Sunday, June 6, 2010

”აუდის” დიზელისძრავიანი ბოლიდი ლე მანის რბოლისთვის მზადაა

Audi R15 TDI plus Le Mans Racer

6 ივნისი

”აუდის” ლე მანის 24-საათიანი რბოლისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. უკვე დიდი ხანია, გერმანული კომპანიის სარბოლი პროტოტიპები ლეგენდარულ რბოლაში პირველობას არავის უთმობენ. უფრო მეტიც, 2006 წლიდან მოყოლებული, ”ოთხრგოლიანები” რბოლებს დიზელისძრავიანი მანქანებით იგებენ და ამ სეზონშიც იგივეს აპირებენ.

წლევანდელი რბოლისთვის ”აუდიმ” თავის სარბოლ პროტოტიპ R15 TDI-ის ახალი ვერსია მოამზადა, რომელიც წინამორბედისგან არამარტო გარეგნობით, სხვა უამრავი კონსტრუქციული ნაწილითაც განსხვავდება. მოდერნიზაციის მთავარი მიზანი, ავტომობილის გამძლეობის და ეფექტურობის გაუმჯობესება იყო.

ახალ ავტომობილს ”აუდი R15 TDI პლუს” ეწოდა. ის კვლავ 5.5-ლიტრიანი V12 დიზელითაა აღჭურვილი, რომელიც 620-ზე მეტ ცხენის ძალას იძლევა. არადა, ტექნიკური რეგლამენტი, რბოლის მონაწილეებს, ძრავებთან დაკავშირებით, ბევრ შეზღუდვას უწესებს.

პირველ რიგში, შეიცვალა ავტომობილის აეროდინამიკა, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობისას, მის უფრო ეფექტურ მდგრადობას უზრუნველყოფს. შეიცვალა რადიატორის განლაგება, კოკპიტი კი უფრო ერგონომიული გახდა. შეიცვალა ავტომობილის განათების სისტემა, რომელშიც ახლა მტავარ როლს LED-ელემენტები ასრულებს. ამის წყალობით, ღამით რბოლისას, განათება გაცილებით ეფექტურია.

”აუდი R15 TDI პლუსს” ინტენსიური ტესტები ჩაუტარდა, რომელთა განმავლობაშიც, მანქანამ 40 000 კილომეტრი გაიარა და ფაქტობრივად, ჩვენს პლანეტას ეკვატორულ სარტყელში, გარს შემოუარა (ვირტუალურად). გამოცდების დროს, მანქანამ გამძლეობაზე ორი სრულფასოვანი ტესტი ჩააბარა, რომელთა დროსაც, 30-30 საათი სარბოლ რეჟიმში იმუშავა. გარდა ამისა, მას აეროსნმიკური ტესტები ჩაუტარდა როგორც ტრასაზე, რბოლისას, ასევე სპეციალურ აეროდინამიკურ მილში. შემოწმება გაიარა ავტომობილის ძრავის გაგრილების სისტემამაც. ამისთვის, სპეციალურად დაბინძურებული გზის საფარი იქნა შერჩეული, რათა დადგენილიყო, რამდენად გამართულად მუშაობს რადიატორი და მისი ბადე, როდესაც ხანგრძლივი რბოლისას, მათი ზედაპირი მტვრით და ჭუჭყით იფარება. გარდა ამისა, ავტომობილმა ორ რბოლაშიც (საფრანგეთის ლე კასტელეში და ბელგიის სპა ფრანკორშანზე) მიიღო მონაწილეობა, რაც ასევე მისი ტესტირებისთვის იქნა გამოყენებული.

გერმანულ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ესოდენ ძვირადღირებული სატესტო პროგრამა, მათ ლე მანზე კიდევ ერთი დიდი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება.

გორდონ მარიმ ელექტრომობილ T.27-ს მონაცემები გამოაქვეყნა

Gordon Murray Releases T.27 EV Full Specifications

6 ივნისი

ცნობილმა ბრიტანელმა ინჟინერმა გორდონ მარიმ, ვისაც ერთ დროს ფორმულა 1-ში არაერთი საინტერესო პროექტი აქვს შექმნილი, შემდეგ კი, ”მაკლარენის” ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ F1-ის შექმნას ხელმძღვანელობდა, თავისი ახალი პროექტის, ჯუჯა ელექტრომობილ T.27-ის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა და პირობა დადო, რომ ეს მანქანა მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ელექტრომობილის წოდებას მოიპოვებს.

ელექტრომობილ T.27-ის შემუშავებაში, მარის ინგლისური კომპანია ”ციტეკ ავტომოტივი” ეხმარება, რომელიც ავტომობილისთვის ელექტრულ ძალურ სისტემას - ძრავს და მის მკვებავ სისტემას ამუშავებს. პროექტი 9 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა შეფასებული. ამ თანხის ნახევარი მისთვის ბრიტანეთის მთავრობის ტექნოლოგიური სტრატეგიის საბჭომ გაიღო. მარიმ პროექტზე მუშაობა 16 თვის წინ დაიწყო და აცხადებს, რომ პირველი სრულფასოვანი პროტოტიპი მზად 2011 წლის აპრილში იქნება.

ჯუჯა ავტომობილს, რომელიც გაბარიტებით ”სმარტზე” პატარა იქნება, მამოძრავებელ ძალას 34-ცხენისძალიანი ელექტროძრავი მიანიჭებს, რომელსაც ენერგიით 12 კილოვატსაათი ტევადობის მქონე ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი მოამარაგებს.

