Monday, May 2, 2011

„მერსედესი“ მილე მილიასთვის ემზადება

Mercedes-Benz Readies Compressor Cars for Mille Miglia 2011

2 მაისი

ლეგენდარულ მილე მილიას რბოლაზე, რომელიც 11-15 მაისს ჩატარდება, „მერსედეს ბენცი“ თავის ლეგენდარულ კომპრესორიან ავტომობილებს - SS-ს და SSK-ს გამოიყვანს, რითაც ამ რბოლაზე გერმანელ რუდოლფ კარაჩოლას მიერ 1931 წელს მოპოვებული დიდ გამარჯვებას აღნიშნავს.

რბოლაში სამქიმიანების მანქანების სხვა მანქანებიც გამოვა, რომლებითაც ფორმულა 1-ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მიკა ჰაკინენი და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ხუან მანუელ ფანხიოს ძმისშვილი იასპარეზებენ. ეს უკანასკნელი თავისი ლეგენდარული ბიძის სახელს ატარებს. ორივე „მერსედეს ბენც 300 SLR-ით“ იასპარეზებს, ზუსტად ისეთით, როგორითაც დიდმა ფანხიომ, 1955 წელს, მილე მილიაზე მეორე ადგილი დაიკავა.

როგორც ცნობილია, გერმანული კომპანია თავისი დაარსებიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ქალაქ ბრეშას ცენტრში, სადაც ათასმილიანი რბოლა სტარტს აიღებს, თავის ორ ეპოქალურ ავტომობილსაც გამოიყვანს. მათგან ერთია კარლ ბენცის პირველი ავტომობილი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში, პირველ დაპატენტებულ ავტომობილადაა მიჩნეული. მეორე კი არის კონცეპტუალური პლაგ-ინ ჰიბრიდი F 800, რომელიც შტუტგარტელებმა შარშან, ჟენევის გამოფენაზე გვიჩვენეს.

რბოლაში მოდელ SS-ის საჭეს, ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი იოხენ მასი და მოტორბოლებში მსოფლიოს 15-გზის ჩემპიონი ჯაკომო აგოსტინი მიუჯდებიან. სტარტზე ასევე დადგება „მერსედეს 300 SL“, რომლითაც კარაჩოლამ 1952 წელს, მილე მილიაზე მეოთხე ადგილი დაიკავა. ვის ერგება ამ მანქანით ასპარეზობის პატივი, ჯერ ცნობილი არ არის. გარდა ამისა, გერმანული კომპანიის ძველი და ახალი სპორტული მანქანებით იაპარეზებენ გერმანიის ტურიზმის კლასის (DTM) 5-გზის ჩემპიონი ბერნდ შნაიდერი და ლე მანისა და DTM-ის სამ-სამ გზის გამარჯვებული კლაუს ლუდვიგი.

„პეჟოს“ კონცეპტუალური EX1 ნურბურგრინგის რეკორდსმენია

Peugeot's EX1 Concept Breaks the Electric Car Record on the Nurburgring

2 მაისი

დიდი ხანია, რაც ლეგენდარულ გერმანულ ტრეკ ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟზე რბოლები აღარ ტარდება, თუმცა ავტოდრომის ამ მონაკვეთზე სარბოლი და სპორტული ავტომობილები მუდმივად დაქრიან. მათი პატრონების მიზანს, ეგრეთ წოდებულ სატრეკო დღეებში, საკუთარი სიამოვნება და, რა თქმა უნდა, სხვების ჯობნა წარმოადგენს. ამ ფერხულში კი დიდი ავტომწარმოებლებიც არიან ჩაბმულნი, რომლებიც თავიანთი სპორტული და სხვა ტიპის ავტომობილებით, ნორთშლაიფზე (ტრასის ამ გრძელ მონაკვეთს ხშირად მწვანე ჯოჯოხეთსაც უწოდებენ) კონკურენტების მიერ ნაჩვენები დროის გაუმჯობესებას ცდილობენ.

ახლახანს „პეჟომ“ მწვანე ჯოჯოხეთს სწორედ ამ მიზნით მიაკითხა. ოღონდ, იქ თავისი ელექტრული კონცეპტუალური მოდელი - EX1 გამოიყვანა, რომელიც პირველად შარშან, პარიზის ავტო შოუს დროს გვიჩვენა. ვიზიტის მიზანი, ელექტრომობილების რეკორდის გაუმჯობესება იყო და ამ ამოცანას „ლომებმა“ ადვილად გაართვეს თავი.

მათმა ელექტრულმა როდსტერმა, რომლის საჭესაც სტეფან კელე უჯდა, თითქმის წუთით გააუმჯობესეს წინა რეკორდი, რომელიც შარშან „მინის“ სარბოლ ელექტრომობილს დაუმყარებია. 208-კილომეტრიანი წრე EX1-მა 9 წუთსა და 01.338 წამში გაიარა. მისმა საშუალო სიჩქარემ კი 138.324 კმ/სთ შეადგინა. უფრო მეტიც, ფრანგული კომპანია ირწმუნება, რომ მათმა ელექრომობილმა სარეკორდო გარბენი „ძალიან არახელსაყრელ მეტეოპირობებში“ შეასრულა. შედარებისთვის, „მინის“ ელექტრომობილის შარშანდელი რეკორდი 9 წუთსა და 51.45 წამს შეადგენდა.

„პეჟო EX1“ ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც წინა და უკანა ღერძებს ემსახურება. ამგვარად, ელექტრომობილი სრულამძრავიანია. თითოეული ძრავი 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მათი ჯამური პიკური სიმძლავრე 340 ცხენის ძალას, მაქსიმალური მომენტი კი 240 ნიუტონმეტრს აღწევს. ძრავები ენერგიას დიდი ტევადობის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობენ.

ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკს ეყრდნობა, რომელიც სიმსუბუქით და სიმტკიცით გამოირჩევა. კარბონის კომპოზიტისგანვეა დამზადებული ავტომობილის ტანი, რომლის სიმაღლე სულ რაღაც, 0.90 მეტრი, სიგანე კი 1.77 მეტრია. ამგვარად, მას ჰაერის შემხვედრი ნაკადისადმი მცირე წინააღმდეგობა აქვს.

სხვათა შორის, ამ ავტომობილმა შარშან ელექტრომობილების სხვა რეკორდებიც გააუმჯობესა - ჩინეთის ქალაქ ჩინჰუს აეროდრომზე, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 3.49 წამში აკრიფა. არადა, „პეჟოს“ ოფიციალურ რელიზში აღნიშნულია, რომ სტანდარტული აჩქარებისთვის EX1-ს 3.6 წამი სჭირდება, ადგილიდან 260 კმ/სთ-ს ასაკრეფად კი 6.6 წამი ჰყოფნის.