”ფორდის” ელექტრული ფოკუსი წარმოებისთვის მზადაა
Ford Focus Electric Details and Photos
9 იანვარი
”ფორდი” აცხადებს, რომ აკუმულატორები 240-ვოლტიანი შტეპსელიდან 3-4 საათში სრულად იმუხტება, ეს კი ორჯერ მცირე დროა, ვიდრე ელექტრული ფოკუსის მთავარი კონკურენტის, ”ნისან ლიფის” აკუმულატორების დასამუხტადაა საჭირო. ისე კი, ავტომობილის სტანდარტულ აღჭურვაში 120-ვოლტიანი დასამუხტი სისტემა შედის, რომლით დამუხტვასაც მეტი დრო სჭირდება.
ელექტრული ”ფორდის” სვლის სიშორე (არაოფიციალური მონაცემებით) 160 კილომეტრია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 136 კმ/სთ-ს აღწევს და ამ მაჩვენებლებით, ის თითქმის არ განსხვავდება ”ნისან ლიფისგან”, რომელმაც ახლახანს, ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა.
ავტომობილი არაერთი ელექტრული მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომლებიც ”ფორდმა” სპეციალურად, ელექტრომობილებისთვის შეიმუშავა და ამ საქმეში მას პარტნიორობას ”მაიკროსოფტი” უწევდა. მათ შორისაა სისტემა ”მაიფორდ მობაილი”, რომელიც მფლობელს, ამ ელექტრომობილის შორიდან კონტროლის საშუალებას აძლევს.
ელექტრული ”ფოკუსის” წარმოებისთვის, ”ფორდმა” თავისი მიჩიგანის (ქალაქ უეინში) ამწყობი ქარხანა მოამზადა, სადაც მომავალში სხვა ელექტრომობილებსაც გამოუშვებენ. აქ წარმოებულ ავტომობილებს, ამერიკელი მყიდველი წელსვე მიიღებს, მოგვიანებით კი ეს ავტომობილი ევროპაშიც გაიყიდება. თავიდან ევროპელებს ამერიკაში აწყობილი მანქანების ყიდვის საშუალება ექნებათ, მოგვიანებით კი იგივე ელექტრომობილს ”ფორდი” ევროპაშიც გამოუშვებს. თუ სად, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.