Wednesday, January 19, 2011

”ფოლკსვაგენი” ულტრაეკონომიურ ავტომობილს გამოუშვებს

Volkswagen to Show Production-Ready 1 l/100km Car

19 იანვარი

”ერთლიტრიანი ავტომობილი”, ანუ ”L1 ქარ” - ამ სახელითაა ცნობილი კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” ფრანკფურტის ავტო გამოფენაზე ორი წლის წინ წარადგინა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ავტომობილს ოდესმე კონვეიერზე დადგომა ეღირსებოდა. მაგრამ არ გასულა ორი წელი და ვოლფსბურგელებმა მისი წინასერიული ვერსია მოამზადეს, რომელსაც პირველები ყატარის საავტომობილო შოუს დამთვალიერებლები მალე იხილავენ.

ჯერჯერობით, ყატარისთვის მომზადებული ავტომობილის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ის ფრანკფურტში ნაჩვენები L1-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. იმ ავტომობილს კი მართლაც განსაცვიფრებელი მახასიათებლები ჰქონდა. მისი მთავარი თვისება კი სახელწოდებაშია ასახული - L1 ერთ ლიტრს აღნიშნავს.

ჯერ ერთი, ის თითქმის ლიტრიანი (0.8 ლიტრი) TDI დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და 100 კილომეტრზე თითქმის 1 ლიტრ (უფრო ზუსტად კი 1.38 ლიტრ) საწვავს მოიხმარს. ძრავი სულ რაღაც 27 ცხენის ძალას (4 000 ბრ/წთ-ზე) და 100 ნიუტონმეტრს (1 900 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამასთან, ამ აგრეგატის სპორტული მოდიფიკაციის სიმძლავრე 39 ცხენის ძალას აღწევს.

ავტომობილი, რომელიც სულ რაღაც 380 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 14.3 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ია. ერთი კილომეტრის გავლისას კი ”ლიტრიანი” ატმოსფეროში მხოლოდ 39 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ცნობილია, რომ ”ლიტრიანის” ყატარული ვერსია ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი - დიზელის ძრავის გარდა, მას ელექტროძრავიც ემსახურება. ბუნებრივია, ეს გარემოება ავტომობილის აბსოლუტურად ყველა მახასიათებელს შეცვლის. გარდა ამისა, გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ძარის დასამზადებლად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტს იყენებს, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონა საგრძნობლად შემცირდა.

”ფოლკსვაგენი” ახალ დაბალფასიან ბრენდს შექმნის

Volkswagen to Give Birth to New Low Cost Brand

19 იანვარი

გერმანული კომპანია ”ფოლკსვაგენი” ახალი ბრენდის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, ბრენდისა, რომელიც ჩინეთში იმუშავებს და თავად შეიმუშავებს, აწარმოებს და გაჰყიდის დაბალფასიან ავტომობილებს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ეს ბრენდი ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა მომავალში არც სხვა ქვეყნების ბაზრებზე მისი გასვლაა გამორიცხული.

სააგენტო ”ბლომბერგი” იტყობინება, რომ ვოლფსბურგელებს უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკება ჩინურ კომპანიებთან (ჩინეთში უცხოური კომპანია ვერ იმუშავებს, თუ მას ადგილობრივი პარტნიორი არ ჰყავს), თუმცა ჯერ საბოლოო შეთანხმება მიღწეული არაა.

”ფოლკსვაგენის” ჩინური შტოს მთავარი აღმასრულებელი კარლ-თომას ნოიმანი ბლუმბერგთან საუბრისას ადასტურებს, რომ მის კომპანიას ჩინური ბაზრის უკეთ ასათვისებლად, ადგილობრივი პარტნიორის ძებნა დაწყებული აქვს. არაა გამორიცხული, რომ ახალი ბრენდი სორედ ჩინელი პარტნიორის ბაზაზე შეიქმნას. ისიც შესაძლებელია, რომ სრულიად ახალი კომპანია ჩამოყალიბდეს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ, ”ჯენერალ მოტორსმა” და ”ნისანმა” გააკეთეს.

ამერიკული კომპანიის ჩინურ ბრენდს ”ბაოძუნი” ეწოდა და ის მალე ბაზარზე 7 000 დოლარად ღირებულ მოდელ ”ბაოძუნ 630-ს” გამოუშვებს. ავტომობილი ოთხცილინდრიანი 1.5-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 105 ცხენის ძალას და 135 ნიუტონმეტრს იძლევა. რაც შეეხება გარეგნობას, ამ მხრივ, ”ბაოძუნ 630” ”ბიუიკ ექსელს” დაემსგავსება, თუმცა აღჭურვილობის მხრივ, მასთან ახლოსაც ვერ მივა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ავტომობილი დაბალ საფასო სეგმენტში უნდა ჩაეტიოს.

