Monday, April 26, 2010

”ბენტლი” გაყიდვების ზრდის მოლოდინშია

Bentley CEO says luxury buyers are spending again

26 აპრილი

სულ რაღაც სამი წლის წინ, ”ბენტლის” საქმეები შესანიშნავად მიდიოდა - კომპანიამ გაყიდვების პიკს მიაღწია და ისე ჩანდა, რომ მომავალი კიდევ უფრო წარმატებული უნდა ყოფილიყო. მაგრამ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ლუქსის კლასის ავტომობილების პოტენციურ მყიდველების დიდ ნაწილს მომჭირნეობისკენ უბიძგა.

მაგრამ კრიზისმა ჩაიარა და გამოკეთება ბაზრის ლუქს სეგმენტსაც დაეტყო. ამის კვალობაზე, ”ბენტლის” მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ წელს მათი კომპანია დაახლოებით 5 000 ავტომობილის გაყიდვას შესძლებს. ეს კი იმის ნახევარია, რაც 2007 წელს გაიყიდა.

”ბენტლის” მთავარი აღმასრულებელი ფრანც-იოზეფ პაეფგენი ამბობს, რომ მალე მისი კომპანია გაყიდვებს 8-9 ათასამდე გაზრდის. მისი თქმით, ლუქს კლასის ავტომობილების სეგმენტში გაყიდვების ზრდა იმის შედეგია, რომ მდიდრები ფულს უკვე გაცილებით თამამად ხარჯავენ, ვიდრე თუნდაც შარშან. ეს კი კარგის ნიშანია.

პაეფგენს ოპტიმიზმის საფუძველს ასევე ჩინური ბაზრის ძალიან სწრაფი ზრდა აძლევს. ”ჩინეთში ეკონომიკა აფეთქებასავით ვითარდება. ეს უდიდესი ბაზარია, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება. სტაბილურია ახლო აღმოსავლეთის ბაზარიც, რასაც ვერ ვიტყვით ამერიკულ ბაზარზე”, - ამბობს პაეფგენი.

სამი წლის წინ, ”ბენტლის” გაყიდვების ზრდა მისი ძირითადი მოდელის, ”კონტინენტალის” პოპულარობამ განაპირობა. ეს მოდელი კუპეს, სედანისა და კაბრიოლეტის ძარით, შედარებით იაფი ღირს და ახლოსაა იმ საფასო სეგმენტთან, რომელშიც ”მერსედეს-ბენცი”, ”ბეემვე”, ”აუდი” და ”მაზერატი” ფიგურირებენ. ეს გაცილებით დიდი სეგმენტია, ვიდრე ის, რომელშიც ”როლს როისის” მოღვაწეობს.

სამი წლის წინ, ”ბენტლიმ” მთელს მსოფლიოში 10 014 ავტომობილი გაყიდა, რაც ინგლისური კომპანიის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. აქედან 3 990 ავტომობილი მარტო აშშ-ში გაიყიდა. სამაგიეროდ, იქვე შარშან ”ბენტლის” ავტომობილების შეძენა მხოლოდ 1 367-მა ადამიანმა ისურვა. ეს კი წინა წლის შესაბამისი მონაცემის თითქმის ნახევარია. ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ ”ბენტლიმ” შარშან 262 მილიონი დოლარი იზარალა. ეს მაშინ, როდესაც წინა წელს მოგებამ მხოლოდ 13.5 მილიონი შეადგინა.

დღეს კი კომპანია ეკონომიკური აღმავლობის დასაწყისს მოძველებული მოდელებით ხვდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ეკონომიკის აღმავლობა პროგნოზირებული სწრაფი ტემპით განვითარდა, ”ბენტლის” გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი შედარებით ნელი იქნება.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ინგლისური კომპანია ეკონომიკის ზრდის ტემპს ფეხს ვერ აუბამს ისაა, რომ მან შარშან კუპე ”კონტინენტალ GT-ს” (სურათზე) წარმოება შეაჩერა. ამ მოდელის (ეს პირველი ავტომობილია, რაც ბენტლიმ მას შემდეგ გამოუშვა, რაც ფოლკსვაგენის ჯგუფში შევიდა) შემცვლელი კი ბაზარზე მხოლოდ მერმისს გამოჩნდება.

