Thursday, June 18, 2009

გუნდებმა გორდიას კვანძი გადაჭრეს

Formula 1

19 ივნისი

გუშინ, ”რენოს” ენსტოუნის ბაზაზე, გვიან დასრულდა მოლაპარაკება ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციის (FOTA) წევრი რვა საჯინიბოს ხელმძღვანელობას შორის, რომლის შემდეგაც გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელი ხდება ფ1-ის ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზება.

დღეს მთავრდება ბოლო ვადა იმ გუნდებისთვის, რომლებსაც ჯერ მტკიცედ ვერ გადაუწყვეტიათ, აპირებენ მომავალი სეზონის ჩემპიონატზე ასპარეზობას, თუ - არა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) გუნდებს შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა, როგორც ჩანს, ეს უკანასკნელნი დათმობას არ აპირებენ.

”მას შემდეგ, რაც შარშან FOTA ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ თანამშრომლობა FIA-სა და ფ1-ის კომერციულ უფლებათა მფლობელსაც (იგულისხმება ბერნი ეკლსტოუნი) შევთავაზეთ, რისი მიზანიც, ჩვენი სპორტის განვითარება იყო. არნახულმა ფინანსურმა კრიზისმა, ფორმულა 1-ს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მაგრამ FOTA-მ უმოკლეს ვადაში მოახერხა ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.

საქარხნო გუნდები კერძო გუნდებს დაეხმარნენ. ზოგიერთი მათგანი ახლა ჩვენს სპორტში არ იქნებოდა, FOTA-ს რომ არ ეაქტიურა. გუნდებმა ხარჯების ნებაყოფლობით შემცირებაზე მოილაპარაკეს, რითაც შემდგომ პროგრესს ჩაეყარა საფუძველი. ამ ძალისხმევის შემდეგ, გუნდებმა FIA-ს და კომერციულ უფლებათა მფლობელს ჩემპიონატში 2012 წლამდე დარჩენის სურვილი დაუდასტურეს.

ამის პასუხად, FIA-მ და კომერციულ უფლებათა მფლობელმა ჩაატარეს კამპანია, რომლის მიზანიც FOTA-ს დაქსაქსვა იყო. გუნდების უმრავლესობის სურვილები არავის გაუთვალისინებია, კომერციულ უფლებათა მფლობელი მათ მილიონობით საპრიზო დოლარის გაცემას უგვიანებს. არადა, გუნდებს გულწრფლად სჯეროდათ, რომ კომპრომისი შესაძლებელი იყო.

მაგრამ როცა სასწორზე სპორტის ფუნდამენტური ფასეულობები დევს, გუნდებს კომპრომისზე წასვლა მიუღებლად მიაჩნიათ და 2010 წლის ჩემპიონატისთვის განაცხადების წარდგენისას წამოყენებულ პირობებზე უარს არ ამბობენ. სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ახალი ჩემპიონატი მოვამზადოთ. ამ ჩემპიონატს ეყოლება გამჭვირვალე მმართველობა, ექნება ყველასათვის საერთო და მისაღები რეგლამენტი, ის მიესალმება ახალი გუნდების გამოჩენას, გაითვალისწინებს გულშემატკივართა სურვილებს, რაც სხვა ყველაფერთან ერთად, ბილეთების ფასის შემცირებასაც ითვალისწინებს.

საუკეთესო მრბოლები, ვარსკვლავები, ბრენდები, სპონსორები და კომპანიები, რომლბიც ისტორიულად არიან დაკავშირებულნი ავტოსპორტის უმაღლეს დონესთან, ახალი ჩემპიონატის უშუალო მონაწილენი გახდებიან”, - ნათქვამია FOTA-ს ოფიციალურ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ”ბეემვე ზაუბერი”, ”ბრაუნ GP”, ”სკუდერია ფერარი”, ”მაკლარენ მერსედესი”, ”რედ ბულ რეისინგი”, ”რენო”, ”სკუდერია ტორო როსო” და ”ტოიოტა”.

როგორც ჩანს, გუნდებსა და ფედფერაციას შორის ჩატეხილი ხიდის გამთელება ძალიან გაძნელდება. დღეს სილვერსტოუნზე მორიგი მოლაპარაკება იგეგმება, რომელშიც ალბათ მონაწილეობას FIA-ს პრეზიდენტი მაქს მოსლიც მიიღებს. ახლა მისი პასუხის ჯერია, პასუხში კი შეიძლება ამოვიკითხოთ, რომ მერმის ჩემპიონატში რვა ახალ გუნდს ვიხილავთ...


