Saturday, May 7, 2011

„დე ტომაზო“ ახალ „პანტერას“ სადებიუტოდ ამზადებს

De Tomaso Pantera Caught Exiting Factory

7 მაისი

უკვე წელიწადზე მეტია, დასავლურ საავტომობილო პრესაში, პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია იტალიურ კომპანია „დე ტომაზოს“ შესახებ, რომელიც იტალიელმა ბიზნესმენმა მარიო როსინიოლომ აღადგინა. რამდენიმე თვის წინ, „დე ტომაზომ“ თავისი პირველი ახალი ავტომობილი - ქროსოვერი „დიუვილი“ გვიჩვენა, თუმცა ამ ბრენდისგან პირველ რიგში, „პანტერას“ ელიან, ავტომობილს, რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში, მას სახელი გაუთქვა.

ახალი „პანტერას“ შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა ახლახანს, ინტერნეტპორტალ „იუთუბიზე“ გამოჩნდა ვიდეოსიუჟეტი, რომელზეც სავარაუდოდ, სწორედ „პანტერა“ უნდა იყოს ასახული. ჯერ ერთი, ის „დე ტომაზოს“ გრულიასკოს ქარხნიდან გამოდის და მეორეც, აშკარად არ ჰგავს ქროსოვერს. უფრო მეტიც, ის ორადგილიანი სპორტული ავტომობილია და მისი ბოხი ხმითაც თუ ვიმსჯელებთ, აშკარად სუპერ ავტომობილი უნდა იყოს...

რა თქმა უნდა, ინკოგნიტო სპორტსმენი შენიღბულია, შავადაა შემოსილი და თან ისე, რომ მისი საბოლოო გარეგნობის შესახებ, მხოლოდ ზოგადი წარმოდგენის შექმნა იყოს შესაძლებელი. თუმცა, ამ სახით მისი ნახვაც საკმარისია იმისათვის, რომ ვივარაუდოთ - საქმე გვაქვს ჯიშიან ავტომობილზე, როგორსაც თავისუფლად შეუძლია, რომ კონკურენცია თვით „ფერარის“ და „ლამბორგინის“ გაუწიოს.

ოღონდ, ამისათვის აუცილებელია, რომ აღჭურვილობაც გარეგნობის შესაფერისი ჰქონდეს. და ეს რომ ასეა, ამაზე მისი ბოხი, აგრესიული ხმაც მეტყველებს, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ამ მხეცს კაპოტქვეშ მძლავრი და სრულყოფილი აგრეგატი უნდა ედგას.

დადასტურებული არაა, თუმცა ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ისევე როგორც ძველი „პანტერა“, ახალი მხეციც „ფორდის“ წარმოების V8 ძრავით აღიჭურვება. ოღონდ, თუ ძველის სიმძლავრე 330 ცხენის ძალა იყო, ახლისა დაახლოებით 550 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება. ეს კი თითქმის იმდენივეა, რაც „აუდის“ R8-ს V10 აგრეგატის სიმძლავრე.

როსინიოლოს გეგმაში „დე ტომაზოს“ პრემიუმ სეგმენტის კომპანიად ჩამოყალიბება შედის. სუპერავტომობილის (დიდი ალბათობით, მას სწორედ პანტერა დაერქმევა) გარდა, ეს გეგმა მდიდრული ქროსოვერის (ქროსოვერ/კუპეს) და ლუქსის კლასის სედანის წარმოებასაც ითვალისწინებს. ქროსოვერი პირველად ჟენევის გამოფენაზე უკვე გვეჩვენა. ახლა კი „პანტერას“ ჯერი მოდის და სავარაუდოდ, პირველად მას ნოემბერში, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე ვიხილავთ.