”პორშემ” ჰიბრიდულ ”918 სპაიდერზე” 900-ზე მეტი შეკვეთა მიიღო

More Than 900 Buyers Express Interest in Porsche's 918 Spyder Hybrid

26 აპრილი

ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე, ”პორშემ” საზოგადოებას თავისი მორიგი კონცეპტუალური შედევრი - ”918 სპაიდერი” უჩვენა, რომელიც ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. გამოფენაზე ამ ავტომობილმა სპეციალისტების და დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა, თუმცა კომპანიამ გამოაცხადა, რომ მის წარმოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტდა, თუ მასზე ათასზე მეტ შეკვეთას მიიღებდა.

და აი, როგორც ჩანს, ”918 სპაიდერს” მალე მწვანე შუქს აუნთებენ - პეკინის ავტო შოუზე, ”პორშეს” განვითარების შტოს შეფმა ვოლფგანგ დურჰაიმერმა განაცხადა, რომ მის კომპანიას, ჰიბრიდულ სუპერქარზე უკვე 900-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული.

”იმისათვის, რომ ამ ავტომობილის წარმოება გადავწყვიტოთ, მინიმუმ ათასი მყიდველი გვჭირდება. პირადად მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მალე ”918 სპაიდერის” შეძენის რეალურ სურვილს ათასზე მეტი ადამიანი გამოთქვამს”, - სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა დურჰაიმერმა.

უფრო ადრე, ”პორშეს” მთავარ აღმასრულებელს მიხაელ მახტს ნათქვამი აქვს, რომ მის კომპანიაში თითქმის ყველას სურს, რომ ”918 სპაიდერის” წარმოებას მწვანე შუქი აენთოს. ”ჟენევაში ამ ავტომობილზე წარმოუდგენლად კარგი რეაქცია მივიღეთ”, - განაცხადა მახტმა.

გარდა იმისა, რომ ძალიან მიმზიდველად გამოიყურება, ჰიბრიდული ავტომობილი შესანიშნავი ტექნიკურ-ეკონომიკური მახასიათებლებითაც გამოირჩევა. მის ჰიბრიდულ სისტემაში შედის 3.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 (სიმძლავრე 500 ცხენის ძალა) და ორი ელექტროძრავი (მათი ჯამური სიმძლავრე 218 ცხენის ძალას აღწევს). ამ ელექტროძრავებიდან ერთი წინა ღერძს ემსახურება, მეორე კი - უკანას. შიდაწვის ძრავთან, ორმაგი ქუროთი დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი.

”პორშეს” მონაცემებით, მარტო ელექტროძრავებით, ”918 სპაიდერს” დაახლოებით 25 კილომეტრის გავლა შეუძლია. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს ის 3.2 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს. და, ყველაზე მთავარი - 100 კილომეტრის გასავლელად, ავტომობილს 3 ლიტრი საწვავიც ჰყოფნის.

ჩინური ხელნაკეთი ავტომობილი 3 000 დოლარად

Lorry driver builds himself a Lamborghini

26 აპრილი

ამ სურათს შეხედეთ და თქვით, რა აქვს მასზე გამოსახულ ავტომობილს საერთო ”ლამბორგინისთან”? ალბათ მხოლოდ ის, რომ კარები იტალიური კომპანიის ავტომობილებისთვის დამახასიათებელ სტილში - ქვევიდან ზევით ეხსნება. მეტი არაფერი! თუმცა მისი შემქმნელი, 25 წლის ჩინელი ენთუზიასტი ჩენ ძინმიაო ამბობს, რომ თავის ”შედევრზე” მუშაობისას, შთაგონების წყარო სწორედ ”ლამბოს” ავტომობილებისგან მიიღო.