”ჰიუნდაიმ” ”სანტა ფე” განაახლა

Hyundai Santa Fe

18 ივნისი

ავსტრალიური ინტერნეტ-გამოცემა ”მოტორ რეპორტი” გვაუწყებს, რომ ”ჰიუნდაი” მალე თავის პოპულარულ ქროსოვერ ”სანტა ფეს” განახლებული ვარიანტის წარმოებას დაიწყებს.

გამოცემის ცნობით, წინა ვერსიისგან ახალ ავტომობილს მცირე გარეგნული ელემენტები განასხვავებს. მაგალითად, შეცვლილი ფორმის წინა და უკანა ბამპერები, რელიეფური ამონატვიფრები, რადიატორის ბადის შეცვლილი მოყვანილობა, უკანა ხედვის სარკეები, რომლებშიც მოხვევის მანიშნებელი დამატებითი ციმციმაა ჩადგმული, უკანა მაშუქების ბლოკი და არასწორი ტრაპეციის ფორმის მქონე ღრმა ფოსოში ჩამჯდარი ნისლსაწინააღმდეგო მაშუქები, რომელთა ბუდეც შავი ფერის პლასტიკატისგანაა დამზადებული.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ახალი ”სანტა ფეს” გაყიდვები სამხრეთ კორეაში დაიწყება. იქაური ბაზრისთვის ავტომობილის ძრავების გამას ორი ახალი ოთხცილინდრიანი ტურბოდიზელი დაემატება. ერთის მუშა მოცულობა 2.0 ლიტრია და ის 150 ცხენის ძალასა და 362 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მეორის შესაბამისი მინაცემებია: 2.2 ლიტრი, 190 ცხენის ძალა და 386 ნიუტონმეტრი. ორივე ძრავი, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 165-176 გრამ CO2-ს გამოჰყოფს (მხოლოდ მექანიკური ტრანსმისიებით).

ძრავებს შეუწყვილდება ”ჰიუნდაის” ახალი 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. კორეული კომპანიის ინფორმაციით, ეს კოლოფი წინამორბედ 5-საფეხურიან ავტომატზე 12 კილოგრამით მსუბუქია და დაახლოებით 12 პროცენტით აუმჯობესებს ავტომობილის ეკონომიურ მაჩვენებლებს. საინტერესოა, რომ ახალ კოლოფს წინასთან შედარებით, 62-ით ნაკლები დეტალი აქვს, რაც მის ფასსაც ამცირებს.

გარდა ამისა, განახლებულ ავტომობილზე რიგი სიახლეებიც ექნება. მაგალითად, ქსენონის ადაპტირებული ფარები, რომლების შუქიც დღის შუქს მოგვაგონებს. სტანდარტულ ეკიპირებაში შევა სისტემა სტოპ/სტარტი, რომელიც ავტომობილის ეკონომიურობას აუმჯობესებს. უკანა ხედვის სარკის ნაპირში კი ინტეგრირებული იქნება მონიტორი, რომელიც ვიდეოკამერის მეშვეობით, მძღოლს ავტომობილის უკან არსებულბ სივრცის გაკონტროლებაში დაეხმარება.

ახალისანტა ფესევროპული დებიუტი სექტემბერში, ფრანკფურტის ავტო შოუზე იგეგმება, უფრო ადრე კი - 1 ივლისს, კომპანია მას სამხრეთკორეულ ბაზარზე გამოიტანს. ევროპაში მისი გაყიდვები დეკემბერში დაიწყება. ჩვენთან კი ავტომობილი მერმის, გაზაფხულისთვის გამოჩნდება.

მოსლი დათმობაზე მიდის

Formula 1

18 ივნისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ (სურათზე) გუნდებს მომავალი წლის სეზონის რეგლამენტის ახლებური ვარიანტი შესთავაზა, რის სანაცვლოდაც, ის ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციისგან (FOTA) შემხვედრ დათმობას ელის.

