Friday, February 11, 2011

ყველაზე მძლავრი „შევროლე კამარო“

2012 Chevrolet Camaro ZL1 Unveiled

11 თებერვალი

ჩიკაგოს ავტო შოუზე, „შევროლემ“ თავის პოპულარული მასქლ ქარ „კამაროს“ ყველაზე მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსია ZL1 წარადგინა, რომლის გაყიდვებსაც მერმისს შეუდგება.

ყველაზე სწრაფი „კამარო“ 6.2-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც „იტონის“ მექანიკური დამჭირხნის დახმარებით, 550 ცხენის ძალას და 677 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული, რომლის საფეხურების გადაცემის რიცხვები ჩვეულებრივზე მეტადაა დაახლოებული, რითაც ავტომობილის სწრაფ აჩქარებას უწყობს ხელს.

„შევროლეს“ ინჟინრებმა, სტეროიდული „კამარო“ ახალი გამოსაბოლქვით, კარდანის გაძლიერებული ლილვით, გაზრდილი ცვეთის მქონე დიფერენციალით, 20-დუიმიანი ბორბლებით, ეფექტური მუხრუჭებით აღჭურვეს. მუხრუჭები ევსცილინდრიანი სუპორტებითაა აღჭურვილი, რომლებიც წინ 370, უკან კი 365-მილიმეტრი დიამეტრის მქონე დისკოებს იჭერს. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ადაპტირებადი საკიდარით (მაგნეტიკ რაიდ), რომელიც თავად რეგულირდება საგზაო პირობების შესაბამისად, რასაც მაგნიტორეოლოგიური ამორტიზატორები უზრუნველყოფს. როგორც „შევროლე“ ირწმუნება, ასეთი ამორტიზატორები, საგზაო პირობების შეცვლაზე უსწრაფეს რეაგირებას ახდენს.

შეიცვალა „კამაროს“ გარეგნობაც - მან უფრო აგრესიული გამომეტყველება მიიღო. კერძოდ, შეიცვალა მისი ცხვირი, რომელსაც კაპოტზე შავად შეღებილი ვენტილატორი აქვა დამატებული. ბამპერს ქვედა ნაწილზე შავი ფერის სპოილერი გაუყვება. ეს ორივე შავი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. შეცვლილია უკანა ნაწილიც, განიერმა ბორბლებმა კი გამობერილი თაღები მოითხოვა.

„ჩვენი დიზაინერების მიზანი ისეთი სტილის შემუშავება იყო, რომელშიც ყველა ელემენტს თავისი ფუნქცია ექნებოდა და ამასთან, შთამბეჭდავ, ძალუმ პერსონას წარმოგვიდგენდა. ამ შემთხვევაში, ფუნქცია ესთეტიკის ელემენტიგახდა და საბოლოო პროდუქტი არის ავტომობილი, რომელიც მისდამი ჩვენ მიერ წაყენებულ ყველა მოთხოვნას შეესაბამება“, - პრეზენტაციაზე განაცხადა „ჯენერალ მოტორსის“ ვიცე პრეზიდენტმა ედ უილბურნმა (ფოტოზე, კამარო ZL1-ის პრეზენტაციაზე), ვინც გლობალური დიზაინის განყოფილებას განაგებს.

პრეზენტაციაზე ასევე ითქვა, რომ სტეროიდული „კამარო“ ჯერაც საგზაო ტესტირების ფაზაშია. ბაზარზე კი ის მერმისს გამოჩნდება.

„ჰიუნდაი ველოსტერი“ 500 ცხენის ძალით

Hyundai Veloster Rally Car by Rhys Millen Racing

11 თებერვალი

„ჰიუნდაიმ“ ჩიკაგოს ავტო შოუზე, თავის უახლეს კუპე „ველოსტერის“ რალის სპეციფიკაციით შექმნილი ვერსია წარადგინა. ამ ავტომობილის სარბოლ ყაიდაზე მომართვაში, კორეული კომპანიის ინჟინრების გარდა, „რედ ბულის“ სპეციალისტები და ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რალის მრბოლი და დრიფტერი რის მილენიც მონაწილეობდნენ.

რალისთვის მომზადებული „ველოსტერი“ 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ტურბოკომპრესორის დახმარებით, 500 ცხენის ძალას და 813 ნიუტონმეტრს ავითარებს. ძრავთან 6-საფეხურიანი სეკვენტალური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ტრანსმისია სრულამძრავიანია.