ავტომობილს სახელი არ აქვს. მის შესაქმნელად ძინმიაომ ერთი წელი იმუშავა და სულ რაღაც 3 000 დოლარი დახარჯა. ავტომობილის ავტორი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება ”ლამბორგინის” ავტომობილებზე იცნებობს. მათში კი დიზაინი და დინამიკური მონაცემები მოსწონს. ისე, მისი ”შედევრი” ვერც დახვეწილი გარეგნობით დაიკვეხნის და ვერც სიჩქარით. ოთხკუთხა ფორმებით გამორჩეული სუბკომპაქტური ყვითელი ავტომობილი სულ რაღაც 80 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს.

ეგ არაფერი, ძინმიაოს ჯერ თავისი ავტომობილით სარგებლობის უფლება არ მიუღია. და თუ ვერც ვერასდროს მიიღებს, მაშინ მას სამუდამოდ მიუჩენს ადგილს საკუთარ ავტოფარეხში.

სხვათა შორის, ”ლამბორგინის” ტრფიალები საკუთარი ხელით ავტომობილებს მარტო ჩინეთში როდი ქმნიან. მაგალითად, ორი წლის წინ, ამერიკელმა კენ იმჰოფმა თავის მეზობლებს ”ლამბორგინის” ლეგენდარული მოდელის, ”კოუნტაჩის” ზუსტი ასლი უჩვენა, რომელსაც ის თურმე 17 წელი ქმნიდა...

”ძაგატომ” კერძო შეკვეთით მორიგი შედევრი დაამზადა

Zagato's One-Off Alfa Romeo TZ3 Corsa

26 აპრილი

ჩრდილოეთ იტალიაში, ტბა კომოს მახლობლად, ტრადიციული კონკურსი ”კონკორსო დ’ელეგანსა ვილა დ’ესტე” ჩატარდა, რომელზეც სადიზაინერო ატელიე ”ძაგატომ” თავისი მორიგი შედევრი - კერძო შეკვეთით დამზადებული ”TZ3 კორსა” წარადგინა. ეს ავტომობილი ”ალფა რომეოს” გერმანელ კოლექციონერ მარტინ კაპის შეკვეთით, ”ალფა რომეოსა” და ”ძაგატოს” თანამშრომლობის დაწყებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადდა.

სპორტული ავტომობილის სრული სახელწოდებაა ”ალფა რომეო ძაგატო TZ3 კორსა”. ის ორადგილიანია. ძრავი მის ბაზაშია მოთავსებული, წამყვანი კი უკანა ბორბლებია. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.345 მეტრი, სიგანე 1.944 მეტრი, სიმაღლე 1.200 მეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2.500 მეტრი.

ამ ავტომობილის შასის უმეტესი ნაწილი და ძარა კარბონის კომპოზიტისა და ალუმინისგანაა დამზადებული, რითაც ინჟინრებმა წონის შემცირებას მიაღწიეს - ”TZ3 კორსა” სულ რაღაც 850 კილოგრამს იწონის. ის 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც ”პირელის” წარმოების საბურავებითაა შემოსილი.

”TZ3 კორსას” ბაზაში მოთავსებულია ბენზინის 4.2-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი. ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ზე მეტია.

”ფოლკსვაგენმა” ჰანოვერში ელექტრული ტაქსი წარმოადგინა

Volkswagen Presents All-Electric Taxi in Hannover

26 აპრილი

”მილანო ტაქსი” - ასე ჰქვია ელექტრომობილს, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” ჰანოვერის სამრეწველო ბაზრობაზე წარმოადგინა. ეს ავტომობილი კონცეპტუალური Up!-ის ბაზაზეა დამზადებული და ის სერიული მოდელის საცდელ პროტოტიპს წარმოადგენს. გერმანული კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ავტომობილის წარმოება სამ წელიწადში დაიწყება.