ბრიტანულ ყოველკვირეულ გამოცემა ”ავტოსპორტის” ცნობით, მოსლიმ FIA-ს საერთაშორისო სააპელაციო სასამართლოს სტატუსზე მსჯელობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე ის მზადაა, გააუქმოს სპორტული რეგლამენტის მე-5 დანართი, რომლის მიხედვითაც, ფედერაციას ფ1-ის რეგლამენტში ნებისმიერი ცვლილების თავისი შეხედულებისამებრ, გუნდებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეტანა შეუძლია.

გარდა ამისა, მოსლიმ მომავალი სეზონის ტექნიკურ რეგლამენტში რამდენიმე ცვლილების შეტანის მზადყოფნა გამოთქვა. კერძოდ, იკრძალება სრულამძრავიანი ბოლიდების გამოყენება. სამაგიეროდ, კვლავ დაიშვება საბურავების თერმული შალითები, წინა ფრთების მოძრავი ელემენტები და მიმდინარე სეზონის ძრავების სპეციფიკაციები. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ძრავების მწარმოებელი კომპანია ”კოსუორტისთვის”, რომელიც რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ფ1-ს მერმის დაუბრუნდება. დამოუკიდებელი გუნდები კი ახლანდელი ძრავების ძველ ვერსიებს გამოიყენებენ. რეგლამენტის ის ნაწილი, რომელიც გადაცემათა კოლოფებს ეხება, უცვლელი რჩება, ტესტები კი კვლავ შეიზღუდება.

რაც მთავარია, მოსლი თანახმაა, რომ გუნდებისთვის სამერმისო სეზონის საბიუჯეტო ლიმიტი 100 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. ოღონდ, იმ პირობით, თუ 2011 წელს ეს ლიმიტი 45 მილიონ ევრომდე შემცირდება. ამასთან, მოსლი პირობას დებს, რომ საბიუჯეტო ჭერის გაკონტროლების უფლება მხოლოდ გუნდებს ექნებათ, რომლებიც თავად მოიწვევენ ავტორიტეტულ აუდიტორებს. საბიუჯეტო ჭერის დარღვევის შემთხვევაში, გუნდები მხოლოდ ფინანსური სანქციებით დაჯარიმდებიან.

მოსლის შეთავაზების მისაღებად, FOTA-ში შემავალ გუნდებს ორი დღე აქვთ, რის შემდეგაც მათ ფორმულა ერთის გარეთ დარჩენა ემუქრებათ.

ჯესი ჯეიმსის ახალი სარეკორდო თავგადასავალი

18 ივნისი

ამერიკელმა ინჟინერმა, ტრიუკების ოსტატმა და თავგადასავლების მაძიებელმა, ჰოლივუდის ვარსკვლავ სანდრა ბალოკის მეუღლე ჯესი ჯეიმსმა, წყალბადზე მომუშავე ავტომობილების სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. რეკორდული გარბენი იყო ნაწილი ჯეიმსის საავტორო სატელევიზიო შოუსი, სახელად ”ჯესი ჯეიმსი - მკვდარი კაცი”. ეს შოუ მთელს მსოფლიოშია ცნობილი იმით, რომ მასში ჯეიმსი ყოველთვის სხვადასხვა ურთულეს ტრიუკებს ასრულებს, რომელთა დროსაც, დაღუპვის საშიშროების წინაშე დგას.

თავისი სარეკორდო გარბენი ჯეიმსმა მოხავეს უდაბნოში შეასრულა. მისი სარეკორდო საშუალო სიჩქარეა 321 კმ/სთ (199.7 მლ/სთ) და ეს შედეგი სამხრეთ კალიფორნიის დროის ათვლის ასოციაციამ ოფიციალურად დააფიქსირა. ღსანიშნავია, რომ წყალბადზე მომუშავე ავტომობილებისთვის სიჩქარის წინა რეკორდი 298 კმ/სთ (185 მლ/სთ) იყო და ის ”ბეემვეს” ექსპერიმენტულ მოდელ BMW H2R-ს ეკუთვნოდა.

შასი, რომელიც ჯეიმსმა თავისი სარეკორდო გარბენისთვის გამოიყენა, 1960-იანი წლების სარბოლი ბოლიდისა იყო, რომლითაც თავის დროზე, ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის მსოფლიო რეკორდის დამყარება არაერთხელ უცდიათ.

