Monday, September 14, 2009

გაიცანით - კონცეპტუალური ბუგატი გალიბიერი 16C

Bugatti Galibier 16C Concept

14 სექტემბერი

”ბუგატიმ” თავისი სრულიად ახალი ავტომობილი - სუპერსდანი წარმოადგინა, რომელსაც საავტომობილო სამყარო დიდხანს ელოდა. ცოტა ხნის წინ, მას ”ბორდოს” სახელით მოიხსენიებდნენ, დღეს კი ირკვევა, რომ მწარმოებელმა ავტომობილისთვის, რომლის კონცეპტუალური ვერსიის პრემიერაც კომპანიის დაარსებიდან ასი წლის იუბილეს მიეძღვნა, სახელი ”გალიბიერი” შეარჩია.
ზოგ (ავტორიტეტული გამოცემის) საიტზე ამ ავტომობილის სახელად ”გალაბიერი” სწერია, ზოგან (ასევე ავტორიტეტული გამოცემისაზე) კი - ”გალიბიერი”. სიმართლე გითხრათ, სანამ ფრანკფურტის შოუზე თავად კომპანია ამ ავტომობილის სახელს გვამცნობს, მირჩევნია, ის ”გალიბიერად” მოვიხსენიო - ეს სახელი საფრაგეთის სამხრეთში, ალპების მთიანეთში მდებარე მთა გალიბიერისთან და ამავე სახელწოდების უღელტეხილთან ასოცირდება, რომელიც ხშირად შეაქვთ ხოლმე ტურ დე ფრანსის ლეგენდარული ველომარათონის მარშრუტში. ”ბუგატის” ”გალიბიერსაც” ისეთივე ბუმბერაზი შესახედაობა აქვს და ჩვენც დღეს ის ”გალიბიერად” მოვიხსენიოთ.

”გალიბიერის” შესახებ მწირი ინფორმაცია ინტერნეტში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ”ბუგატიმ” თავისი სუპერსედანის პირველი ჩვენება დახურულ წვეულებაზე, სპეციალურად დაპატიჟებული სტუმრებისთვის მოაწყო. ამიტომ, ჯერჯერობით მისი მონაცემების შესახებ, ყველა მარჩიელობს.

მაგალითად, სავარაუდოა, რომ ავტომობილი იმავე 8.0-ლიტრიანი W16 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ”ვეირონზეც” შეხვდებით. ოღონდ, თუ ამ უკანასკნელზე აგრეგატს ოთხი ტურბოკომპრესორი მსახურება (თითო ოთხ ცილინდრზე), სედანისთვის ძრავს ორი მექანიკური დამჭირხნი აკმარეს. ”გალიბიერის” ტექნიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წვეულებაზე ”ბუგატის” ტექნიკურ დირექტორ ვოლფგანგ შრაიბერს უთქვამს - ეს მსოფლიოს უსწრაფესი, ყველაზე ტემპერამენტიანი და მძლავრი ოთხკარიანი სედანიაო.

ინგლისური ჟურნალი ”აუტოქარი” (სხვათა შორის, მისი ვერსიითაც, ბუგატის სედანს გალიბიერ-ი ჰქვია) გვატყობინებს, რომ ძრავის სიმძლავრე 800 ცხენის ძალას აღწევს. ამავე ჟურნალის ინფორმაციით, ძრავთან მაბრუნი მომენტის გარდამქმნელი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული.

ავტომობილი თავისი მონუმენტური გარეგნობით გამოირჩევა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო - მან ხომ ”როლს როისის” გიგანტურ ”ფანტომს” უნდა გაუწიოს კონკურენცია. ”ვეირონის” დარად, ისიც ორ ფერშია გამოწყობილი, ოღონდ, ახალი ავტომობილისთვის კომპანიის დიზაინერებმა ფერების უფრო ელეგანტური შეხამება აირჩიეს - შავი სარკესავით გაპრიალებულ ალუმინთან. ძარის ის ელემენტები, რომლებიც ვერცხლისფრად ელავს, ალუმინისგანაა დამზადბეული, შავი კი კარბონის კომპოზიტია.

ავტომობილი შიგნითაც ისეთივე დიდებულია, როგორც გარედან. სალონში ყავისფერი დომინირებს. ღია ყავისფერი ტყავით თითქმის ყველაფერია გაწყობილი, ზოგან კი მას ხის პანელები ფარავს, რომელსაც ალუმინის ფურცლებისგან დამზადებული არშიები აქვს შემოვლებული. სალონის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება მისი სისადავე და, რა თქმა უნდა, მდიდრულობაა.

ჰო მართლა, შრაიბერმა განაცხადა, რომ ”გალიბიერ-ის” დიზაინერებმა შთაგონება ”ბუგატის” ლეგენდარული ”ტაიპ 57 ატლანტიკისგან” მიიღეს, რომელთან მსგავსების მთავარი ნიშანი ავტომობილის სიმეტრიის ღერძის გასწვრივ გამავალი ზოლია, რომელიც წინა და უკანა საქარე შუშაზეც გადადის.

”ბუგატი” აღიარებს, რომ 50 ცალი ”ვეირონი” ჯერაც გასაყიდი აქვს, მის ბაზაზე გამოშვებულ ”გრან სპორტზეც” ჯერ სუ რამდნიმე ათეული შეკვეთაა მიღებული. ამიტომ, ჯერ გადაწყვეტილი არ არის ”გალიბიერ-ის” ბედი. სავარაუდოდ, კომპანია შესაბამის გადაწყვეტილებას ფრანკფურტის შოუზე მიღებული გამოხმაურებების შემდეგ მიიღებს.