Friday, October 16, 2009

კონცეპტუალური ”მაკლარენ LM5” - F1-ის შთამომავალი

McLaren LM5 Concept

16 ოქტომბერი

”მაკლარენის” უახლეს სუპერ ავტომობილ MP4-12C-ს საავტომობილო სამყარო განსხვავებული განწყობით შეხვდა. ზოგი უოკინგელებისგან უკეთეს დიზაინს ელოდა, ზოგისთვის ამ ავტომობილის გარეგნობა დამაკმაყოფილებელია. ზოგი კი თვლის, რომ ის შესანიშნავი დიზაინით გამოირჩევა. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, დაბერების პარალელურად, შეინარჩუნებს თუ არა MP4-12C-ს დიზაინი დღევანდელ ელეგანტურობას.

მანამდე კი ინგლისური კომპანია ერთ მოდელზე შეჩერებას არ აპირებს და თავის მომავალ კლიენტს კიდევ ორ ახალ ავტომობილს უმზადებს. რამდენად კარგი დიზაინი ექნებათ მათ, ძნელი სათქმელია. კომპანიის მთავარი დიზაინერი ფრენკ სტივენსონი გვარწმუნებს, რომ დროს MP4-12C-ც გაუძლებს და მომდევნო ორი ავტომობილიც.

სანამ ეს ორი ბაზარზე გამოჩნდებოდეს, მათ შესაძლო გარეგნობაზე ბევრი დიზაინერი მუშაობს, რომლებიც საინტერესო პროექტებს ამუშავებენ. ერთ-ერთი მათგანია ქოვენთრის უნივერსიტეტის სატრანსპორტო დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული მეტ უილიამსი, რომელმაც გამოსაშვებ პროექტად სწორედ ”მაკლარენის” სახელის მატარებელი კონცეპტუალური შუაძრავიანი LM5 შექმნა.

პროექტის ავტორის თქმით, მან შთაგონება ლეგენდარული ”მაკლარენ F1-გან” მიიღო, რომელიც ახლაც კი პოპულარულია სუპერავტომობილების ფანებს შორის. შესაბამისად, LM5 რანგით MP4-12C-ზე მაღლა დგას და ისევე როგორც მისი წინაპარი, ისიც ”ბეემვეს” წარმოების V10 აგრეგატით უნდა აღიჭურვოს (რა თქმა უნდა, რეალობაში ეს გამორიცხულია, რადგან ”მაკლარენს” პარტნიორული ურთიერთობა ”მერსედეს-ბენცთან” აკავშირებს).

”მაკლარენ F1-გან” მიღებული შთაგონება პირველ რიგში, იმაში გამოიხატება, რომ LM5-იც სამადგილიანი მანქანაა, რომელშიც მძღოლს ცენტრალური ადგილი უკავია, ორი მგზავრი იქ მის ორივე მხარეს, ოდნავ უკან თავსდება. უპირველესად, ასეთი შეთანწყობა ავტომობილის წონის იდეალურად განაწილებას უწყობს ხელს.

LM5 აგრესიული, გარსშემოდენილი ფორმით გამოირჩევა და ფორთოხლისფრადაა შეღებილი, როგორც წმინდა სისხლის ”მაკლარენს” შეეფერება.

რა თქმა უნდა, ”მაკლარენი” ვიღაც გუშინდელი სტუდენტის გამოსაშვები პროექტის მიხედვით ავტომობილს არ დაამზადებს, თუმცა გამორიცხული არაა, რომ მეტ უილიამსმა თავისი ნამუშევრით ინგლისური კომპანიის ხელმძღვანელთა ყურადღება მიიქციოს და სახელვან კომპანიაში მუშაობა დაიწყოს. არც ისაა გამორიცხული, რომ რომელიმე პატარა კომპანიამ მისი პროიექტის მიხედვით ავტომობილების მცირესერიული წარმოება დაიწყოს...