T.27-ის სიგრძე 2.5 მეტრი, სიგანე 1.3 მეტრი, სიმაღლე 1.6 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი 1.78 მეტრია. ავტომობილის წონა 680 კილოგრამი უნდა იყოს. ჯუჯა ელექტრომობილის სიჩქარე 100 კმ/სთ-ს 15 წამში მიაღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი სულ რაღაც 105 კმ/სთ იქნება. ავტომობილი აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით 160 კილომეტრის გავლას შეძლებს.

მართალია, T.27 ატმოსფეროს ნახშირორჟანგით უშუალოდ არ დააბინძურებს, მაგრამ ის ელექტროენერგია, რომელიც მას ქალაქში სამოძრაოდ დასჭირდება, კილომეტრზე 48 გრამი CO2-ის, შერეული ციკლით მოძრაობისას კი 28 გრამის ექვივალნტური იქნება. მარის განცხადებით, თავისი ექსპლუატაციის განმავლობაში, T.27 დაახლოებით 42 პროცენტით ნაკლებად დააბინძურებს გარემოს, ვიდრე ბრიტანეთში მოძრავი ავტომობილების შესაბამისი საშუალო მაჩვენებელია.

ცნობისათვის, მარი და მისმა დიზაინერულმა კომპანიამ უფრო ადრე, მუშაობა პროექტ T.25-ზე დაიწყეს, რომელიც საქალაქო ჯუჯა ავტომობილის წარმოებას ითვალისწინებს. ამ ავტომობილის ბაზაზე მუშავდება ელექტრომობილი T.27. ორივესთვის კი მარის კიდევ ერთი, წარმოების ახლებური ტექნოლოგია ”აისტრიმი” აქვს შემუშავებული, რომლის წყალობითაც, ავტომობილის წარმოების დასაწყებად საჭირო ინვესტიციის და წარმოების დროს აუცილებელი ენერგიის მოცულობის მნიშვნელოვნად შემცირებაა შესაძლებელი.

და, რაც მთავარია: ამ ავტომობილების წარმოებას თავად მარის კომპანია არ გეგმავს. ის მხოლოდ შესაბამისი ტექნოლოგიების გაყიდვითაა დაინტერესებული. მარი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, მოლაპარაკებას ორი კომპანია აწარმოებს, რომლებიც ჯუჯა ავტომობილების ბრიტანეთში წარმოებას გეგმავენ. თუ ორივე საწადელს მიაღწევს, ისინი დამატებით 6 000 სამუშაო ადგილს შექმნიან.

რაიკონენმა მოტოციკლისტს აჯობა

Kimi versus Taddy

6 ივნისი

ავსტრიის ერცბერგში ტრადიციული მოტო როდეო ჩატარდა, რომელშიც 1500-ზე მეტმა ავტო და მოტომრბოლმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის ყველაზე საინტერესო კი ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონის, ფინელი კიმი რაიკონენისა და მოტო ტრაიალში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, პოლონელი ტედი ბლაზუსიაკის დუელი იყო.

ასპარეზობას 30 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. რაიკონენმა როდეოზე მონაწილეობა თავისი ”სიტროენ C4 WRC-ით” იასპარეზა, რომლიტაც ამ სეზონში, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდის. ბლაზუსიაკმა კი თავისი ორბორბლიანი ”საბრძოლო ცხენით”, ავსტრიულ კომპანია KTM-ის საქროსო მოტოციკლით იასპარეზა. როდეოს ტრადიციისამებრ, დუელში წაგებულს, გამარჯვებულისთვის მანქანა უნდა გაერეცხა...

კიმი რაიკონენი და ტედი ბლაზუსიაკი (მარჯვნივ)
..........................................

როგორც მოსალოდნელი იყო, შეჯიბრმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მისი კულმინაცია კი ავტომრბოლისა და მოტომრბოლის გახდა. რბოლის 13-კილომეტრიანი დისტანცია, რომლის განმავლობაშიც, მის მონაწილეებს არაერთი უძნელესი მოსახვევის გავლა მოუხდათ, რაიკონენმა მეტოქეზე 25 წამით სწრაფად გაიარა.

”ამგვარ შეჯიბრში მონაწილეობა პირველად მივიღე და მისგან დიდი სიამოვნება მივიღე. დაძაბული ბრძოლა გვქონდა, თუმცა დისტანციის მიწურულს, მე უფრო სწრაფი ვიყავი. მე ის ფაქტორი დამეხმარა, რომ რალის სარბოლ ავტომობილს ქროსის მოტოციკლზე გაცილებით მეტი სიჩქარე აქვს, რთულ მოსახვევებს კი ჩვენ დაახლოებით ერთნაირად გავდიოდით. საერთოდ, მოტოციკლები ძალიან მომწონს და მიხარია, რომ ტედისთან ურთიერთობის საშუალება მომეცა”, - ფინიშის შემდეგ განაცხადა რაიკონენმა.

შეგახსენებთ, რომ ფინელმა პილოტმა გასული სეზონის შემდეგ, ”ფერარი” დატოვა და სხვა გუნდებთან წარმოებული უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე გადაინაცვლა, სადაც ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე ქულის მოპოვება შეძლო.

კარგა ხანს, ფორმულა 1-ის პადოკში ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მომავალ სეზონში, რაიკონენი ”რედ ბულში” ავსტრალიელ მარკ უებერს შეცვლიდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის (რედ ბულის) გუნდს უებერთან კონტრაქტის გაგრძელება სურს...