Wednesday, February 3, 2010

21-ე საუკუნის ”ფორდ T”

21st Century Ford Model T

4 თებერვალი

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰენრი ფორდის კომპანიამ ავტომობილის კონვეიერული წარმოება დაიწყო და ამ ტექნოლოგიით, პირველად მოდელი T გამოუშვა, რომელიც ”პაწია ლიზის” სახელითაც იყო ცნობილი. და ამ საუკუნის განმავლობაში, ბევრი დიზაინერისთვის, ეს პატარა ავტომობილი კვლავაც შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

ერთ-ერთი ასეთი დიზაინერია ბრაზილიელი ედუარდუ ოლივეირა, რომელმაც მიზნად თანამედროვე ”პაწია ლიზის” შექმნა დაისახა და რა გამოუვიდა, თავად განსაჯეთ. რა გამოუვიდა და სრულიად თანამედროვე კომპაქტური ქროსოვერი, რომელსაც, წარმოებაში რომ დაინერგოს, თავისუფლად შეუძლია პოპულარობის მოპოვება. მითუმეტეს, თუ მის სახელწოდებაში, დიდი წინაპრის სახელიც შევა. თან, ისიც საინტერესოა, რომ ბრაზილიური T ”ფორდის” ახლანდელ კორპორატიულ სტილშია შესრულებული.

თუმცა, ისიც აშკარაა, რომ ორიგინალურ და ბრაზილიურ T-ს შორის სხვაობა გაცილებით მეტია, ვიდრე მსგავსება. თუ მსგავსებაზე ვილაპარაკებთ, უნდა აღინიშნოს ოლივეირას კონცეპტუალური მოდელის საბორბლე თაღები, რომლებიც სწორედ ”პაწია ლიზის” სტილშია შესრულებული. ამ მანქანას ბორბლებიც ისე აქვს კიდეებისკენ გარიყული, როგორც T-ს ჰქონდა. მსგავსება შეიძლება დავინახოთ იმაშიც, რომ თანამედროვე T-ს კუდი ”ლიზისავით” ქვემოთ აქვს ”ჩაჭრილი” და იქ სათადარიგო საბურავია დამაგრებული. ავტომობილის სიგრძე 4.2 მეტრია, რაც ”ლიზის” სიგრძეს მნიშვნელოვნად სჭარბობს. თან მას ოთხი კარი აქვს, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო მხარეს იღება.

პროექტის ავტორის თქმით, თანამედროვე მოდელ T-ს ყველაზე მეტად ბენზინზე მომუშავე 4-ცილინდრიანი ძრავი მიესადაგება. თუმცა, ყველაზე უკეთესი ალბათ, თანამედროვე მოდის შესაფერისი ჰიბრიდული აგრეგატი იქნებოდა...

”პეჟო 207”, როგორც რალის ავტომობილი

Peugeot 207 S16

4 თებერვალი

”პეჟომ” თავისი საქარხნო გუნდის საპატივცემულოდ, რომელმაც შარშანდელ სეზონში, რალის საერთაშორისო ჩემპიონატი (IRC) მოიგო, თავის პოპულარულ ჰეჩბეკ 207-ის სპეციალური ვერსია შექმნა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ავტომობილი, რომელმაც ინდექსად აღნიშვნა S16 მიიღო, სულ 250 ცალი დამზადდება.

გასპორტულებული 207 რამდენიმე ახალი აეროდინამიკური ელემენტით აღიჭურვა, რომელთაგან ყველაზე თვალსაჩინო წინა და უკანა სპოილერები და უკანა დიფუზორია. ეს უკანასკნელი უბრალო ბუტაფორიაა და არანაირი რეალური დატვირთვა არ გააჩნია. ”პეჟო 207 S16-ს” ასევე გამოარჩევს მის უკანა ნაწილზე დატანილი ნახატი, რომელიც IRC-ს ჩემპიონატში მონაწილე მანქანაზეცაა გამოსახული.

სპეციალური ვერსია 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, წინა ბამპერის გარშემო რადიატორის ბადეა შემოვლებული, შუშები დამუქებულია, სალონში კი სპეციალური დაფაა, რომელზეც IRC-ის ჩემპიონ კრის მიკის სახელია ამოქარგული.

