Tuesday, October 26, 2010

”ბეემვე” ჯერ არარსებული ”პორშე კახუნის” კონკურენტს გამოუშვებს

BMW poised to add X4 to lineup in 2014

26 ოქტომბერი

”ბეემვე” თავისი საწარმოო პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელობა, 2014 წლიდან სპორტულ ქროსოვერ X4-ის წარმოების დაწყების მიზანშეწონილობას განიხილავს. გამოცემა ”აუტოუიკის” ინფორმაციით, თუ საკითხი დადებითად გადაწყდა, ახალი ავტომობილით, ბავარიელები კონკურენციას ”პორშე კახუნს” გაუწევენ, რომლის წარმოების გადაწყვეტილებაც შტუტგარტელებმა ახლახანს მიიღეს.

ახალი ავტომობილი ოთხადგილიანი იქნება და მას ქროსოვერ X3-ის ბაზაზე ააგებენ. ამ ავტომობილისგან ის შასის და აგრეგატებს მიიღებს, თუმცა მისგან განსხვავებით, გაცილებით აგრესიული, დინამიური გარეგნობა ექნება, როგორც სპორტულ ავტომობილს შეეფერება. პროპორციებით X4 უფრო მაღალ საფეხურზე მდგარ X6-ს დაემსგავსება, თუმცა, როგორც ”ბეემვეს” წარმომადგენელმა ”აუტოუიკს” განუცხადა, X4-ის დიზაინი ”ბევრს გააკვირვებს”.

რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილი სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღიჭურვება. გარდა ამისა, მას მამოძრავებელ ძალას ოთხ და ექვსცილინდრიან ბენზინის და დიზელის ძრავებს მიიღებს, რომლებსაც ან 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფით აღიჭურვება, რომელსაც გადაბმის ორმაგი ქურო ექნება, ან კიდევ 8-საფეხურიანი ავტომატით. გარდა ამისა, ბავარიელები X4-ის M-ვერსიის შექმნასაც გეგმავენ, რომელსაც ორი ტურბინით აღჭურვილი ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) ძრავით და 7-საფეხურიანი რობოტიზებული ტრანსმისიით (DCT) აღჭურვავენ. ძრავსა და კოლოფს გადაბმულობის კი ორდსკოიანი ქურო დააკავშირებს.

ჟურნალ ”აუტოუიკის” წყაროს თქმით, ბავარიელებს X4-ის წარმოება იმ ფაქტმა გადააწყვეტინა, რომ ”ფოლკსვაგენმა” ”პორშე კაიენის” მომცრო ასლის წარმოების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, ესეც რომ არა, X6-ის პოპულარობა, ბავარიელებს სწორედ ამ ნაბიჯისკენ უბიძგებდა. უფრო მთავარი კი ისაა, რომ ”ბეემვეს” 2020 წლისთვის, თავისი გაყიდვების 2 მილიონამდე გაზრდა აქვს დაგეგმილი.

X4-ის წარმოების შესახებ გადაწყვეტილებას მალე ბავარიული კომპანიის შეფი ნორბერტ რაიტჰოფერი ფამოაცხადებს. თუ X4-ს წარმოებას მწვანე შუქს აუნთებენ, მას ”ბეემვეს” ამერიკული ქარხანა გამოუშვებს, რომელიც შტატ ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ სპარტანბურგში მდებარეობს და რომელიც ახალი თაობის ქროსოვერ X3-ს აწარმოებს.

თბილისის ავტო შოუ - მწირი ექსპოზიციით და ძალიან ცოტა დამთვალიერებლით

26 ოქტომბერი

22-24 ოქტომბერს, თბილისის ექსპო ცენტრის მე-11 პავილიონმა თბილისის საერთაშორისო ავტო შოუს უმასპინძლა, რომელზეც საქართველოში მომუშავე ავტოდილერებმა მათ ხელთ არსებული ახალი ავტომობილები გამოფინეს.

სამწუხაროდ, შოუზე ავტომობილები მხოლოდ ორმა კომპანიამ - ”GT მოტორსმა” და ”იბერია ბიზნეს ჯგუფმა” გამოფინა. ამასთან, მულტიბრენდული ”იბერია” მხოლოდ ერთი მარკით - კორეული ”კიათი” იყო წარმოდგენილი, ”GT მოტორსმა” კი საზოგადოებას თავისი სამივე ბრენდის - ”ფორდის”, ”ლენდ როვერის” და ”სუძუკის” ავტომობილები უჩვენა.

