Saturday, January 29, 2011

”ნისან ლიფზე” მოთხოვნილება იზრდება

Nissan to reach full Leaf EV output speed by March

26 იანვარი

”ნისან მოტორი” აცხადებს, რომ თავის იაპონურ ქარხანას, რომელიც ელექტრომობილ ”ნისან ლიფს” უშვებს, საქმიანი წლის ბოლომდე (მარტამდე) სრული დატვირთვით აამუშავებს, რათა ამ ავტომობილზე მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს. სიდიდით მეორე იაპონურმა კომპანიამ ”ლიფის” წარმოება შარშან ოქტომბერში დაიწყო და მას აქეთ, სულ 3 000 ცალი აქვს გამოშვებული. მარტიდან კი ამ ელექტრომოვილის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება - ტოკიოს სამხრეთში მდებარე ოპამას კონვეიერს თვეში 4 000 ”ლიფი” დატოვებს.

”ბაზრის მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ, ”ლიფის” წარმოება უნდა გავზარდოთ, რისთვისაც დამატებითი სამუშაო საათების შემოღება და შვებულებების გაუქმებაც კი მოგვიწევს, რადგან ამავე ქარხანაში, ჩვენ სხვა ავტომობილებსაც ვაწარმოებთ”, - ამბობს ოპამას ქარხნის შეფი სეიძი ჰონდა. სამუშაო დღეებზე საათების დამატება იმისთვისაა საჭირო, რომ როგორც წესი, იაპონიაში მარტში ავტომობილებზე მოთხოვნა იზრდება.

”ნისანს” და მის ევროპელ პარტნიორ ”რენოს” ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერობა სურთ. ისინი ერთობლივად რამდენიმე მოდელს ამუშავებენ, რომელთაგან ბაზარზე გამოსვლა ყველას ”ლიფმა” დაასწრო. ეს ავტომობილი უკვე იყიდება იაპონიასა და აშშ-ში. მისი მიწოდება ევროპაშიც დაწყებულია, სადაც მას წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მიენიჭა.

”ნისანი” თავისი პირველი ელექტრომობილის წარმოებას ამერიკასა (შტატი ტენესი, 2012 წლიდან) და ბრიტანეთშიც (სანდერლენდი, 2013 წლიდან) აპირებს. მანამდე კი ყველა ბაზარი ”ლიფს” ოპამადან მიიღებს. ცნობისათვის, ოპამას ქარხნის წლიური სიმძლავრე 430 000 ავტომობილია. ”ლიფის” გარდა, ის ისეთ მოდელებსაც უშვებს, როგორებიცაა ”ჯუკი”, ”კუბი” და ”ნოუტი”.

ოპამას ქარხანაში ელექტრომობილის აწყობაც იმავე კონვეიერზე ხდება, რომელზეც მინივენ ”კუბს” და ქროსოვერ ”ჯუკს” აწარმოებენ. ”ლიფის” შასი კონვეიერით გადაადგილდება, რა დროსაც მას ელექტროძრავს და ელემენტების ბლოკს უდგამენ. აკუმულატორების ბლოკს და ელექტრომობილისთვის სპეციფიკურ ნაწილებს, იმავე ქარხანაში, ცალკე ხაზზე აწყობენ. საერთო ჯამში, ოპამას ქარხანაში გამოშვებული ყოველი შვიდი ავტომობილიდან, ერთი ”ლიფია” და მისი წილი თანდათან გაიზრდება.

”ნისანს” აქამდე ელექტრომობილ ”ლიფზე” იაპონიაში 6 000, ამერიკაში კი 20 000 შეკვეთა აქვს მიღებული. და სანამ მათ დააკმაყოფილებდეს, წინასწარი შეკვეთების მიღება დროებით გააჩერა. ”ნისან ამერიკას” შეფი კარლოს ტავარესი ამბობს, რომ ემრიკაში მიღებული შეკვეთები სექტემბრამდე დაკმაყოფილდება.

პარალელურად, ”ნისანი” და ”რენო” მტელ მსოფლიოში ქარხნებს ამზადებენ, რომლებმაც წლიურად, ლითიუმ-იონური აკუმულატორების 500 000 ცალი ბლოკის წარმოება უნდა უზრუნველყონ. ორივე კომპანიის საერთო მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი ვარაუდობს, რომ მალე (2020 წლისთვის) მთელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით მეათედი ელექტრომობილი იქნება. და მას სურს, რომ მისმა კომპანიებმა ამ სეგმენტის მნიშვნელოვანი წილი მოიპოვონ, როგორც ეს ”ტოიოტამ” ჰიბრიდულ სეგმენტზე შეძლო.