”მილანო ტაქსის” გაბარიტებია: სიგრძე 3.73 მეტრი, სიგანე 1.66 მეტრი და სიმაღლე 1.60 მეტრი. სალონში, ძირიდან ჭერამდე სიმაღლე 0.994 მეტრია, წინა სავარძლის ზურგსა და უკანა სავარძელზე მჯდარი მგზავრის მუხლებს შორის მანძილი კი 0.120 მეტრს შეადგენს.

საინტერესოა, რომ სალონში, წინ მხოლოდ ერთი - მძღოლის სავარძელია. ეს კი, უკანა სავარძელზე მგზავრებისთვის მეტ სივრცეს ათავისუფლებს და დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. წინა მგზავრის სავარძლის ადგილი, ბარგის დასადებადაც გამოიყენება. უკანა სავარძლებზე მოხვედრის გასაადვილებლად კი, მარჯვენა უკანა კარი ავტომობილის გასწვრივ, წინისკენ იღება.

მძღოლის სავარძლის გვერდზე მოთავსებულია 8-დუიმიანი მონიტორი, რომელზეც მგზავრებს ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. მაგალითად, ამ მონიტორის მეშვეობით შეიზლება იმის გაგება, თუ რამდენი ენერგიაა დარჩენილი აკუმულატორებში, რა მანძილის გავლა შეიძლება ამ ენერგიით. აქვე, სანავიგაციო სისტემის მეშვეობით, შეიძლება იმ გზის მდგომარეობის ნახვა, რომლითაც ავტომობილმა უნდა იმოძრაოს. ამავე მონიტორით ამინდის პროგნოზსაც შეიტყობთ და ავტომობილის კლიმატ კონტროლის სისტემასაც დაარეგულირებთ. აქვეა სპეციალური ტერმინალი, რომელიც მგზავრობის საფასურის საბანკო ბარათით გადახდის საშუალებას იძლევა.

დაბოლოს, ”მილანო ტაქსის” აღჭურვილობის შესახებ. მას მამოძრავებელ ძალას ანიჭებს ელექტროძრავი, რომლის სიმძლავრეც 85 კილოვატს აღწევს. მას ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლებში დაგროვილი ენერგიაც საკმარისია იმისათვის, რომ ტაქსიმ გაუჩერებლად 300 კილომეტრი გაიაროს. აკუმულატორების 80 პროცენტით დამუხტვას ერთი საათი სჭირდება, სრული დამუხტვისთვის კი გაცილებით მეტი დროა (ჯერჯერობით ეს მონაცემი არ ქვეყნდება) საჭირო. ”მილანო ტაქსის” მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს.

ჰიბრიდული ”ფისკერ კარმა” ამერიკულ ტურნეში მიემგზავრება

Fisker Karma’s US tour

26 აპრილი

ამერიკული კომპანია ”ფისკერი” ბაზრისთვის თავის ჰიბრიდულ ოთხკარიან კუპე (ან სპორტულ სედან) ”კარმას” ამზადებს და მისთვის ამერიკის და კანადის ქალაქებსა და შტატებში პრომო ტურნეს აწყობს. ტურნე 10 კვირა გაგრძელდება და ის 26 შტატსა და 42 ქალაქს მოივლის.

პრომო ტურის მთავარი დანიშნულებაა წარმოებისთვის უკვე მომზადებული ჰიბრიდული ავტომობილის პოტენციური მყიდველისთვის გაცნობა. გარდა ამისა, მას იმ ადამიანებს უჩვენებენ, რომლებმაც ”კარმას” შეძენაზე წინასწარი განაცხადი გააკეთეს და დეპოზიტის სახით, 5 000 დოლარიც გადაიხადეს.

”ფისკერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ასეთი 1 600 განაცხადი უკვე მიღებული აქვს. ამ ადამიანებს მალე მიეცემათ კონკრეტული შეკვეთების პროცედურის დაწყების საშუალება. ისინი შეარჩევენ ავტომობილის კომპლექტაციას და იმ მასალებს, რომლებითაც სალონი გაფორმდება.

ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებისა და ბაზარზე ”კარმას” გამოშვებისთვის, ”ფისკერმა” აშშ-ის მთავრობისგან, შეღავათიანი სესხის სახით, 528 მილიონი დოლარი მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი სრულიად ახალი ჰიბრიდული მოდელის, შედარებით ხელმისაწვდომი ”ფისკერ ნინას” შემუშავებას და წარმოებისთვის მომზადებას მოხმარდება. ”ფისკერი” წლიურად 100 000 ცალი ”ნინას” წარმოებას გეგმავს. თითოეული ავრომობილის ფასი კი 45 000 დოლარი უნდა იყოს.

რაც შეეხება ”კარმას”, ამერიკაში მისი ღირებულება 80-დან 100 000 დოლარის ფარგლებში იქნება. ეს ავტომობილი ჰიბრიდულ დანადგარ Q-დრაივითაა აღჭურვილი, რომელშიც, შიდაწვის ძრავთან ერთად, ორი ელექტროძრავიც შედის. ელექტროძრავების ჯამური სიმძლავრე 403 ცხენის ძალას აღწევს, 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავისა კი (მას ოთხი ცილინდრი აქვს) – 260 ცხენის ძალას. ამ უკანასკნელის დანიშნულება მხოლოდ ისაა, რომ მასთან დაკავშირებული გენერატორი ამუშაოს, რომელიც ავტომობილის მოძრაობისას, ელექტროძრავების მკვებავ ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს დამუხტავს. აკუმულატორების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ”კარმამ” 80 კილომეტრი გაიაროს, გენერატორის დახმარებით კი მისი სვლის სიშორე 480 კილომეტრამდე იზრდება.

”ფისკერი” თავის შემკვეთებს ”კარმას” პირველ ეგზემპლარებს მერმისს წლის პირველ კვარტალში მიაწვდის.

”ბეემვე” პირველ ელექტრომობილს 2013 წელს გამოუშვებს

BMW to Launch All-Electric Megacity Vehicle in 2013

26 აპრილი

სააგენტო დოუ ჯონსთან საუბრისას, ”ბეემვეს” მთავარმა აღმასრულებელმა ნორბერტ რაიტჰოფერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია თავის პირველ ელექტრომობილს, რომელიც ამჟამად ”მეგასიტის” სახელითაა ცნობილი, 2013 წელს გამოუშვებს. ამასთან, ეს ავტომობილი სრულიად ახალი მარკით გაიყიდება, რომლის სახელსაც ბავარიელები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავენ.

რაიტჰოფერი ამბობს, რომ ”მეგასიტი” თავის კლასში სრულიად ახალ სტანდარტებს დაუდებს სათავეს, რომლებიც მისი კონკურენტებისთვის სამაგალითო იქნება. მისი მთავარი თვისება კი სიმსუბუქე გახდება. ელექტრომობილის კონსტრუქციაში მრავლად გამოიყენებენ მსუბუქ მასალებს, როგორიცაა ნახშირბადოვანი კომპოზიტი.

კომპოზიტური დეტალების წარმოებაში, ”ბეემვეს” პარტნიორობას გერმანული კომპანია ”SGL Group კარბონი” გაუწევს. მალე ისინი ერთობლივ საწარმოებს აშს-სა და გერმანიაში ააგებენ.

ბავარიელებს პარტნიორები ეყოლებათ ლითიუმ-იონური აკუმულატორების წარმოებაშიც - ”ბეემვეს” ელექტრომობილებისთვის, აკუმულატორების ბლოკებს ”ბოშთან” და ”სამსუნგთან” ერთად შექმნილი ერთობლივი საწარმო გამოუშვებს.