ჩინეთი უკვე მსოფლიოს უდიდესი საავტომობილო ბაზარია და ბუნებრივია, მსოფლიო ლიდერობის მოსურნე ვოლფსბურგელები იქ სოლიდური წილის მოპოვებას ცდილობენ. სწორედ ამიტომაა, რომ ცისქვეშეთის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ახალ პროექტებს ამუშავებენ. მაგალითად, ახლახანს ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შესული ”პორშე” თავის უახლეს უგზოობის ავტომობილს, რომელსაც ალბათ ”კაიუნს” დაარქმევენ, ჩინეთში გამოუშვებს.

საინტერესო ფაქტი - შარშან ”ფოლკსვაგენისთვის” ყველაზე დიდი ბაზარი აზია/წყნარი ოკეანის რეგიონი იყო, სადაც გერმანულმა კომპანიამ 2.14 მილიონი ავტომობილი გაჰყიდა. აქედან 1.92 მილიონი კი ჩინეთზე მოდის. შედარებისთვის, გერმანიაში 1.04 მილიონი ”ფოლკსვაგენი” გაიყიდა, სამხრეთ ამერიკაში კი - 888 000.

”მიცუბიში” ჟენევისთვის გლობალური პატარა ავტომობილის პრემიერას ამზადებს

Mitsubishi CGS Rendering Released

19 იანვარი

ჟენევის საავტომობილო გამოფენამდე ჯერ ორი თვეა, მაგრამ მისი მონაწილეები უკვე აქტიურობენ და ინტერნეტით თავიანთი სიახლეების შესახებ, ინფორმაციას ნაბიჯ-ნაბიჯ ავრცელებენ. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც წინასაგამოფენო აჟიოტაი წამოიწყო, ”მიცუბიშია”, რომელმაც ინტერნეტით თავისი ახალი გლობალური კომპაქტური ავტომობილის ესკიზი გაავრცელა.

არსებობს ვარაუდი, რომელსაც იაპონური კომპანია ჯერ არ ადასტურებს, რომ ესაა პოპულარულ ჰეჩბეკ ”ცოლტის” შემდეგი თაობის ავტომობილი. ”მიცუბიშის” განცხადებით, ამ ავტომობილის წარმოება მერმისს, ტაილანდის ქარხანაში დაიწყება, რომლის წლიური წარმადობაც 150 000 ავტომობილია.

პატარა ავტომობილი ასევე მცირელიტრაჟიან, 1.0 და 1.2-ლიტრიანი ძრავებს მიიღებს, რომლებსაც მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი შეუწყვილდება. გარდა ამისა, აღჭურვილობაში შევა სისტემა სტოპ-სტარტი, მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემა და დაბალი წინააღმდეგობის მქონე საბურავები. ამ აღჭურვილობის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ავტომობილმა მცირე რაოდენობით საწვავი მოიხმაროს და მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კილომეტრზე 90 გრამზე მეტი არ იყოს.

სხვათა შორის, ინტერნეტით გავრცელებულმა ესკიზმა ბევრისგან კრიტიკა უკვე დაიმსახურა. რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ ავტომობილი უშნოა, მაგრამ აშკარაა, რომ ის ”მიცუბიშის” კორპორატიულ სტილს არ შეეესაბამება. უფრო მეტიც, ესკიზზე გამოსახული ავტომობილი ძლიერ ჰგავს ”ფორდის” ორ პოპულარულ ავტომობილს - ”ფიესტას” და ”ფიგოს”.

ასეა თუ ისე, თავისი გაბარიტებით, ახალი ავტომობილი ახლოსაა ”მიცუბიში კოლტთან”, რომლის ახლანდელ ვერსიასაც იაპონური კომპანია 2002 წლიდან აწარმოებს. ორი წლის წინ, მას რესტაილინგი ჩაუტარდა.

ახალი სუბკომპაქტური კონცეპტუალური მოდელის გარდა, ჟენევის შოუზე ”მიცუბიში” კიდევ რამდენიმე მოდელს გამოფენს. მათ შორის: ელექტრომობილ i-MiEV-ს ევროპული ვერსიას, ქროსოვერ ASX-ს და კიდევ რამდენიმე სერიულ ავტომობილს.

”შკოდა” მინი ავტომობილის წარმოებას წელსვე დაიწყბს

19 იანვარი

როგორც ჩანს, პირველი კომპანია, რომელიც ”ფოლკსვაგენის” კონცეპტიალურ მინი მოდელ Up-ის ბაზაზე სერიულ ავტომობილს გამოუშვებს, გერმანულ ჯგუფში შემავალი ჩეხური კომპანია ”შკოდაა”. მისმა ხელმძღვანელობამ ახლახანს დაადასტურა ჩეხურ პრესაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ფრანკფურტის ავტო შოუზე, ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

დღეისათვის, ახალი ავტომობილის სამუშაო კოდური სახელწოდებაა ”ნიუ სმოლ ფემილი” (NSF), ანუ ახალი პატარა ოჯახი. მის შესახებ ”შკოდა” დაწვრილებით ინფორმაციას ფრანკფურტამდე ცოტა ხნით გაავრცელებს. დღეს კი ჩეხურმა კომპანიამ უარყო ადრე გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს, პატარა ავტომობილს, რომელსაც ალბათ ”ჯოისტერს” დაარქმევენ, კალუგაში გამოუშვებს.

