კონცეპტუალური ქროსოვერი SXC - პირველი ჩინური „პეჟო“
Peugeot Unveils China-Designed SXC Crossover Study
1 მაისი


ესაა კონცეპტუალური ქროსოვერი SXC, ავტომობილი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ჩინური ბაზრისთვის, „პეჟოს“ ჩინელმა სპეციალისტებმა მოამზადეს. მისი აბრევიატურაც ჩინურია - SXC შანჰაი ქროს კონცეპტს ნიშნავს. დაკიდევ, ლომები ამბობენ, რომ ეს ავტომობილი, ჩინელი მყიდველის გემოვნების შესაბამისადაა შემუშავებული.
მისი დინამიური იერი ნუ მოგატყუებთ - გაბარიტების გათვალისწინებით, ავტომობილი ნამდვილი ბრონტოზავრია. მისი ზომებია: სიგრძე 4 870 მილიმეტრი, სიმაღლე 1 610 მმ, სიგანე 2 035 მმ. ბორბლებს შორის ბაზა კი 3.0 მეტრს აღწევს. შედარებისთვის, „ბეემვეს“ სპორტულ ქროსოვერ X6-ის სიგრძე 4 877 მილიმეტრია.


შიგნიდან SXC ტიპიური კონცეპტუალური ნამუშევარია - სალონში გაფორმების ბევრ ისეთ ელემენტს ნახავთ, რომლებსაც კონვეიერამდე არავინ მიუშვებს. მაგალითად, მძღოლის სამუშაო ადგილი ისეა მოწყობილი, სარბოლი მანქანის კოკპიტის მსგავსი რამ გეგონება. სალონი მაღალი გვირაბითაა გატიხრული და კოკპიტის შთაბეჭდილებას ესეც ტოვებს. ოთხი ინდივიდუალური სავარძელი კი კომფორტულობაზე მიგვანიშნებს. მაჩვენებლების დაფა კი ისეა გაწყობილი, იფიქრებ, რომ ეს მანქანა (ან იქნებ, საფრენი აპარატიც) ფანტასტიკური ფილმისთვის არისდ შექმნილი.
რაც შეეხება ავტომობილის ძალურ აღჭურვილობას, მბიძგველ ძალას მას „ჰაიბრიდ4“ სისტემა ანიჭებს, რომელიც ლომებს სხვა კონცეპტუალურ ავტომობილებზეც გამოუყენებიათ. მასში შედის როგორც შიდაწვის აგრეგატი - 1.6-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 218 ცხენის ძალას ავითარებს და რომელიც წინა ბორბლებს აბრუნებს, ასევე ელექტროძრავიც (95 ცხ.ძ), რომელიც უკანა ბორბლებთანაა დაკავშირებული. „პეჟო“ ირწმუნება, რომ ამ სისტემით, ეს უზარმაზარი მანქანა ას კილომეტრს 5.8 ლიტრი ბენზინით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 143 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.