პარალელურად, ”ბეემვე” სრულიად ახალ ელექტრომობილს თავის ჩინელ პარტნიორთან, ”ბრილიანს ავტომოტივთან” ერთადაც შექმნის და ეს ავტომობილი, უპირველესად ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი

ცნობისათვის, ელექტრომობილი ”მეგასიტი” პროექტ ”პროჯექტ i-ს” ფარგლებში მუშავდება. ამ პროექტს დასაბამი შარშან დაედო და ის ახალი ბრენდით, ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებათა შემუშავებას და ბაზარზე დამკვიდრებას ითვალისწინებს.

”ნისანი” ელექტრომობილ ”ლიფზე” შეკვეთებს ვერ აუდის

Nissan takes reservations for 6,635 Leafs in 3 days

26 აპრილი

სამ დღეში მას შემდეგ, რაც თავის პირველ ელექტრომობილ ”ლიფზე” შეკვეთების მიღება დაიწყო, ”ნისანის” ჩრდილოამერიკულ შტოს, მასზე ინტერნეტით 6 635 მოთხოვნა შეუვიდა. და ეს მაშინ, როდესაც ეს ავტომობილი ამერიკელ დილერთა შოურუმებში მხოლოდ დეკემბერში გამოჩნდება.
იაპონურმა კომპანიამ თავისი ამერიკული შტოს საიტზე შეკვეთების მიღება 20 აპრილს დაიწყო. მყიდველს საშუალება აქვს, ამ საიტზე განაცხადი შეიტანოს და ის სიმბოლური გადასახადით - 99 დოლარით გაამყაროს. კომპანიის პრესმდივანმა კეტრინ ზახარიმ განაცხადა, რომ სამ დღეში შემკვეთტა რაოდენობამ 6 635-ს მიაღწია. მისივე თქმით, შეკვეთების ინტერნეტით მიღება ოთხი კვირა გაგრძელდება. ”ნისანის” ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ სანამ ”ლიფს” დილერები მიიღებენ, მასზე 25 000 შეკვეთის მიღება მოესწრება.
მალე ”ნისანი” ქალაქ სმირნაში (შტატი ტენესი) ახალი ქარხნის მშენებლობას დაიწყებს, რაშიც 1.8 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გაიღებს. ეს თანხა, მშენებლობის გარდა, ქარხნის აღჭურვასაც მოხმარდება. მისი საწარმოო სიმძლავრე კი წლიურად 150 000 ცალი ელექტრომობილი ”ლიფი” და აკუმულატორების 200 000 ბლოკი იქნება.
”ნისან ლიფის” ამერიკული ვერსიის ღირებულება 32 780 დოლარია. მაგრამ ელექტრომობილი 7 500-დოლარიანი საგადასახადო შეღავათით ისარგებლებს, რისი წყალობითაც, მისი ღირებულება 25 280 დოლარამდე შემცირდება. ეს კი თითქმის ჰიბრიდული ”ტოიოტა პრიუსისა” და ”ჰონდა ინსაითის” ფასის ტოლფასია. თუმცა, ამ ფასში ტრანსპორტირების ხარჯები არ შედის.

”ნისანი” თავისი ელექტრომობილების შეძენის მსურველებს ერთ აუცილებელ პირობას უყენებს - ”ლიფის” შეძენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს შინ აკუმულატორების დამმუხტავი საშუალება ექნება დამონტაჟებული. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ყველა შემკვეთი, რომელმაც საიტზე წინასწარი თანხა უკვე შეიტანა, სასურველი ავტომობილის მიღებამდე, სახლში დამმუხტავ მოწყობილობას აუცილებლად დაამონტაჟებს. ”ნისანისვე” ინფორმაციით, თითოეული ასეთი მოწყობილობა, დამონტაჟების ხარჯთან ერთად, 2 200 დოლარი დაჯდება.

გარდა ამისა, ყველა შემკვეთი გაივლის ტესტირებას, რომლის დროსაც, ”ნისანის” სპეციალისტები შეაფასებენ, რამდენად შეესაბამება მყიდველის მართვის მანერა ელექტრომობილის შესაბამის კრიტერიუმებს. არაა გამორიცხული, რომ კომპანიამ ზოგიერთი მყიდველი დაიწუნოს. ამ შემთხვევაში, ასეთ შემკვეთებს, ასევე იმათ, ვისაც სახლში აკუმულატორების დამმუხტავი დამონტაჟებული არ ექნება, წინასწარ გადახდილი თანხა დაუბრუნდებათ.

