მონკოოკური არქიტექტურა გააჩნია, რაც მის სიხისტეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კარბონისგანვეა დამზადებული მისი დამცავი სტრუქტურა, რომელმაც სალონში მყოფნი ავარიების დროს უნდა დაიცვას.

ჰო, მართლა, RS2000-ის დიზაინი სებასტიან ვოლფრამის მიერაა შემუშავებული, რომელმაც შთაგონების წყაროდ ჰაინც მელკუსის RS1000 გამოიყენა. დაბოლოს სალონი. ის მთლიანად მყიდველის სურვილების შესაბამისად გაეწყობა და მის სტანდარტულ აღჭურვაში ლუქსის კლასის ავტომობილებისთვის დამახასიათებელი ბევრი დეტალია გათვალისწინებული.