ჯეიმსმა ძველი ავტომობილი საფუძვლიანად გადააკეთა. ”კრაისლერის” ძრავი, რომელიც მასზე ადრე ეყენა, ”შევროლეს” წარმოების, მოდიფიცირებული 9.8-ლიტრიანი V8 აგრეგატით შეცვალა. საწვავად კი მან თხევადის ნაცვლად, აიროვანი წყალბადი გამოიყენა. ასანიშნავია, რომ ძველი ავტომობილის საუკეთესო შედეგი (1960-იან წლებში) 381 კმ/სთ იყო. ასე რომ, ჯეიმსის სარეკორდო გარბენი ამ მანქანისთვის უბრალო გასეირნება გამოვიდა.

რეკორდის დამყარების შემდეგ, ჯეიმსმა განაცხადა, რომ მას იმდენად ძველი მანქანით რბოლისა არ ეშინოდა, რამდენადაც იმ გარემოებისა, რომ სავარძლის უკან, 10 000 პასკალი წნევით შეკუმშული წყალბადით სავსე ორი ავზი ეგულებოდა. უდაბნოს არცთუ იდეალურად სწორ გზაზე უმნიშვნელო დეფექტიც კი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ავტომობილს მართვა დაეკარგა და მაშინ, მას ისეთივე განსაცდელი ელოდა, როგორიც ახალაფრენილ ”შატლს”, რომელსაც წყალბადის ავზი აქვს დაზიანებული.

გარბენის ორგანიზატორებმა ჯეიმსის რეკორდი ვიდეოფირზე დააფიქსირეს და ახლა გადაცემას ამონტაჟებენ, რომლის ტელეჩვენებასაც ტელეარხი ”სპაიკ TV” 9 აგვისტოს გეგმავს.

ჰიბრიდული ”პორშე კაიენის” გაყიდვები მერმის დაიწყება

Porsche Cayenne Hybrid

18 ივნისი

გერმანულ გაზეთ ”რაინიშე პოსტთან” საუბრისას, ”პორშეს” დირექტორთა საბჭოს წევრმა ვოლფგანგ დიურჰაიმერმა განაცხადა, რომ უგზოობის მოდელ ”კაიენის” ჰიბრიდული ვერსიის წარმოება 2010 წლის მეორე ნახევარში დაიწყება და მისი საბაზო ღირებულება 90 000 ევრო იქნება.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ”პორშემ” გამოაცხადა, რომ ”კაიენ S-ის” ჰიბრიდულ აგრეგატს V8 ძრავის დონის სიმძლავრე და ოთხცილინდრიანის ეკონომიურობა და სუფთა გამონაბოლქვი ექნება.

დღეს უკვე ცნობილია ისიც, რომ ”კაიენ S-ის” ჰიბრიდულ სისტემაში, ”აუდის” 3.0-ლიტრიან V6 DFI შიდაწვის ძრავს, რომლის სიმძლავრე 333 ცხენის ძალაა, 52-ცხენისძალიანი ელექტრომოტორი შეუწყვილდება. ელექტროძრავს კი ენერგიით 38-კილოვატი ტევადობის აკუმულატორი მოამარაგებს.

ყოველივე საკმარისია იმისათვის, რომ ამ ზორბა ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 6.8 წამში აკრიფოს. პარალელურად, სტანდარტულ, შიდაწვისძრავიან ვერსიასთან შედარებით, ჰიბრიდულ ”კაიენ S-ის” გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა 20%-ით ნაკლები იქნება.

აკუმულატორის ტევადობა საკმაოდ მწირია. მასში დაგროვილი ენერგია, თუ მხოლოდ ელექტროძრავი იმუშავებს, მხოლოდ 1.9 კილომტრის გასავლელადაა საკმარისი. როცა კომპიუტერი დააფიქსირებს, რომ აკუმულატორი ჯდება, მაშინვე შიდაწის ძრავი ირთვება, რომელიც მაბრუნ მომენტს გენერატორს მიაწვდის, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი ელექტროძრავს უმალ მიეწოდება. ”პორშე” ხაზს უსვამს, რომ ამ მანიპულაციაში მძღოლი არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს - ყველაფერი ავტომატურად მოხდება.

