Friday, September 24, 2010

”ნისანმა” ელექტრომობილ ”ლიფზე” 20 000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო

Nissan Tops 20,000 Reservations for the LEAF

24 სექტემბერი

იაპონური კომპანია ”ნისანი” მალე დაიწყებს მსოფლიოში პირველი სერიული ელექტრომობილის - ”ნისან ლიფის” წარმოებას, მისი გაყიდვების დაწყებამდე ნახევარი წლით ადრე კი მასზე შეკვეთების მიღება დაიწყო. კომპანია იმედოვნებდა, რომ დეკემბრამდე დაახლოებით 20 000 შეკვეთის მიღებას მოასწრებდა. მაგრამ პროგნოზი დაგეგმილზე სამი თვით ადრე შესრულდა.

მალე ”ნისანი” ამერიკაში, ”ნისან ლიფის” ძირითად ბაზარზე, ამ ელექტრომობილის სარეკლამო ტურს დაიწყებს, რომელიც შეერთებული შტატების 20-ზე მეტ ქალაქს მოივლის. ამ ქალაქებში კი იმ ადამიანებს, რომლებმაც ავტომობილზე წინასწარი შეკვეთები განათავსეს და დეპოზიტიც შეიტანეს, ”ლიფის” ტესტირების საშუალება მიეცემათ.

”ნისანმა” გამოაცხადა, რომ უკვე დაასრულა ”ლიფზე” შეკვეთების პირველი ფაზის მიღება, მეორე ფაზას კი მერმისამდე არ დაიწყებს. ახლა იაპონური კომპანიის მთავარი მიზანი ისაა, რომ მათ, ვინც ელექტრომობილი უკვე შეუკვეთა, უმაღლეს დონეზე მოემსახუროს.

”დღეს უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 20 000-მა ადამიანმა ”ნისან ლიფი” და ნულოვანი გამონაბოლქვის მომავალი აირჩია. ახლა ჩვენი და დილერების ჯერია, რათა მყიდველს უმაღლესი დონის მომსახურება შევთავაზოთ და დავარწმუნოთ იმაში, რომ ელექტრომობილებით სარგებლობა მათთვის მოსახერხებელი იქნება. ელექტრომობილების მართვის გამოცდილების მისაღებად კი ყველას ვეპატიჟბით ჩვენს ამერიკულ ტურზე, რომელიც ამერიკის ქალაქებს მოივლის”, - განაცხადა ”ნისან ნორთ ამერიკას” გაყიდვების და მარკეტინგის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ბრაიან ქეროლაინმა.

”ნისან ლიფის” შემკვეთებისთვის მიწოდება დეკემბერში კალიფორნიაში დაიწყება. შემდეგ ორეგონელი, უოშინგტონელი, არიზონელი და ტენესელი შემკვეთებიც მიიღებენ. მომავალი წლიდან ტექსასისა და ჰავაის ჯერიც დადგება. ამ შტატების შემდეგ კი ამ ელექტრომობილს ”ნისანის” დილერები მთელს მსოფლიოში მიიღებენ.