სპეციალურ ვერსიაზე, 207-ს ცვლილებები მეტწილად გარეგნულად შეეხო, მისი ტექნიკური აღჭურვილობა კი თითქმის არ შეცვლილა. მის კაპოტქვეშ 1.6-ცილინდრიანი ბენზინის ძრავი დგას, რომელიც 120 ცხენის ძალას ავითარებს. ”პეჟოს” მონაცემებით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 10.7 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 201 კმ/სთ-ია.

”პეჟო 207 S16” მხოლოდ ბრიტანეთში გაიყიდება და იქ ის სტანდარტულ ”პეჟო 207-ზე”, რომელიც 14 695 გირვანქა სტერლინგი ღირს, 1 200 სტერლინგით მეტი ეღირება.

”ქარზ 2” კინოთეატრებში მერმის გამოვა

Cars 2 Coming

4 თებერვალი

კინოკომპანია ”დისნეიმ” გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს პოპულარულ ანიმაციურ ფილმ ”ქარზ-ის” მეორე ფილმის გადაღება და მისი პრემიერა მერმის შედგება. ამასთან, კომპანიამ ახალი ფილმის რამდენიმე ნახატიც გამოაქვეყნა. ”დისნეის” მიერ გამოქვეყნებულ რელიზში წერია, რომ მეორე ფილმში ”ლაითნინგ მაკქუინის” გუნდი იაპონიაში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთსა და ინგლისში, ”ჩემპიონთა რბოლებში” მიიღებს მონაწილეობას.

ხუთივე ქვეყანაში, ფილმის მთავარი პერსონაჟები მსოფლიო კლასის მრბოლების წინააღმდეგ იასპარეზებენ, რომელთა შორისაც, ფორმულა 1-ის მანქანებიც ”იქნებიან” (სურათზე).

პირველი ”ქარზის” კინოეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, მისი სამი გამხმოვანებელი, მათ შორის, ლეგენდარული კინოვარსკვლავი, ავტომრბოლი და ინდი ქარის სერიის სარბოლი გუნდის მეპატრონე პოლ ნიუმენი (მისი პერსონაჟი იყო დოკ ჰადსონი) გარდაიცვალა. ამიტომ, მეორე ფილმის გახმოვანებაში რამდენიმე ახალი მსახიობი მიიღებს მონაწილეობას.

”სუზუკი სუიფტ” პლაგ-ინ ჰიბრიდს ჟენევაში ვიხილავთ

Plug-in Hybrid Suzuki Swift to Attend 2010 Geneva

4 თებერვალი

ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე, ”სუზუკის” ერთ-ერთი ექსპონატი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი კომპაქტური ჰეჩბეკი ”სუიფტი” იქნება, რომელიც პირველად იაპონურმა კომპანიამ შინაური ბაზრისთვის შარშან, ტოკიოს შოუზე წარადგინა.

ამ ავტომობილისთვის წამყვან მაბრუნ მომენტს 54-კილოვატიანი (72.4 ცხენისძალიანი) ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან ღებულობს. გარდა ამისა, ჰიბრიდულ სისტემაში შედის 660 კუბ.სმ მოცულობის მქონე შიდაწვის ძრავი, რომელთან შეწყვილებული გენერატორიც აკუმულატორებს მუხტავს.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მწირი ინფორმაციით, აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 20 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამგვარად, ეს ავტომობილი მისწრებაა მათთვის, ვისაც დღის განმავლობაში დიდი მანძილის გავლა არ უწევს. რამდენად ზრდის გენერატორი ჰიბრიდული ”სუიფტის” სვლის სიშორეს, ეს მონაცემი ჯერჯერობით უცნობია.

”კია სპორტეჯის” პირველი სურათები

Kis Sportage First Official Images

4 თებერვალი

გასული წელი ”კიასთვის” მთელ მსოფლიოში მეტად წარმატებული იყო. კრიზისის მიუხედავად, კორეულმა კომპანიამ გაყიდვებიც გაზარდა და მეოთხე კვარტალი რეკორდული მოგებითაც (520 მილიონი დოლარი) დაასრულა. ეგ კიდევ არაფერი, კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ გაყიდვების ზრდა წელსაც გაგრძელდება, რაშიც მას ხელს სამოდელო რიგის განახლება და ახალი მოდელების წარმოების დაწყება შეუწყობს.

