Wednesday, February 17, 2010

”დოჯმა” ახალი კომპაქტური ჰეჩბეკის ესკიზები გამოაქვეყნა

New Dodge Compact Previewed

17 თებერვალი

ჩიკაგოს საავტომობილო გამოფენაზე, ამერიკულ კომპანია ”დოჯის” გენერალურმა დირექტორმა რალფ ჟილმა საზოგადოებას წარუდგინა B კლასის ჰეჩბეკის ესკიზი. ეს ავტომობილი, რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს, ”ფიატის” და ”კრაისლერის” (დოჯი კრაისლერის ჯგუფში შედის) ერთობლივი მუშაობის პირველი პროდუქტი გახდება.

ესკიზიდან ჩანს, რომ ახალი ავტომობილი ”დოჯ კალიბერის” სტილშია შესრულებული, თუმცა ის უფრო კომპაქტური და სპორტული გარეგნობისაც იქნება. ჰეჩბეკის ბაზისად კი ”ფიატის” შესაბამისი მოდელის (პუნტოს) დაგრძელებულ პლატფორმას გამოიყენებენ, რომელიც, მასში ჭარბად გამოყენებული ალუმინის ხარჯზე, იტალიურ პლატფორმაზე მსუბუქი იქნება.

”დოჯის” ჰეჩბეკი აღიჭურვება ახალი ძრავებით, რომელსაც ”ფიატის” მიერ შემუშავებული გაზმაგამანიწებელი სისტემა ”მულტიეარი” მოემსახურება. ამ სისტემის მეშვეობით, ძრავი ეკონომიურიც იქნება და გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს.

მოსალოდნელია, რომ ”დოჯის” ახალი ჰეჩბეკი ამერიკის ბაზარზე პირველად 2012 წელს გამოჩნდება. ამასთან, მისი ანალოგი ევროპაში ”ალფა რომეოს” და ”ფიატის” ლოგოებით, იტალიური კომპანიების კორპორატიულ სტილში შესრულებული ძარებით გაიყიდება.

”ლოტუსმა” ”ელიზი” განაახლა

Lotus Elise Facelift Presented

17 თებერვალი

გარდა იმისა, რომ ფორმულა 1-ს დაუბრუნდა, ”ლოტუსი” თავისი სამოდელო გამის გაფართოებაზეც ზრუნავს - კომპანიამ ახლახანს თავის ძირითად მოდელ ”ელიზს” მოდერნიზაცია ჩაუტარა და მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა.

ახალ ”ელიხა” შეცვლილი აქვს წინა ნაწილი. გაიზარდა რადიატორის ფართობი, შეიცვალა წინა მუხრუჭების ჰაერის ამღებთა მოყვანილობა და წინა ფარების დიზაინი. მათში კი დღის სინათლის შუქდიოდები ჩამონტაჟდა. ავტომობილის უკანა ნაწილში შეიცვალა ბამპერი და ძრავის ხუფის ფორმა.

განახლებულ ავტომობილს საბაზო ძრავიც ახალი აქვს - ესაა ”ტოიოტას” წარმოების 1.6-ლიტრიანი აგრეგატი, რომელიც საწვავის შეშვების სისტემის (ვალვმატიკ) შეცვლილი კონსტრუქციით გამოირჩევა. ეს სისტემა გაზგამანაწილებელი მექანიზმის ფაზების შეცვლას აკონტროლებს. ამასთან, ის მუშაობის პროცესში ცვლის შემშვები სარქველების გახსნის სიგრძეს. ახალი ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 136 ცხენის ძალას შეადგენს.

ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელშიც ყველა საფეხური ერთმანეთთანაა დაახლოებული. ამის მეშვეობით, ავტომობილი სწრაფად აჩქარებას ახერხებს და ის განსაკუთრებით მანევრული მოსახვევებიან გზაზეა. სხვათა შორის, მანევრულობა ყოველთვის იყო ”ლოტუს ელიზის” მთავარი თვისება.

ცნობისათვის, აქამდე ”ელიზის” საბაზო აგრეგატი ”ტოიოტასვე” წარმოების 1.8-ლიტრიანი ძრავი იყო, რომელიც 134 ცხენის ძალას ავითარებს. ამ ძრავთან კი 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი იყო შეწყვილებული. ახალი საბაზო აგრეგატი ატმოსფეროში ყოველ კილომეტრზე 155 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს, რაც ძველის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია.

ახალი ”ელიზის” ძრავების გამაში კიდევ ორი 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატი შედის, რომელთაგან ერთი, ნაკლებად ფორსირებული (R) 192 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მეორე, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება - 217 ცხენის ძალას. ამასთან, მათ გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა, შესაბამისად 196 და 199 გრამია კილომეტრზე.

”ლოტუსის” ბრიტანული დილერების შოურუმებში ახალი ”ელიზი” აპრილში გამოჩნდება და მისი ფასიც მაშინ გამოცხადდება.