Saturday, October 17, 2009

”ნისანის” ”მიწაზე მონარნარე” ტოკიოში დებიუტისთვის ემზადება

Nissan Prepares Land Glider Concept for Tokyo

16 ოქტომბერი

რამდენიმე დღის წინ, ”ბეემვეს” უჩვეულო კონცეპტუალური ავტომობილი ”სიმპლ-ი” გაგაცანით, რომელიც რეალურად, მოტოციკლისა და ავტომობილის ერთგვარ სინთეზს წარმოადგეს. იმ ავტომობილს ბავარიული კომპანიის სამუზეუმო ექსპონატობა უწერია.
მსგავს კონცეპტუალურ ავტომობილს, იაპონური ”ნისანი” მალე ტოკიოს ავტო შოუზე წარმოადგენს. ავტომობილს, ეფრო საწორედ ელექტრომობილს, ”ლენდ გლაიდერი” (მიწაზე მონარნარე, მოლივლივე) უწოდეს. ”სიმპლ-ის” მსგავსად, ისიც მოხვევისას გვერდზე იხრება, მასში კი მძღოლი და მგზავრი ეგრეთ წოდებული ტანდემური განლაგებით სხდებიან. ესე იგი, მგზავრის სავარძელი მძღოლის სავარძლის უკანაა მოთავსებული.
”ლენდ გლაიდერს” მოსახვევში 17 გრადუსით დახრა შეუძლია და თუ კომპანიის ოფიციალურ პრეს რელიზს დავუჯერებთ (რატომ არ უნდა დავუჯეროთ), დახრის სისტემის მეშვეობით, ელექტრომობილს მკვეთრი მოსახვევების მაღალი სიჩქარით გავლაც კი შეუძლია.
რაღაცით ”ლენდ გლაიდერი” თვითმფრინავსაც, უფრო სწორედ, სამხედრო თვითმფრინავის იმ სეგმენტს ჰგავს, სადაც პილოტის კაბინა მდებარეობს - ელექტრომობილის სალონი თვითმფრინავის სანთელს ჰგავს. სავარძლების ტანდემური განლაგებაც სამხედრო თვითმფრინავთან მსგავსების მანიშნებელია. დაბოლოს, საჭე - საჭის რგოლის ნაცვლად, ”მონარნარე” შტურვალით იმართება.

ამ შტურვალით მძღოლი მოხვევის მიმართულებას და სიმკვეთრეს არეგულირებს, ავტომობილის დახრის კუთხეს კი ელექტრონიკა განსაზღვრავს. მრავალი გადამწოდისგან მიღებულ ინფორმაციას კომპიუტერი გადაამუშავებს, რომელიც ელექტრომობილის მოძრაობის სიჩქარეს, საჭის მოხვევის კუთხეს, ვერტიკალური ღერძის მიმართ მოძრაობის კუთხურ სიჩქარეს ითვალისწინებს და ამ მონაცემების მიხედვით, დახრის ყველაზე ოპტიმალურ კუთხეს თავად არჩევს.

დაბოლოს, ”ლენდ გლაიდერი” ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი (ავტომობილის უკანაა განლაგებული), რომლებსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს. თავის მხრივ, ამათი დამუხტვა უკონტაქტო მოწყობილობით ხდება.

”ნისანი” აღიარებს, რომ ”ლენდ გლაიდერის” სერიული წარმოება არ იგეგმება. სამაგიეროდ, მასში გამოყნებული ტექნოლოგიებიდან ზოგიერთი მალე მასობრივ წარმოებაში დაინერგება.