Sunday, March 21, 2010

”ალფა რომეო დუეტტოტანტა” ”პინინფარინასგან”

Pininfarina Alfa Romeo 2ettottanta

21 მარტი

ჟენევაში ”პინინფარინამ” ერთდროულად ორი იუბილე აღნიშნა. ერთი თავისი დაარსებიდან 80 წელს ეძღვნება, მეორე კი - ”ალფა რომეოს” დაარსებიდან 100 წელს. ორივე თარიღთან დაკავშირებით კი ერთი კონცეპტუალური ნამუშევარი - ორადგილიანი როდსტერი ”დუეტტოტანტა” წარმოადგინა.

სახელი ”დუეტტოტანტა” ორი სიტყვისგან შედგება - დუეტ წყვილს ნიშნავს, ტოტანტა კი - 80-ს. როგორც კონცეპციის ავტორებმა განაცხადეს, ამ სადა დიზაინში ერთმანეთთან იტალიური ატელიეს ტრადიციები და ნოვატორული მიმართულებაა შერწყმული. ის 1966 წლის კონცეპტუალური ”დუეტოს” მოტივებზეა შექმნილი.

”დუეტტოტანტას” ზომებია: სიგრძე 4213 მმ, სიგანე 1797 მმ და სიმაღლე - 1280 მილიმეტრი. ამგვარად, ის ყველა პარამეტრით, როდსტერ ”ალფა რომეო სპაიდერზე” კომპაქტურია. ის საკმაოდ სადა და იმავდროულად, დახვეწილი გარეგნობით გამოირჩევა, რომელშიც რეტროსთან თანამედროვე სტილია შეხამებული, რასაც ხაზს წინა და უკანა წვრილი შუქდიოდური ფარები, ასევე უკანა დიფუზორი უსვამს. რეტრო სტილზე მიგვანიშნებს უსაფრთხოების რკალების უკან არსებული ”კუზები”, რომლებიც აეროდინამიკური ელემენტების მოვალეობას ასრულებენ.

სალონიც სისადავითა და ასკეტურობით გამოირჩევა. რეტრო სტილშია შესრულებული საჭის რგოლი, რომლის უკანაც ძირითადი მაჩვენებლებია მოთავსებული. აქ ვერ ნახავთ მრავალფუნქციურ მონიტორს და სხვადასხვა დამხმარე და მულტიმედიური სისტემების სამართავ პულტებს. სალონში ყველაფერი - სავარძლები და დიდი ზომის პანელები ტყავითაა გაწყობილი, რაც მას უბრალოებას არ უკარგავს.

კაპოტის ქვეშ, გრძივად მოთავსებულია 1.75-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრეც არ გამოცხადებულა. ისიც უცნობია, თუ რამდენი საფეხური აქვს გადაცემათა კოლოფს, რომელსაც ორდისკოიანი ქური ემსახურება. მართალია, ძრავი საკმაოდ მცირელიტრაჟიანია, მაგრამ მანქანის საფირმო ბორბლებზე ჩაცმული დაბალპროფილიანი საბურავების (დანლოპის წარმოების) მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძრავს ”დუეტტოტანტას” გარეგნობის შესაფერისი ტექნიკური მონაცემები უნდა ჰქონდეს.

”ჯუჯაროს”, ”ლოტუსის” და ”პროტონის” სამი საერთო კონცეპცია

Italdesign Giugiaro EMAS

21 მარტი

ემას ქანთრი

იტალიურმა ატელიე ”იტალდიზაინ ჯუჯარომ” ჟენევაში თავისი კონცეპტუალური ტრიო წარადგინა სახელად ”ემას” (მალაიზიურად ეს სიტყვა ოქროს ნიშნავს), რომელიც ინგლისურ ”ლოტუსთან” და მალაიზიურ ”პროტონთან” (ლოტუსი პროტონის ჯგუფში შედის) ერთად შეიქმნა.

ემას კომფორტი

სამი ავტომობილიდან, ორი ხუთკარიანია, ერთი კი - სამიანი. მათგან ”ემას კომფორტი” ხუთკარიანი ჰეჩბეკია, ”ემას ქანთრი” - ქროსოვერი, ”ემას3 სიტი” კი - სამკარიანი ჰეჩბეკი. ამასთან, თუ პირველი ორის სალონში ოთხი სავარძელი დაგხვდებათ, სამკარიანის ჩასაჯდომი ფორმულა 3+1-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მხოლოდ სამი სრულფასოვანი ადგილი აქვს, რომლებზეც ზრდასრული ადამიანი მოთავსდება, მესამე ადგილი კი ბავშვისთვისაა.

