Tuesday, May 24, 2011

„პორშე“ როდსტერ „ბოქსტერის“ ელექტრულ ვერსიებს გვაცნობს

Porsche Releases Details on All-Electric Boxster E

24 მაისი

წლის დასაწყისში, „პორშემ“ გამოაცხადა, რომ როდსტერ „ბოქსტერის“ ბაზაზე, სამ ექსპერიმენტულ ელექტრომობილს მოამზადბდა. მაგრამ ამ ავტომობილის მხოლოდ ერთი ფოტო გაავრცელა და განაცხადა, რომ მისი ელექტროძრავის სიმძლავრე 241 ცხენის ძალა იქნებოდა. დანარჩენი ინფორმაცია კი საიდუმლოდ შეინახა.

მაგრამ ახლახანს, მას შემდეგ, რაც ბერლინში, ამ სამი ავტომობილით, „მიშლენის“ მიერ ორგანიზებულ „ბიბენდუმ ჩელენჯში“ მიიღო მონაწილეობა, ისინი უფრო ახლოსაც გაგვაცნო. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამი ელექტრომობილიდან, ორს უკანა წამყვანი ბორბლები აქვს, ერთს კი - ყველა.

სრულამძრავიანი ვერსიის შემთქვევაში, ავტომობილს ორი ელექტროძრავი ემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 242 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 540 ნიუტონმეტრი. თითოეული ძრავის როტორის მაქსიმალური ბრუნთა რიცხვი, წუთში 12 000-ს აღწევს.

უკანა ბორბლების მამოძრავებელი ძრავი და ტრანსმისია ძრავების მართვის ბლოკთანაა ინტეგრირებული. ყველაფერი კი მხოლოდ იმ ადგილს იკავებს, რომელიც ჩვეულებრივ შიდაწვისძრავიან „ბოქსტერში“ მექანიკურ კოლოფს და გამოსაბოლქვ სისტემას უკავია. წინა ელექტროძრავი კი ბენზინის ავზის ადგილზე განთავსდა. ელექტრონული გამანაწილებელი ძრავების მუშაობას მართავს და წინა და უკანა ღერძებზე მაბრუნი მომენტის თანაბრად მიწოდებას უზრუნველყოფს.

„პორშეს“ მონაცემებით, სრულამძრავიან ელექტრონულ „ბოქსტერს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი, ენერგიის ეკონომიურად ხარჯვის საბაბით, 200 კმ/სთ-ითაა შეზღუდული.

დანარჩენი ორი ელექტრომობილი, სრულამძრავიანი ვერსიის ბაზაზეა შექმნილი. ოღონდ, მათგან ამოღებულია წინა ძრავი. ამასთან, უკანა ბორბლების მამოძრავებელი ელექტროძრავი მხოლოდ 121 ცხენის ძალას და 270 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. უკანაამძრავიანი ვერსიის ტემპერამენტიც შედარებით დუნეა: ადგილიდან ასის ასაკრეფად მას 9.8 წამი სჭირდება, მისი მაქსინალური სიჩქარე კი (ასევე შეზღუდული) 150 კმ/სთ-ია.

ამ ავტომობილებში ყველაზე საინტერესო, მათი აკუმულატორებია. ესაა ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბაზაზე დამზადებული ელემენტების ბლოკი, რომელსაც ჩვეულებრივი „ბოქსტერის“ შიდაწვის ძრავის ადგილი უკავია. ამგვარად, ავტომობილში პრაქტიკულად ხელუხლებელი რჩება საბარგული. ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ელემენტებს გავრცელებულ ლითიუმ-იონურ ელემენტებთან შედარებით, დამუხტვა-განმუხტვის გაცილებით მეტ ციკლს უძლებენ. გარდა ამისა, სტაბილურობით გამოირჩევიან და არც აალებისა და აფეთქებისადმი მიდრეკილებას ავლენენ. დაკიდევ, ისინი გაცილებით სწრაფადაც იმუხტება.

