Tuesday, December 1, 2009

”გრეიტ უოლი” ევროპაში გაყიდვებს იწყებს
Great Wall to Bring Coolbear in Europe
1 დეკემბერიჩინური ავტომწარმოებელი ”გრეიტ უოლი” (დიდი კედელი) 2010 წლიდან ევროპის ბაზარზე თავისი უახლესი მიკროვენის - ”ქულბეარის” გაყიდვების დაწყებას გეგმავს. ამ ავტომობილს ევროპულ ბაზარზე მწვანე შუქი მას შემდეგ აენთო, რაც მან ბრიტანულ სასერტიფიკაციო სააგენტოში გაიარა ტესტები.
გამოცემა ”ჩაინა ქარ ტაიმსის” ინფორმაციით, ”გრეიტ უოლი” აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში საქმიანობის გაფართოებას ესწრაფვის და ”ქულბეარის” გაყიდვის დაწყება, ამ მხრივ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება.
”ქულბეარი” გარეგნულად ”სციონის” (ტოიოტას ამერიკული ახალგაზრდული ბრენდი) პოპულარულ xD-ს ჰგავს. ის 1.5-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელთანაც მექანიკური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. მალე კი ავტომატურის გამოყენებაც იქნება შესაძლებელი. რაც მთავარია, კომპანიის განცხადებით, ნახსენები ძრავი გამონაბოლქვზე ევრო5 სტანდარტს აკმაყოფილებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპულ ბაზარზე, რეგულატორების მხრიდან, ამ ავტომობილს დაბრკოლება არ შეექმნება.
ძრავი 6 000 ბრ/წთ-ზე მაქსიმუმ 103 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი მაბრუნი მომენტის ჭერი კი 138 ნიუტონმეტრს (4 200 ბრ/წთ-ზე) აღწევს. ადგილიდან 60 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად, ავტომობილს 4.7 წამი სჭირდება, 0-დან 90 კმ/სთ-ს კი მისი სიჩქარე 6.0 წამში აღწევს.
”გრეიტ უოლი” ევროპის ბაზრისთვის ავტომობილების წარმოებას ბულგარეთში ლოვეხის ქარხანაში აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანიის ბულგარული საწარმოს წლიური სიმძლავრე 50 000 ავტომობილია. იქ სულ ოთხი მოდელის წარმოება იგეგმება. ”ქულბეარის” გარდა, ის გამოუშვებენ სედან ”ფლორიდს”, უგზოობის ”ჰოვერ 5-ს” და პიკაპ ”უინგლის”. აღნიშნული ქარხანა წარმოებას ალბათ 201 წლის პირველ ნახევარში დაიწყებს.
ჯერჯერობით უცნობია ”ქულბეარის” ფასი, თუმცა ზოგიერთი წყაროს ცნობით, ამ ავტომობილის ღირებულება 12 000 დოლარის ფარგლებში იქნება.
ბრიტანული კომპანია მსოფლიოს უიაფეს ავტომობილს გამოუშვებს
British Company Confirms World's Cheapest Car
1 დეკემბერითუ ბრიტანულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, მალე ”ტატა ნანო” (სურათზე) მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის წოდებას დაკარგავს და ეს პატარა ბრიტანულ კომპანია ”ეკოკა-ს” დამსახურება იქნება. ამ კომპანიის ინჟინრები ახლა იმას არკვევენ, რამდენად შესაძლებელია მიკროავტომობილის შექმნა, რომლის ფასიც 2 200 დოლარზე მეტი არ იქნება.
ეს უნდა იყოს ორადგილიანი ჯუჯა, რომელსაც 340 კუბური სანტიმეტრი მოცულობის ბენზინის ძრავი ექნება და კომპანიის განცხადებით, ”ტატა ნანოზე” ზუსტად 487 დოლარით იაფი ეღირება. ასეთი სიზუსტით ფასის გამოცხადება, ცოტა არ იყოს, ეჭვს იწვევს. სამაგიეროდ, ”ეკოკა” გვამცნობს, რომ მისი ავტომობილის შემუშავებაში მონაწილეობას დაუსახელებელი ინდური კომპანიის სპეციალისტებიც მიიღებენ.
”ჩვენი კომპანიისთვის ყველაზე მიმზიდველი ინდოეთის ბაზარია, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ავტომობილი 2 200 დოლარად გავყიდოთ და საკმარისი მოგებაც მივიღოთ”, - ამბობს ”ეკოკა-ს” მმართველი დირექტორი კარმან ნაღდი.
მართალია, ბატონი ნაღდი თავისი პარტნიორი ინდური კომპანიის სახელს არ გვამცნობს, მაგრამ ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ ეს ”მაჰინდრა ენდ მაჰინდრა” უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, ამ ავტომობილის შესახებ რაიმე ინფორმაცია ჯერ არ მოიპოვება. მაგრამ იმავე ბრიტანული პრესის ვარაუდით, მას ”ფოლკსვაგენის ხოჭოს” თშაგონებით შექმნიან. ანუ, ის სახალხო ავტომობილი უნდა იყოს. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილის წონა 330 კილოგრამზე მეტი არ უნდა იყოს. ცნობილია ასევე, რომ ის ავტომატური კოლოფით აღიჭურვება, 100 კილომეტრის გავლისას მხოლოდ 3.7 ლიტრ საწვავს დაწვავს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 70 კმ/სთ იქნება.