”ემას კომფორტი” და ”ემას ქანთრი” ერთსადაიმავე პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც ”ჯუჯარომ” დამოუკიდებლად შეიმუშავა. მათი სიგრძე 3550 მილიმეტრი, ბაზა კი 2590 მილიმეტრია. ასეთი დიდი ბაზის წყალობით, როგორც პრეს რელიზში წერია, მათ სალონში ოთხი კომფორტული სავარძელი მოთავსდა, რომლებიც ბიზნეს კლასის მოთხოვნებს შეესაბამება. უფრო მეტიც, ”კომფორტის” საბარგულის მოცულობა 320 ლიტრი, ”ქანთრისა” კი 390 ლიტრია. და თუ უკანა სავარძლებს დავკეცავთ, საბარგულის მოცულობა 780 ლიტრამდე იზრდება.

ემას3 სიტი

”ემა3 სიტის” პლატფორმა კი პირველი ორის პლატფორმის დამოკლებული ვერსიაა. ამ ავტომობილის სიგრძე 2985 მილიმეტრი, ბაზა კი 2000 მილიმეტრია. ამ ზომებით, ის პრაქტიკულად ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს ტოლია. ჰოდა, გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ მისი სალონის უკანა ნაწილში მხოლოდ ერთი სრულფასოვანი სავარძელი მოთავსდა (მძღოლის უკან).

სამაგიეროდ, ტექნიკური აღჭურვილობა სამივე ავტომობილს ერთნაირი აქვს. ისინი მამოძრავებელ ძალას 61-ცხენისძალიანი (მაბრუნი მომენტი 240 ნმ) ელექტროძრავისგან ღებულობენ, რომელიც ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან იკვებება. თავის მხრივ, აკუმულატორებს ”ლოტუსის” წარმოების 1.2-ლიტრიანი შიდაწვის ძრავისა გენერატორის ტანდემი მუხტავს. ამ ძრავის სიმძლავრე სულ რაღაც 52 ცხენის ძალაა. სამაგიეროდ, მას მუშაობა ბენზინზე, ეთანოლსა და მეთანოლზე შეუძლია.

”ჯუჯაროს” მონაცემებით, სამივე ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 14 წამში შეუძლია, მათი მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ-ს აღწევს, სვლის სიშორე კი 50 კილომეტრია.

”სოფია” I.DE.A.-სგან

I.DE.A. Sofia

21 მარტი

იტალიური სადიზაინერო კომპანიები და ატელიეები ყოველთვის გამოირჩევიან დახვეწილი გარეგნობის მქონე სერიული და კონცეპტუალური ავტომობილებით, რომლებსაც პირველ რიგში, ლამაზ ქალს ან საბრძოლოდ მომზადებულ გლადიატორს თუ შეადარებ. ნებისმიერ შემთხვევაში, აპენინური ავტომობილები თვალს თავიანთი მომნუსხველი დიზაინით იზიდავენ.

ამ მხრივ, გამონაკლისი არც ტურინული სადიზაინერო ინსტიტუტი I.DE.A.-ა, რომელიც უკვე ოთხი წელია, ჟენევურ საავტომობილო გამოფენებს არ ტოვებს. და რატომღაც, თავის ავტომობილებს ქალის სახელს არქმევს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჟენევის წლევანდელი რანდევუ ყოფილა, რომელზეც I.DE.A.-მ თავისი მორიგი კონცეპტუალური ავტომობილი წარმოადგინა ქალის სახელით ”სოფია”.

ქალის სახელი რა გასაკვირია, როდესაც ამ შესანიშნავი კონცეპციის ავტორებს პრეს რელიზში ეწერათ, რომ ”სოფიას” დიზაინი ქალის ფორმების შთაგონებით შეიქმნა. თანაც, ის ასევე ელეგანტურ, ”გლამურულ” (ეს სიტყვაც ატელიეს პრეს რელიზიდანაა) შინდისფერში გამოაწყვეს.

იდეაში, ”სოფია” ჰიბრიდული ავტომობილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჟენევაში ატელიემ მხოლოდ ძარა წარმოადგინა ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე. პრეს რელიზში მითითებულია, რომ პერსპექტივაში, ”სოფია” იმდაგვარადაა გათვლილი, რომ ის შეიძლება აღიჭურვოს როგორც მხოლოდ V8 ძრავით, ასევე ამავე ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული კომბინაციით. წამყვანი კი შეიძლება იყოს როგორც წინა, ასევე უკანა ბორბლები.

