Monday, August 24, 2009

”ტესლა” ხელმისაწვდომ ელექტრომობილებსაც გამოუშვებს

Tesla to Make Low-Price EV

24 აგვისტო

კალიფორნიული კომპანია ”ტესლა” იმითაა ცნობილი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო (მცირესერიული) ელექტრომობილის წარმოება და პირველია, ვინც ელექტრულ სპორტულ ავტომობილს (როდსტერს) აწარმოებს. მაგრამ კომპანიის გეგმებში ამით დაკმაყოფილება არ შედის - ”ტესლას” გადაწყვეტილი აქვს, სრულფასოვანი ავტომწარმოებელი გახდეს და ამისათვის, თავისი საწარმოო პროგრამის თანდათან გაფართოებას გეგმავს.

”ტესლა როდსტერის” ფასი 100 000 დოლარია, მალე კომპანია ელექტროსედანის წარმოებასაც დაიწყებს, რომელსაც მყიდველს 57 500 დოლარად შესთავაზებს. უფრო შორეულ მომავალში კი ისეთი ელექტრომობილის წარმოებაც იგეგმება, რომლის შეძენაც 30 000 დოლარად იქნება შესაძლებელი.

”ტესლა” იმედოვნებს, რომ ამ გეგმების განხორციელებაში სახელმწიფო დაეხმარება, რომლისგანაც მცირეპროცენტიანი სესხის სახით, 465 მილიონი დოლარის მიღებას ცდილობს. ამ თანხის დიდი ნაწილი მოდელ S-ის (სურათზე) წარმოების ორგანიზებას უნდა მოხმარდეს. ეს სედანისძარიანი ავტომობილი, რომელსაც კომპანია სავარაუდოდ, 2011 წელს გამოუშვებს, ექვს ადამიანზე იქნება გათვლილი. მისი სვლის მარაგი თითქმის 260-დან 480 კილომეტრამდე იქნება, 0-100 აჩქარებას კი ის 6 წამზე ნაკლებში შესძლებს.

თუ ამ სედანს ამერიკული ბაზარი (ტესლა ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე ოპერირებს) კარგად მიიღებს, კომპანიის შემდეგი ნაბიჯი იაფფასიანი ავტომობილი იქნება, რომელსაც მყიდველს 2016 წელზე ადრე ვერ შესთავაზებენ.

ცნობისათვის, როდსტერის წარმოების წლიური მოცულობა სულ რაღაც 1 000 ცალია, კომპანია წლიურად მხოლოდ 20 000 ცალი მოდელ S-ის წარმოებას აპირებს და თუ კონვეიერზე დაბალფასიან მოდელსაც დააყენებს, მისი წარმოების წლიური მოცულობა 100 000-ს მიაღწევს.

სხვათა შორის, არანაკლებ ამბიციური გეგმები აქვს კიდევ ერთ კალიფორნიულ კომპანია ”ფისკერს”, რომელიც მალე ლუქსის კლასის პლაგ-ინ ჰიბრიდულ სედან ”კარმას” წარმოებას დაიწყებს. ”ფისკერს” გადაწყვეტილი აქვს ”კარმას” საოჯახო ვერსიის გამოშვება, უფრო შორეულ მომავალში კი დაბალფასიანი ელექტრომობილის წარმოებასაც გეგმავს.

ჩინური BYD-ი ამერიკისთვის ელექტრომობილებს გამოუშვებს

BYD e6

24 აგვისტო

ჩინური საავტომობილო კომპანია BYD-ი მერმის ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს და პირველ რიგში, მათ აშშ-ის ბაზარზე შეიტანს. გამოცემა ”უოლ სტრიტ ჯორნელთან” საუბრისას, BYD-ის აღმასრულებელმა ვან ჩუანფუმ განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ, ჩინურ საფონდო ბირჟაზე საკუთარი აქციები გამოიტანა, რომელთა გაყიდვით მიღებულ ფულს, აშშ-ის ბაზარზე შესაღწევად გამოიყენებს.

ამ მიზნის განსახორციელებლად კი ხუთადგილიანი ელექტროქროსოვერი e6-ია შერჩეული. თავიდან ამერიკაში რამდენიმე ასეული ელექტრომობილის შეტანა იგეგმება, რომელთა მეშვეობითაც, ჩინური კომპანია ამ ავტომობილების მომხმარებელთა აზრს შეისწავლის. მიღებულ მონაცემებზე კი ბევრად იქნება დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა BYD-ი ამერიკისთვის ელექტრომობილების ფართო გამის წარმოებას. უარყოფითი ფონის შემთხვევაში, კომპანიას ამ ელექტრომობილის დახვეწა მოუწევს.

”დასაწყისისთვის, ჩვენი მომხმარებლები სახელმწიფო სააგენტოები და შესაძლოა, ცნობილი ადამიანები იქნებიან. ელექტრომობილების წარმოება ჩვენთვის ის გამოწვევაა, რომელსაც ბაზარზე ჩვენი კომპანიის დაწინაურება შეუძლია. ჩვენ ელექტრომობილებისთვის საჭირო ტექნოლოგიებს ვფლობთ და ვფიქრობთ, რომ მათი გამოყენებით, მსოფლიო ბაზარზე გასვლას შევძლებთ. ამას კი კომპანიის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”, - ამბობს BYD-ის ექსპორტის დივიზიონის გენერალური მენეჯერი ჰენრი ლი.

