Tuesday, September 21, 2010

ელექტრომობილი ელექტროციკლის წინააღმდეგ - გამარჯვებული გარემო დარჩება

Citroen Survolt Vs Agni Z2

21 სექტემბერი

ამ ფოტოებზე ელექტროძრავით აღჭურვილი ორი სარბოლი მანქანაა - ერთი, ოთხბორბლიანი რომაა, იმას ”სიტროენ სარვოლტი” ჰქვია. მეორე კი, ორბორბალა ”აგნი Z2”. ისინი ერთმანეთს შეაჯიბრეს და ვინ გაიმარჯვა? ამის თაობაზე, ამ საინტერესო პაექრობის ორგანიზატორი, ფრანგული კომპანია ”სიტროენი” არაფერს ამბობს.

სამაგიეროდ, ვინც ამ ინფორმაციას წაიკითხავს, ან შესაბამის ვიდეოს იხილავს (http://www.youtube.com/watch?v=HgoXticUgvU&feature=player_embedded), მას გონებაში სამუდამოდ აღებეჭდება, რომ ელექტრული აგრეგატით აღჭურვილ მანქანებსაც შეუძლიათ რბოლა. და, როგორც მათი პილოტები ამბობენ, ძალიან ტემპერამენტიანებიც არიან. ნუ, რა თქმა უნდა, არა იმდენად, როგორც ვთქვათ, ”ფერარის”, ან ”ლამბორგინის” კვიცები და ხარები, მაგრამ საკმაოდ ტემპერამენტიანები იმისათვის, რომ ობივატელს ელექტრომობილებზე წარმოდგენა შეუცვალონ და მისადმი დამოკიდებულება შეაცვლევინონ. ეს კი იმის საწინდარი იქნება, რომ როდესაც კომპანიები ეკოლოგიურად სუფთა მანქანების წარმოებას მასობრივად მიჰყოფენ ხელს, ბაზარი და შესაბამისად, მყიდველთა ძირითადი კონტინგენტი, ამისათვის მაქსიმალურად მომზადებული დახვდებათ.

შეჯიბრის ორგანიზატორებმა ორივე ელექტრული მანქანის პილოტებად ქალები მიიწვიეს. ”სიტროენის” საჭეს ლეგენდარული ბელგიელი ჯეკი იქსის (ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და ლე მანის და დაკარის არაერთგზის ტრიუმფატორი) ქალიშვილი ვანინა იქსი მიუჯდა, ვინც თავადაც მამის კვალს გაჰყვა და ლე მანის სერიასა და ტურიზმის კლასის ჩემპიონატებში ასპარეზობს (რა თქმა უნდა, სახელოვან მამას ვერ შეედრება), ელექტროციკლის უნაგირი კი ჯენი ტინმუთს ჩააბარეს, რომელიც ალბიონზე უსწრაფეს ქალად ითვლება.

ალბათ მიხვდით, შეჯიბრი საჩვენებელი იყო და მისი დანიშნულება გამარჯვებულის გამოვლენა არ ყოფილა. ფინიშის შემდეგ კი მისი მონაწილენი აღტაცებას ვერ მალავდნენ.

”ფანტასტიური შეგრძნება მქონდა. სხვა თუ არაფერი, ამ ტიპის პირველ ელექტრულ დუელში მივიღე მონაწილეობა. მანქანები ხმაურის გარეშე მოძრაობდნენ და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული გამოწვევა იყო. საერთოდ, როდესაც ტრასაზე ხარ, მეტოქის ადგილმდებარეობას მისი მანქანის ხმის მიხედვით ხვდები. მაგრამ ელექტრული მანქანები ხომ უხმაუროა. მოკლედ, დიდი სიამოვნება მივიღე და მიხარია, რომ ასეთ უნიკალურ შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა”, - განაცხადა ვანინა იქსმა.

მოტოციკლისა რა გითხრათ, მაგრამ ”სიტროენ სარვოლტს” უნიკალური (სარბოლი ავტომობილის შესაფერისი) აგებულება აქვს. მისი შასი ფოლადის მილებისგანაა შეკრული, ძარა კი კარბონის კომპოზიტის ნაწარმია. მსუბუქი მასალების უხვად გამოყენების წყალობით, ელექტრომობილი მხოლოდ 1.15 ტონას იწონის, რაც მის შესანიშნავ დინამიურობას განაპირობებს.

მის მოძრაობას ორი ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 300 ცხენის ძალას (5 000 ბრ/წთ-ზე) აღწევს. მათი მეშვეობით, ”სარვოლტს” მაქსიმუმ 260 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად კი მას 5 წამზე ნაკლები ჰყოფნის.

რა თქმა უნდა, გაცილებით მსუბუქია ელექტრომოტოციკლი, რომელიც მხოლოდ 220 კილოგრამს იწონის. სამაგიეროდ, მას უფრო სუსტი, 65-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ემსახურება. და მაინც, მისი აჩქარება გაცილებით უკეთესია - 0-100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 3.5 წამში. სამაგიეროდ, მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 210 კმ/სთ-ია.