ჰიბრიდულ სისტემას 8-საფეხურიანი ტრანსმიია ემსახურება, რომელშიც ყველაზე მაღალი საფეხური მეექვსეა, მისი მომდევნო ორი საფეხური კი შორეული, ეკონომიური მოძრაობის უზრუნველყოფას ემსახურება. ბოლო საფეხურით გადაადგილებისას, როდესაც ჩართული მხოლოდ ელექტროძრავია, ავტომობილი მძღოლის ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მუდმივად ინარჩუნებს ”საკრეისერო” სიჩქარეს - 138 კმ/სთ-ს.

აღსანიშნავია, რომ იგივე ჰიბრიდული აგრეგატით ”პორშეს” უახლესი ავტომობილი - ოთხკარიანი კუპე ”პანამერაც” აღიჭურვება, რომლის ჰიბრიდული ვერსიის გაყიდვები დაწყებაც ამ წლის მიწურულს იგეგმება.

ამერიკაში ახალი ავტოკომპანია იქმნება

18 ივნისი

შტატ ლუიზიანას ქალაქ მონროს მახლობლად, საავტომობილო ქარხნის ბაზაზე, რომელიც ადრე ”ჯენერალ მოტორსს” ეკუთვნოდა, ახალი საავტომობილო კომპანია ყალიბდება. პროექტის ერთ-ერთი მოთავე და მთავარი დამფინანსებელი ტექსასელი მილიარდერი ინვესტორი თომას ბუნ პიკენსია, რომელმაც საქმის გასაძღოლად, ”მაზდას” ყოფილი მთავარი დიზაინერი ტომ მატანო მიიწვია.

ახალ კომპანიას ”V-ვიჰაიკლ კომპანი” (VVC) ეწოდება და პიკენსის თქმით, ის გარემოსადმი მეგობრული ავტომობილების წარმოებას გგმავს. ახალი კომპანიის სათავო ოფისი ქალაქ სან დიეგოში განლაგდება, მონროს ქარხანაში კი დაახლოებით 1 400 ადამიანი დასაქმდება. პროექტით, ქარხანაში დასაქმებულთა საშუალო წლიური ხელფასი 40 000 იქნება. კომპანიის მთავარი აღმასრულებელი და თანადამფუძნებელი ფრენკ ვარაზანო აცხადებს, რომ ქარხანა აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილი ავტომობილის წარმოებას 15 თვეში შეუდგება.

VVC უმაღლესი ხარისხის, გარემოსადმი მეგობრულ და ეკონომიურ ავტომობილებს გამოუშვებს, რომლებიც აშშ-ში გაიყიდება. ჩვენი კომპანიის მიზანი, ამერიკელი მყიდველისთვის ფასის შესაფერისი, ხარისხიანი, უსაფრთხო და კომფორტული ავტომობილის მიწოდებაა”, - ნათქვამია ახალი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ახალი ქარხნის მხარდასაჭერად, შტატისა და ქალაქის ხელისუფლებმა შეღავათების სპეციალური პაკეტი შეიმუშავეს, რომლის საერთო ღირებულება დაახლობით 67 მილიონ დოლარს აღწევს. მთავრობის გარდა, ახალი წამოწყებით კერძო ინვესტორებიც არიან დაინტერესებულნი. მათ შორისაა მონროს ქარხნის ახლანდელი მფლობელი ჯეიმს დევისონი. საავტომობილო კომპანიის ენერგეტიკულად უზრუნველსაყოფად კი, პიკენსს შემუშავებული აქვს სპეციალური გეგმა, რომელიც ქარის ენერგიის გამოყენებას და ბიოგაზის გამომუშავებას ითვალისწინებს.

მატანო, ვინც ამჟამად 61 წლისაა, ცნობილია იმით, რომ ”მაზდაში” მუშაობისას, აქტიურად მონაწილეობდა პოპულარულ მინი როდსტერ ”მიატას” პირველი ორი თაობის შემუშავებაში. 2002 წელს მან იაპონური კომპანია მიატოვა და მუშაობა სან ფრანცისკოს ხელოვნების აკადემიურ უნივერსიტეტში გააგრძელა, რომელსაც პიკენსის მიერ ახალ კომპანიაში მიწვევამდე ხელმძღვანელობდა.

სურათზე: თომას ბუნ პიკენსი ეკოლოგიურ პროექტებში გაწაფული ინვესტორია