BYD e6 სოლიდური გაბარიტების მქონე ავტომობილია, რომელშიც ხუთი ადამიანი თავისუფლად თავსდება. მისი სიგრძე 4.554 მეტრი, წონა კი 2020 კილოგრამია. ავტომობილის მოძრაობას ორი ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომლებიც თითო ღერძს ემსახურებიან. მათი მეშვეობით, 0-100 კმ/სთ აჩქარებას e6 დაახლოებით 8 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კილომეტრია. მწარმოებელი ირწმუნება, რომ სრულად დამუხტული აკუმულატორებით, ავტომობილს 400 კილომეტრის გავლა შეუძლია. მათი სრულად დამუხტვისთვის კი 7-9 საათია საჭირო.

BYD e6 საკმაოდ ძვირი - 40 000 დოლარი ეღირება. ეს ჩინური მანქანისთვის, თუნდაც სოლიდური გაბარიტების მქონესთვის, ძალიან ძვირია. თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ ”მიცუბიშის” ჯუჯა ელექტრომობილი i-MiEV კიდვ უფრო ძვირი ღირს, მაშინ ამ თანხის გამეტებაც შეიძლება. სამაგიეროდ, მისი ექსპლუატაცია შიდაწვისძრავიან ავტომობილზე გაცილებით იაფი დაჯდება.

გაიცანით: სიტროენ DS3

Citroen DS3

24 აგვისტო


ფრანგული კომპანია ”სიტროენი” იმიჯს იცვლის და პრემიუმ კლასში გადასვლას ცდილობს. ამ კლასის ავტომობილებისთვის კი ინდექსი DS შემოიღო. პრემიუმ გამაში პირველი ავტომობილი DS3 იქნება, რომელმაც კონკურენცია ისეთ პოპულარულ ავტომობილს უნდა გაუწიოს, როგორიც ინგლისური ”მინია”.

”სიტროენ DS3-ის” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე იგეგმება, თუმცა ”ორმაგმა შევრონმა” მისი ფოტოები და მწირი ინფორმაცია ინტერნეტით უკვე გაავრცელა.

ფოტოებიდან ჩანს, რომ DS3 პრაქტიკულად არ განსხვავდება კონცეპტუალური ”DS ინსაიდისგან”, რომელიც ”სიტროენმა” ჟენევის წლევანდელ ავტორანდევუზე წარმოადგინა. ამ ორ მანქანას შორის გარეგნული სხვაობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ კონცეპტკარს გამოსაბოლქვი მილი ცენტრალურ ნაწილში ჰქონდა მოთავსებული, საწარმოო ვერსიაზე კი ის მარჯვნივაა.

ფრანგი მწარმოებელი თავის კლიენტს DS3-ს გაფორმების უამრავ ვარიანტს სთავაზობს. აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ავტომობილს, რომელიც თავისი ძარით ჰეჩბეკების კლასს მიეკუთვნება, ძარის ძირითადი ნაწილი და სახურავი სხვადასხვა ფერის ექნება.

DS3 დაბერილი ფორმებით გამოირჩევა. პირველ რიგში, მას უზარმაზარი რადიატორი გამოარჩევს, რომელსაც ზედა მხარეს ”სიტროენის” ლოგო - ორმაგი შევრონი ამშვენებს, ემბლემის ძირზე კი ფსევდობამპერი მოთავსებულა, რომელიც უპირველესად, სანომრე ნიშნის დასამაგრებლად გამოიყენება და არა პასიური უსაფრთხოების საშუალებად.

ტრაპეციული ფორმის რადიატორის ორივე კუთხეში, საბორბლე თაღების თავზე, დიდრონი მაშუქი-თვალები ჩაუსვამთ, რომლებსაც ნისლიან ამინდში, ბორბლების წინ ამოჭრილ ფოსოებში ჩამჯდარი ნისლსაწინააღმდეგო ფარები დაეხმარება.

გვერდხედში, ორკარიანი ავტომობილი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. ამ ხედში პირველ რიგში, ყურადღებას მძლავრი შუა საყრდენი იქცევს, რომელიც სალონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, მისი ერთგვარი გამყოფის მოვალეობასაც ასრულებს. სახურავის უკან კი ოდნავ ამობზეკილი ანტიფრთა ჩანს, რომელსაც ჰაერის ნაკადის დარეგულირება ევალება.

ახალი ჰეჩბეკი პოპულარული ”სიტროენ С3-ის” მოდერნიზებულ პლატფორმაზეა აგებული. მისი სიგრძე-სიგანე 3.95 და 1.71 მეტრი, საბარგულის მოცულობა კი 285 ლიტრია. შედარებისთვის, DS3-ის კონკურენტებს - ”მინის” და ”ფიატ 500-ს” გაცილებით მცირე საბარგული აქვთ.

DS3-ისთვის ხუთი ძრავია გამოყოფილი. მათგან ორი 1.6-ლიტრიანი ტურბოდიზელია, რომლებიც ფორსირების სხვადასხვა დონით გამოირჩევიან და 90 და 110 ცხენის ძალას ავითარებენ. ბენზინის სამი ძრავის ლიტრაჟიც 1.6-ია და მათი სიმძლავრე 95, 120 და 150 ცხენის ძალაა. სიმძლავრის შესაბამისად, ძრავებს 5, ან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფები უწყვილდება. ფრანგული კომპანია ირწმუნება, რომ DS3-ის დიზელის აგრეგატები, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ CO2-ს გამოჰყოფენ.

”სიტროენი” ჰეჩბეკ DS3-ის გაყიდვების დაწყებას მერმის, მარტში გეგმავს. ჯერჯერობით არ ცხადდება ამ ავტომობილის საბაზო ღირებულება. სამაგიეროდ ცნობილია, რომ მან კონკურენცია ”მინის”, ”ფიატ 500-ს” და ”ალფა რომეო მიტოს” უნდა გაუწიოს.