დაკიდევ, პირველ ხანებში, ”ნისანი” თავის ელექტრომობილს იმ ქალაქებში გაყიდის, სადაც ელექტრომობილების დამუხტვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არსებობს. სხვათა შორის, ამერიკის ზოგიერთმა ქალაქმა, რეგიონმა და შტატმა (სან დიეგო, ჰიუსტონი, ფინიწსი-ტუსანის კორიდორი, შტატი ტენესი და შტატი ორეგონი) უკვე დაიწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.

”ფერარი 599XX-მა” ნურბურგრინგის რეკორდი გააუმჯობესა

Ferrari 599XX

26 აპრილი

ბრიტანულ გამოცემა ”ქარ-ის” ცნობით, ”ფერარი 599XX” გერმანულ ავტოდრომ ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟის ახალი რეკორდსმენი გახდა სერიულ ავტომობილებს შორის. ამ მანქანამ ნორდშლაიფი (ჩრდილოური მარყუჟი) 6 წუთსა და 58.16 წამში გაიარა და თითქმის 13 წამით გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც გერმანულ სუპერ ავტომობილ ”გუმპერტ აპოლოს” ეკუთვნდა.

ამაზე სწრაფად ნორდშლაიფ სარბოლი ავტომობილები გადიან, რომელთა შორისაც, საუკეთესო შედეგი დღეისათვის ბრიტანულ ”რადიკალ SR8-ს” ეკუთვნის, რომელსაც ერთი წრე 6 წუთსა და 48 წამში აქვს გავლილი. მართალია, ”ფერარი 599XX” სპეციალურად, ტრასის დღეებისთვის შექმნილი ავტომობილია და საერთო სარგებლობის გზებისთვის არაა შექმნილი, მაგრამ სარბოლთა კლასს არ განეკუთვნება. ”რადიკალი” კი სარბოლი ავტომობილის ბაზაზეა აგებული.

”ფერარი 599XX” პირველად შარშან, ჟენევის საავტომობილო შიუზე გამოჩნდა. ის კუპე ”599 GTB ფიორანოსგან” აღებული V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრემაც, მოდიფიკაციის შემდეგ, 730 ცხენის ძალას მიაღწია. ძრავის ბრუნთა მაქსიმალური რიცხვი 9 000-ს აღწევს. დინამიკური მახასიათებლების გასაუმჯობესებლად, ”ფერარი 599XX” სისტემა ”ექტივფლოუთია” აღჭურვილი, რომელიც ავტომობილის აეროდინამიკურ მახასიათებლებს, მისი სიჩქარის შესაბამისად ცვლის და ამგვარად, გზასთან ოპტიმალურ ჩაჭიდებას უზრუნველყოფს. მაგალითად, 300 კმ/სთ სიჩქარეზე, აეროდინამიკური დატვირთვა 630 კილოგრამს აღწევს.

”ფერარი” ამ სატრეკო ავტომობილს მხოლოდ 29 ცალს დაამზადებს, თითოეულის ფასი კი 1.3 მილიონი ევრო იქნება.

”ფიატ 500-ის” ბაზაზე მინივენს დაამზადებენ

Fiat 500

26 აპრილი

დღიდან ბაზარზე მისი დაბრუნებისა, ”ფიატ 500” დიდი პოპულარობით სარგებლობს, საავტომობილო მედიამ მას წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებაც არგუნა. ბუნებრივია, ყოველივემ ტურინული კომპანიის მარკეტოლოგები ამ ავტომობილის ბაზაზე სხვა მოდელების წარმოების შესაძლებლობაზეც დააფიქრა.