ახლახანს ”კიამ” თავისი უგზოობის პოპულარული მოდელის, ”სპორტეჯის” განახლებული ვარიანტის ფოტოები გამოაქვეყნა. ამ ავტომობილის გარეგნობა ”აუდის” ყოფილი დიზაინერის, პეტერ შრაიერის ხელმძღვანელობით შემუშავდა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ახალი ”სპორტეჯი” ”კიას” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული და თავისი წინა ნაწილით (განსაკუთრებით რადიატორის ბადით) ის თავის თანამოძმეებს ჰგავს.

რაც მთავარია, ახალი ”სპორტეჯი” ”ჰიუნდაი ix35-ის” პლატფორმაზეა ბაზირებული (კია ჰიუნდაის ჯგუფში შედის) და თავის წინამორბედზე დიდია. კორეულ კომპანიას ჯერ არ გამოუცხადებია, თუ რა ძრავებით აღიჭურვება მისი სიახლე. თუმცა, სავარაუდოა, რომ ”სპორტეჯის” ამერიკული ვარიანტი 2.0 და 2.4-ლიტრიან, ოთხცილინდრიან ძრავებს და 6-საფეხურიან კოლოფებს მიიღებს, რომლებითაც ჩრდილოამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი ”ტუსანია” (იგივე ix35) აღჭურვილი. ევროპულ ვერსიაზე კი მოსალოდნელია 1.7 და 2.0-ლიტრიანი დიზელების და 1.6 და 2.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავების გამოყენება, როგორც ix35-ზე.

ახალი ”სპორტეჯის” მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება, მისი გაყიდვები კი მოგვიანებით დაიწყება. ჟენევაში კორეული კომპანია ამ ავტომობილის შესახებ, დაწვრილებით ინფორმაციას გაავრცელებს.

ჟენევაში ”რენოს” ”ქარი” დაუბერავს

Renault Wind Revealed

4 თებერვალი

ჟენევის ავტო შოუზე, ფრანგული კომპანია ”რენო” ორადგილიან კუპე კაბრიოლეტ ”უინდს” წარადგენს. ჰეჩბეკ ”ტვინგოს” ბაზაზე აგებული ამ ავტომობილის გაყიდვები ევროპაში ზაფხულში დაიწყება.

”უინდის” ყველაზე საინტერესო დეტალი მისი დასაკეცი სახურავია. სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით, რომლებიც დასაკეც სახურავებში სახსრულ მექანიზმს იყენებენ, ფრანგულმა კომპანიამ ცენტრალური საყრდენი ღერძი გამოიყენა. ასეთი მექანიზმი სახსრულთან შედარებით მარტივია და საბარგულში, სადაც დაკეცვის შემდეგ თავსდება, ნაკლებ ადგილს იკავებს. სახურავი დაკეცილია, თუ გახსნილი, საბარგულის მოცულობა უცვლელი რჩება და 270 ლიტრს შეადგენს, რაც ”ტვინგოს” საბარგულის მოცულობაზე 40 ლიტრით მეტია. სულ რაღაც, 12 წამია საკმარისი იმისათვის, რომ სახურავი დაიკეცოს.

”უინდის” სიგრძე 3.83 მეტრია, ამგვარად, ის ”ტვინგოზე” 230 მილიმეტრით გრძელია. სახელიდანაც ჩანს, რომ ”რენო” ”უინდს” ჰეჩბეკ ”ტვინგოსგან” განსხვავებულ მოდელად გვთავაზობს, რაც ავტომობილის სახელშიც აისახება - ”რომბებს” შეეძლოთ, მისთვის მარტივად ”ტვინგო CC” (CC - კუპე კაბრიოლეტ) ეწოდებინათ. არადა, მართალია, სიახლის ტექნიკური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარ ცნობილია, რომ ამ ორ ავტომობილს ბევრი რამ, პირველ რიგში, პლატფორმა და აგრეგატები, საერთო ექნება.

მოსალოდნელია, რომ ”ქარი” 1.6-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 133 ცხენის ძალას ავითარებს. ამ ძრავს ”რენო” ჰეჩბეკ ”ტვინგოს” ტოპ ვერსია RS-ზე იყენებს. არც ისაა გამორიცხული, რომ ”უინდმა” ”რენოსპორტ” ვერსიაც მიიღოს.

”რენო უინდის” სავარაუდო ფასი 20 000 ევროს სიახლოვეს იქნება.