სხვათა შორის, I.DE.A.-ს შარშანდელი კონცეპცია ”ერაც” მხოლოდ ძარა იყო ძრავის, ტრანსმისიის და სალონის გარეშე. როგორც ჩანს, ტურინულ ატელიეში თავიანთი ქმნილებების ტექნიკური მხარით ნაკლებად ინტერესდებიან, ან მათ ამის საშუალებას ფინანსების ნაკლებობა არ აძლევს.

შეძლებს თუ არა ”სოფია” I.DE.A.-სთვის მსხვილი კლიენტების მიზიდვას, რომლებსაც სურთ, რომ მათი სერიული ავტომობილები მასავიტ ელეგანტურად გამოიყურებოდნენ, ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტი ერთია, ამ პატარა სტუდია-ინსტიტუტს, რომელმაც ახალი ცხოვრება 2007 წელს დაიწყო, იტალიაშივე არაერთი ავტორიტეტული კონკურენტი ჰყავს, რომლებსაც ჟენევაში არანაკლებ თვალწარმტაცი კონცეპციები ჰქონდათ გამოფენილი.

”მაკლარენმა” ”მერსედესისგან” თავისივე აქციები გამოისყიდა

McLaren buys back Mercedes stake

21 მარტი

”მაკლარენმა” ”მერსედესისგან” თავისივე აქციების დიდი ნაწილი გამოისყიდა, რომლებიც გერმანული კომპანიის ხელში იყო. დღემდე, ”სამქიმიანებს” ინგლისური გუნდის აქციების 40 პროცენტი ეკუთვნოდათ, მაგრამ მათი ნაწილის გაყიდვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მათ შარშანდელი ჩემპიონატის ტრიუმფატორი ”ბრაუნი” გამოისყიდეს.

რა თქმა უნდა, ამ გამოსყიდვამ წარმოშვა კითხვა, ხომ არ აპირებს ”მერსედესი” ”მაკლარენთან” პარტნიორული ურთიერთობის დასრულებას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება. ამაზე შტუტგარტელების პასუხი უარყოფითია. თუმცა, კონტრაქტი, რომელიც 2011 წლის სეზონის ბოლოს ამოიწურება, გარკვეულწილად შეიცვლება. შესაძლოა, ეს ცვლილება იმაში აისახოს, რომ ამიერიდან, ”მაკლარენს” თავისი ფ1-ის გუნდისთვის, ”მერსედესის” ძრავების შესყიდვა დასჭირდეს.

”მაკლარენის” გუნდის შეფი მარტინ უიტმარში აცხადებს, რომ ”მერსედეს ბენცის” ხელში, მისი გუნდის აქციების 11 პროცენტი რჩება. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანული კომპანია ინგლისური გუნდის უმსხვილესი აქციონერი აღარ იქნება.

ამჟამად, ”მაკლარენის” გუნდის აქციების 15-15 პროცენტი კომპანიის შეფ რონ დენისს და მის არაბ პარტნიორ მანსურ ოიეხს ეკუთვნით. 30 პროცენტი ბაჰრეინულ კომპანია ”მუმთალაქათის” ხელშია.

”მაკლარენის” ახალი ფაბრიკის გახსნის ცერემონიაზე, რომლის პარალელურადაც, კომპანიამ საზოგადოებას ასევე თავისი სუპერ ავტომობილი MP4-12C წარუდგინა, უიტმარშმა განაცხადა, რომ ამიერიდან, ”მაკლარენს” ყველა იმ ბიზნესში ვიხილავთ, სადაც ”ფერარი” ფიგურურებს. კონკურენცია სარბოლო ტრასებზე, ფ1-ის მიღმაც გაგრძელდება და პირველ რიგში, ეს GT (გრან ტურიზმო - დიდი ტურიზმი) კლასის რბოლებში მოხდება.

უიტმარშმა ”ფერარის” შეფ ლუკა დი მონტეძემოლოს ასე მიმართა: ”ამიერიდან, ჩვენ იმ რბოლებში ვიქნებით, სადაც თქვენც ხართ. სად აპირებთ გამოსვლას? რატომ არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ ეს ერთად?”

ეს მრავლისმთქმელი მიმართვაა, საიდანაც ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: თუ ”მაკლარენი” ”ფერარისთან” სრულფასოვან კონკურენციას აპირებს, ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ფორმულა 1-ში საკუთარი კონსტრუქციის ძრავით უნდა იასპარეზოს. ”მერსედესთან” პარტნიორული ურთიერთობის თანდათან შეზღუდვა კი შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ მალე ინგლისური გუნდი თავისი ბოლიდებისთვის თავად შექმნის ძრავებს.

ამ მხრივ მას გამოცდილება უკვე აქვს - MP4-12C-ის ძრავი სწორედ ”მაკლარენის” ინჟინრების ნახელავია...