დილერების გარდა, თავიანთი პარტნიორი კომპანიების პროდუქცია იმავე ”GT მოტორსმა”, ”იბერია ტექ ავტომოტივმა” (იბერია ბიზნეს ჯგუფში შედის) და ”თეგეტა მოტორსმა” გამოფინეს. მათ პავილიონებში ზეთებს, საბურავებს, სხვადასხვა მაკომპლექტებლებს, სათადარიგო ნაწილებსა და სპეცტექნიკას ნახავდით.

თბილისის ავტო შოუს მთავარი მოვლენა ის იყო, რომ ”სუძუკის” ავტომობილები ”GT მოტორსის” პავილიონში იდგა. როგორც ამ კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა დემურ აფციაურმა განაცხადა, 1 ოქტომბრიდან, იაპონური კომპანიის ოფიციალური ქართველი დილერი სწორედ ”GT მოტორსია”, რომელიც გაყიდული ავტომობილების სრულ საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას განახორციელებს.

ჯერჯერობით, ”სუძუჯის” ავტომობილების ყიდვა ”GT მოტორსის” იმავე შოურუმში იქნება შესაძლებელი, სადაც ”ფორდის” და ”ლენდ როვერის” ავტომობილები დგას. ახლო მომავალში კი იაპონური ბრენდის მოდელებისთვის სრულიად ახალი შოურუმი და მისი სრული ინფრასტრუქტურა ამოქმედდება.

დემურ აფციაურის თქმით, ”GT მოტორსი” მყიდველს, სპეციალურად ქართული ბაზრისთვის მომზადებულ ავტომობილებს, მათს საგარანტიო მომსახურებას და ორიგინალურ იაპონურ სათადარიგო ნაწილებს სთავაზობს. საგარანტიო პირობები 3-წლიან უფასო მომსახურებას გულისხმობს როგორც ძრავსა და ტრანსმისიაზე, არამედ სავალ ნაწილსა და ნებისმიერ კვანძზე, რომლებიც ავტომობილის გამართულობას უზრუნველყოფს. გარანტია იმ სათადარიგო ნაწილებსა და სერვისზეც ვრცელდება, რომლებსაც ”GT მოტორსი” თავის კლიენტურას სთავაზობს.

ამავე კომპანიის პავილიონში თავს იწონებდა ლეგენდარული ”ფორდ მუსტანგის” GT ვერსია, ასევე ლეგენდარული ”ლენდ როვერ დიფენდრი”, ”ფორდ კუგა”, რომელსაც ერთი მყიდველი იქვე გამოუჩნდა და ორი გრანდიოზული ”რეინჯ როვერი”. სამწუხაროდ, ვერ ვიხილეთ უახლესი ”ფორდ ფიესტა”, რომელზეც მთელს მსოფლიოში ისეთი დიდი მოთხოვნილებაა, რომ ”GT მოტორსი” მის ჩამოყვანას ნოემბერში შეძლებს. ასევე მოგვიანებით ჩამოიყვანენ უახლეს ”ფორდ ფოკუსსაც”.

რა შეიძლება ითქვას თბილისის ”საერთაშორისო” ავტო შოუზე? მან აშკარად ერთი დილერის დიდი შოურუმის შთაბეჭდილება დატოვა. სხვა დილერებს თავიანთი პროდუქციის გამოტანა რომც სდომოდათ, მათ გაცილებით პატარა პავილიონებში მოუწევდათ ფართობის დაქირავება. ეს კი, მათს ინტერესებში აშკარად არ შედიოდა. ესეც რომ არა, მათი უმეტესობა ამბობს, რომ გამოფენაზე ფართის დაქირავება მეტისმეტად ძვირი ჯდება.

მოკლედ, თუ თბილისის ავტო შოუს ორგანიზატორებს სურთ, რომ გამოფენა მომავალში მაინც წარმატებული გახდეს და ბევრი დამთვალიერებელი მიიზიდოს, მათ დამატებითი პავილიონების მოწყობა მოუწევთ. ამას კი სოლიდური ინვესტიცია დასჭირდება...