ელექტრონულ „ბოქსტერებში“ გამოყენებული აკუმულატორების ტევადობა 29 კილოვატსაათია, მათი წონა კი 341 კილოგრამს აღწევს, რის გამოც, ავტომობილის წონა 1 600 კილოგრამამდეა გაზრდილი. შედარებისთვის, შიდაწვისძრავიანი „ბოქსტერი“ მხოლოდ 1 355 კილოგრამს იწონის. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია 170 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრულად შევსებას დაახლოებით 9 საათი სჭირდება.

ელექტრონული „ბოქსტერები“ აღჭურვილია სპეციალური ხმოვანი სისტემით, რომელიც ფეხმავლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საქმე ისაა, რომ ელექტრომობილი თითქმის უხმაუროდ გადაადგილდება, რის გამოც, ის შეიძლება ფეხმავალს მოულოდნელად მიუახლოვდეს. ამის აღსაკვეთად კი სისტემა ხმას გამოსცემს და ამით, ახლო მყოფთ, თავის მიახლოებას ამცნობს.

„ჯენეზის პრადა“ – „ჰიუნდაის“ რეალური ნაბიჯი პრემიუმში

Hyundai launches Genesis Prada sedan in South Korea

24 მაისი

სულ რამდენიმე წლის წინ, „ჰიუნდაის“ და „პრადას“ ერთ კონტექსტში მოხსენიება ღიმილს მოგგვრიდათ, მაგრამ დრო შეიცვალა და დღეს კორეული კომოანია სრულიად განსხვავებული, ახალი იმიჯის მატარებელია. პრემიუმ დონე მისთვის უცხო ხილი აღარაა და ამაში თავისი სოლიდური როლი, ლუქს კლასის სედანმა „ჯენეზისმა“ ითამაშა.

ორი წლის წინ, „ჰიუნდაიმ“ იტალიურ მოდის სახლ პრადასთან ერთად, „ჯენეზისის“ კიდევ უფრო მაღალი კლასის კონცეპტუალური ვერსია შექმნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. და აი, ახლახანს, ჯერ მხოლოდ კორეული ბაზრისთვის, ამ ავტომობილის სერიული ვერსიაც შეიქმნა, რომელსაც სახელწოდებაში „პრადა“ დაერთო.

„ჯენეზისის“ მდიდრულ ვერსიას მისივე ფერებით განასხვავებთ. ავტომობილი მხოლოდ სამ ფერში - ყავისფრად (მორო), ლურჯად (ბალტიკო), ან შავად (ნერო) შეიღებება. ექსტერიერის გასაფორმებლად გამოყენებულია მუქი ქრომი და ალუმინის შენადნობისგან ჩამოსხმული ბორბლები.

სალონი ღია ფერის ძვირფასი ტყავითაა გაწყობილი, რომელთანაც მუქი ტყავითა და შავი ლაკით შეფერილი დეტალებია შეხამებული და მთლიანობაში ყველაფერი მდიდრულ გარემოს ქმნის. უკანა სავარძლებზე მსხდომთ კი გასართობი სისტემა მოემსახურება.

რაც შეეხება ამძრავ სისტემას, აქ მთავარი არის ბენზინის 5.0-ლიტრიანი V8 (GDI - გაზოლინ დაირექტ ინჯექტ, ანუ ბენზინის უშუალო შეფრქვევა), რომელიც 424 ცხენის ძალას და 510 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომლის მიერ გადამუშავებულ მაბრუნ მომენტსაც უკანა წამყვანი ბორბლები ღებულობს.

„ჰიუნდაი“ წლიურად მხოლოდ 1 200 ცალი „ჯენეზის პრადას“ წარმოებას გეგმავს. ამათი უმეტესობა კორეაშივე გაიყიდება, ცოტას კი ჩინეთსა და შუა აღმოსავლეთშიც გაიტანენ.