”შკოდას” განცხადებით, ”ჯოისტერი” იქნება საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელიც საშუალო მყიდველუნარიან კლიენტურაზეა გათვლილი. პატარა ავტომობილი მცირელიტრაჟიანი ძრავების გამას და თანამედროვე ტრანსმისიეას მიიღებს და უსაფრთხოების აქტიური და პასიური სისტემებით აღიჭურვება. მისი სახით, სუბკომპაქტური კლასის ევროპელ ლიდერებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.

მართალია, ზომებით და აღჭურვილობით, ახალი ავტომობილი ახლოს იქნება პოპულარულ ჰეჩბეკ ”ფაბიასთან”, მას კონკურენციას არ გაუწევს. პირველ რიგში, მათს მეტოქეობას, გაბარიტებსა და ფასთა შორის სხვაობა გამორიცხავს. ”შკოდაში” დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ავტომობილი კომპანიის სამოდელო გამას ორგანულად შეერწყმება და რაც მთავარია, გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.

ახალ ავტომობილს ”შკოდას” ბრატისლავას (სლოვაკეთი) ქარხანა გამოუშვებს და იქ წარმოებული ავტომობილები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გაიყიდება. მოგვიანებით, იმავე ავტომობილის წარმოებას, საკუთარი ლოგოთი და შეცვლილი გარეგნობით, ”ფოლკსვაგენი” და ”სეატიც” დაიწყებენ. ბოლოს კი, ამ ავტომობილის ლუქს ვერსიას, სახელით A2, ”აუდიც” გამოუშვებს.

”მაიბახს” ”ასტონ მარტინი” თუ გადაარჩენს

Collaboration Between Mercedes and Aston Martin Could Revive Maybach

19 იანვარი

”მზეთუნახავს” ჯერ ისევ სძინავს

..............................

2002 წელს, ”დაიმლერმა” მივიწყებული ბრენდი - ”მაიბახი” აღადგინა იმ იმედით, რომ სუპერ ლუქსის კლასის სეგმენტში სოლიდური წილის მოსაპოვებლად ებრძოლა. მაგრამ ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან ”მაიბახის” ავტომობილებზე ფასები მეტისმეტად მაღალი იყო. ამასთან, მანქანები არც თავიანთი გარეგნობით იზიდავდა მყიდველს და ესეც რომ არა, მათ ბაზისად წინა თაობის S-კლასის სედანის პლატფორმას იყენებდნენ.

ახლახანს გერმანულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ეულად ”მაიბახის” გადარჩენა მის ძალებს აღემატება და ამ საქმეში ინგლისურ ”ასტონ მარტინს” მოუხმო. ჯერ ორ კომანიას შორის საბოლოო შეთანხმება არ გაფორმებულა, თუმცა ”ფაინენშლ ტაიმსი” წერს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ”ასტონ მარტინი” თავის თავზე, ახალი ”მაიბახის” ძარას შემუშავებას და წარმოებას აიღებს.

ამ პარტნიორობით, განსაკუთრებით მოგებული ინგლისური მარკა დარჩება, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება ”მერსედესის” ძრავები, რომლებსაც ”ასტონი” თავისი მოდელებისთვის გამოიყენებს. განსაკუთრებით კი მათთვის საინტერესო შედარებით მცირელიტრაჟიანი აგრეგატები უნდა იყოს, რომელთა წყალობითაც, ”ასტო მარტინის” ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა შემცირდება.

თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მოგებას ”მერსედესიც” ნახავს, რომელსაც აღარ მოუწევს ახალი ”მაიბახისთვის” ძარის შემუშავებაზე ინვესტიციების გაღება. მოკლედ, ძარასთან დაკავშირებულ ყველა საქმეს ინგლისური კომპანია ითავებს და ამგვარად, ”მაიბახის” ავტომობილების თვითღირებულებას შეამცირებს.

თავის დროზე, ”მაიბახის” აღდგენის მოთავე ”მერსედეს-ბენცის” ყოფილი შეფი იურგენ ჰუბერტი იყო, რომელმაც ძველ მარკას ”მიძინებული მზეთუნახავი” უწოდა. ”დროა, ნაზი კოცნით, მძინარე მზეთუნახავი გავაღვიძოთ”, - უთქვამს ჰუბერტს. მაგრამ როგორც ჩანს, ”მზეთუნახავი” კარგად ვერ გამოაფხიზლეს, რადგან მისი მარკით ავტომობილები ძალიან ცუდად იყიდება. მაგალითად, 2009 წელს მხოლოდ 200 ცალი ”მაიბახი” გაიყიდა, თითქმის სამჯერ ნაკლები, ვიდრე წინა წელს.

იმავე ”ფაინენშლ ტაიმსის” ინფორმაციით, ძრავების გარდა, ”ასტონ მარტინისთვის” ხელმისაწვდომი ”მერსედესის” სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილი პლატფორმებიც გახდება. ამას კი ინგლისელები მომავალში ალბათ საკუთარი უგზოობის მოდელის წარმოებისთვის გამოიყენებენ.