ავტომობილის წონის შესამცირებლად, მისი ძარის ელემენტები კარბონის და კევლარის კმპოზიტისგან დამზადდა. ასეთი დეტალები ფოლადისაზე დაახლოებით 75 პროცენტით მსუბუქია. შედეგად, „ველოსტერმა“ წონაში მოიკლო და 1 207 კილოგრამამდე შემსუბუქდა. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, მის მართვადობასა და დინამიკურ მახასიათებლებზე დადებითად აისახება.

გარდა ამისა, ავტომობილი გაძლიერებული საკიდარით აღიჭურვა, რომელიც გაზრდილი სიხისტითაც გამოირჩევა. მათში რხევების ჩაქრობას კომპანია „პროფლექსის“ წარმოების ამორტიზატორები ემსახურება. უზარმაზარი სიმძლავრის მოთვინიერებაში, პილოტს (ახალზელანდიელი რის მილენის გარდა, ამ ავტომობილის საჭეს მოტოქროსმენი, მოტო ფრისტაილის ავსტრალიელი სპეციალისტი რობი მედისონიც მიუჯდება) კომპანია „ალკონის“ წარმოების 6-ცილინდრიანი სამუხრუჭე სისტემები დაეხმარება. წინა სამუხრუჭე დისკოს დიამეტრი 355 მილიმეტრი, უკანებისა კი - 305 მილიმეტრია.

გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია უსაფრთხოების კარკასით, „სპარკოს“ სარბოლი სავარძლებით, რალისთვის ჰომოლოგირებული ცეცხლსაქრობი სისტემით, ასევე 18-დუიმიანი ბორბლებით, რომლებიც „ჰენკუკის“ 245/40 ზომის საბურავებითაა შემოსილი.

შეგახსენებთ, რომ სერიული „ველოსტერის“ პრემიერა ერთი თვის წინ, დეტროიტის ავტო შოუზე შედგა. ეს ავტომობილი იმით გამოირჩევა, რომ მძღოლის მხარეს ერთი, მეორე მხარეს კი ორი კარი აქვს. მალე, კერძოდ კი ჟენევის ავტო შოუზე, მისი ევროპული პრემიერაც გაიმართება.

ჯეიმს ბონდი „ბენტლის“ ირჩევს

James Bond Switches to Bentley

11 თებერვალი

ჯეიმს ბონდს „ასტონ მარტინის“ ავტომობილებზე რამდენჯერმე უთქვამს უარი, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, თუ ის ოდესმე „ბენტლის“ საჭეს მიუჯდებოდა. და ამ უზარმაზარი მანქანით, მისთვის ჩვული ტრიუკების შესრულებას დაიწყებდა. მაგრამ შემდეგი ბონდი სწორედ „ბენტლით“ ინავარდებს. ასე გადაწყვიტა ბონდის ახალი ისტორიის ავტორმა ჯეფრი დივერმა, რომელმაც ახლახანს დაასრულა „ბონდის“ ახალი წიგნის - „კარტ ბლანშის“ წერა.

წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია 26 მაისსაა დანიშნული, იან ფლემინგის (ბონდის შესახებ რომანების პირველი ავტორის) იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე. წიგნს საგამომცემლო სახლი „ჰოდერ ენდ სტაუტონი“ გამოსცემს. ბონდის მორიგი ისტორია „იან ფლემინგის პაბლიკეიშნის“ მიერაა ლიცენზირებული.

საგამომცემლო სახლის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ მორიგ ნოველაში აგენტი 007 თეთრი ფერი „ბენტლი კონტინენტალ GT-ს” მართავს, რომლის სალონიც წითელი ფერის ტყავითაა გაწყობილი. რა თქმა უნდა, ავტომობილი ყველა იმ მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომლების გარეშეც აგენტს თავისი მისიის შესრულება ძალიან გაუჭირდება. მანქანის ძრავის ხმა კი გვაუწყებს, რომ ამ მონსტრის სწრაფად გადაადგილება მძლავრი აგრეგატის დამსახურებაა. და, ბუნებრივია, ეს ხმა დიდხანს დაამახსოვრდება იმ ადამიანებს, ვინც ოდესმე სწორედ „ბენტლის“ მყიდველი შიძლება გახდეს.

ბონდი თავისი მორიგი მისიის დიდ ნაწილს დუბაიში გაატარებს და ეს ფოტოც, რომელზეც ჯეფრი დივერი ბონდის „ბენტლის“ გვერდზე დგას, სწორედ დუბაიში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალის“ წინაა გადაღებული.