ინტერნეტ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსი” იუწყება, რომ თავიდან, ახალი ავტომობილი მხოლოდ ევროპული ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. შემდეგ კი მას ამერიკაშიც შეიტანენ. ოღონდ, როდის მოხდება ეს, ჯერ დადგენილი არაა. სამაგიეროდ, გამოცემის სამი სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ ”ჩინკვეჩენტოს” ბაზაზე მინივენის წარმოება ”ფიატს” გადაწყვეტილი აქვს.

მინივენი რეალურად, ”ფიატ 500-ის” ოთხკარიანი ვერსია იქნება და მათ დიზაინში მცირე დეტალები განასხვავებს. შემუშავების პროცესში მყოფი ავტომობილის შიდაკორპორატიული კოდური სახელწოდება L0-ია. ის ”ჩინკვეჩენტოს” დაგრძელებულ პლატფორმას დაეფუძნება.

ახალ ავტომობილს კონცერნის ტურინული ქარხანა გამოუშვებს, ამერიკის ბაზრისთვის განკუთვნილ ვერსიას კი ”კრაისლერის” მექსიკურ ქარხანაში დაამზადებენ. სხვათა შორის, ეს ქარხანა ჩვეულებრივი 500-ის წარმოებასაც მალე დაიწყებს.

ამგვარად, მინივენი გახდება მეოთხე მოდელი, რომელსაც ”ფიატი” ამ პოპულარული ავტომობილის ბაზაზე გამოუშვებს. პირველი სამია: ჰეჩბეკი, კაბრიოლეტი და სპორტული ”აბარტი”.

ცოტა ხნის წინ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ”ფიატი” 500-ის ბაზაზე მინი ქროსოვერის წარმოებასაც აპირებს. მაგრამ ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

აღსანიშნავია, რომ მალე ”კრაისლერი” ამერიკაში, ”ფიატის” მიერ წარმოებული ავტომობილის - სუბკომპაქტური სედანის თავისი ბრენდით გაყიდვას დაიწყებს. ამ ავტომობილს ”ფიატის” სერბული საწარმო გამოუშვებს. ეს ქარხანა ადრე სერბულ კომპანია ”ზასტავას” ეკუთვნოდა და რომლის აქციების 67 პროცენტიც ტურინელებმა შარშან გამოისყიდეს.

”ნისანი” ქალაქის ჯუჯას გამოუშვებს

Nissan Nuvu

26 აპრილი

იაპონური კომპანია ”ნისანი” მალე ბაზარზე ევროპაში პოპულარულ ჯუჯა ”ტოიოტა iQ-ს” კონკურენტს გამოუშვებს. ”ნისანისეული” ჯუჯა კონცეპტუალური ”ნუვუს” ბაზაზე შეიქმნება, რომელიც მან ორი წლის წინ, პარიზის საავრომობილო შოუზე წარადგინა.

ამ კონცეპტუალურ ავტომობილს ერთმოცულობიანი ძარა აქვს, თუმცა უფრო ჰეჩბეკს მოგვაგონებს. ზომით ის თითქმის iQ-ს ტოლია და მასავით, სალონში მხოლოდ სამი სავარძელი აქვს. ამასთან, წინა მგზავრის ადგილი საკმაოდ წინაა წაწეული.

არაა გამორიცხული, რომ ”ნისანის” ჯუჯას სპეციალური იაფფასიანი ვერსიაც ექნება, რომელიც პირველ რიგში, ინდური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. ამ ვერსიის ღირებულება 3 000 დოლარის ფარგლებში მოექცევა და ამგვარად, ის კონკურენციას გაუწევს ”ტატა ნანოს”, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს უიაფესი ავტომობილია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ”ტატა ნანო” მალე გაძვირდება. ამგვარად, ”ნისანის” ჯუჯას სახით, მას მეტად სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.

”ნისანის” ჯუჯას ევროპული და ინდური ვერსიების გაყიდვები თითქმის ერთდროულად, 2012 წელს დაიწყება.