Saturday, April 3, 2010

”ჯენერალ მოტორსი” წყალბადის კომპაქტურ ელემენტებს გამოუშვებს

GM targets smaller, lighter hydrogen fuel cell

3 აპრილი

”ჯენერალ მოტორსი” წყალბადის ახალ ფიჭურ ელემენტებს ცდის, რომელთა წარმოებასაც 2015 წელს დაიწყებს. ახალი ელემენტები თითქმის ორჯერ კომპაქტური და თითქმის 100 კილოგრამით მსუბუქია იმ ელემენტებზე, რომლებითაც კონცეპტუალური ”შევროლე ეკვინოქსია” აღჭურვილი. და კიდევ, მასში სამჯერ ნაკლები პლატინა გამოიყენება.

”ფიჭური ელემენტების კომპაქტურობა იმას ნიშნავს, რომ მათი გამოყენება ნებისმიერი ტიპის, კომპაქტურ ავტომობილებზეც კი იქნება შესაძლებელი”, - ინტერნეტ გამოცემა ”ავტომოტივ ნიუსთან” საუბრისას განაცხადა ”ჯენერალ მოტორსის” პრესმდივანმა ალან ადლერმა.

მას არაფერი უთქვამს იმაზე, თუ ახალი ფიჭური ელემენტებით რომელი მოდელების აღჭურვა იგეგმება. მისი ვარაუდით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს კომპაქტური ავტომობილები იქნება. თუმცა, სამომავლოდ არც ეს გამორიცხა. ”შევროლე ეკვინოქსი” ქროსოვერია და ”გენერლებმა” მასზე თავიანთი ფიჭური ტექნოლოგიების ტესტირება 2007 წელს დაიწყეს. ტესტირება ხორციელდება პროექტ ”დრაივვეის” ფარგლებში, რომლის მიზანსაც, მსგავსი სისტემების შესწავლის გარდა, მისი პოპულარიზაციაც წარმოადგენს.

”ჯენერალ მოტორსის” საწვავის ელემენტების განყოფილების შეფი ჩარლზ ფრიზი ამბობს, რომ ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ”შევროლე ეკვინოქსის” ტესტირების პირველი ფაზა დასრულებულია. მისი შედეგების მიხედვით, მოხდება ავტომობილის სისტემების დახვეწა და მათი შემდგომი ტესტირება და ასე გაგრძელდება 2015 წლამდე, როდესაც სისტემა სერიულ სახეს მიიღებს.

მეორე ეტაპზე, ფიჭური ელემენტებით 119 ცალი ”შევროლე ეკვინოქსი” აღიჭურვება, რომლებსაც ”ჯენერალ მოტორსი” და აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტი ერთობლივად ჩაუტარებენ ტესტირებას და მათ საზოგადოებასაც გააცნობენ, რითაც ბაზარზე ამ ტიპის ავტომობილების წამოწევის პირველ ნაბიჯებს გადადგამენ.

”ბეემვე” ”კარბონ მოტორზს” დიზელის ძრავებს მიაწვდის

BMW will supply Carbon Motors with diesel engines

3 აპრილი

ამერიკული კომპანია ”კარბონ მოტორზი” ცნობილია იმით, რომ შეიმუშავა და წარმოებისთვის მოამზადა საპოლიციო ავტომობილი E7, რომელზეც უკვე 12 000 შეკვეთა აქვს მიღებული.

მარტის მიწურულს კი, კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა ”ბეემვესთან”, რომლის ძალითაც, გერმანული კომპანია მისთვის დიზელის 240 000 ძრავის, ასევე გაგრილების და გამოსაბოლქვი სისტემების და 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის მიწოდებას კისრულობს.

დიზელის ძრავი, რომელსაც ბავარიელები ”კარბონ მოტორსს” მიაწვდიან, 3.0-ლიტრიანია და მას ერთ რიგში განლაგებული 6 ცილინდრი აქვს. ძრავს ტურბოკომპრესორი ემსახურება, რომლის მეშვეობითაც, მისი სიმძლავრე 245 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 540 ნიუტონმეტრს აღწევს.

ამერიკული კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საპოლიციო ავტომობილი, რომლის წონაც 1800 კილოგრამზე მეტია, ამ ძრავის მეშვეობით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 6.5 წამში მოასწრებს, ადგილიდან 400 მეტრს 14.5 წამში გაივლის, 400-მეტრიანი დისტანციის ფინიშზე კი მისი სიჩქარე 157 კმ/სთ-ს მიაღწევს. რაც შეეხება E7-­ის მაქსიმალურ სიჩქარეს, ის 240 კმ/სთ-ია.

”კარბონ მოტორზმა” საპოლიციო ავტომობილის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2003 წელს დაიწყო. ავტომობილს გაძლიერებული ძარა და შეჯავშნული წინა კარებები აქვს. მის სახურავსა და წინა ბამპერის ქვეშ მოთავსებულია საპოლიციო ციმციმა ნათურები. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ვიდეოთვალთვალის სისტემით და სისტემით, რომელსაც წინ მიმავალი ავტომობილის სანომრე ნიშნის ამოცნობა-გარჩევა შეუძლია. მას ასევე აქვს ძრავის დისტანციურად ამუშავების სისტემა და პოლიციელებისთვის აუცილებელი კავშირისა და კომპიუტერული მოწყობილობები.

”კარბონ მოტორზი” ახლა აშშ-ის მთავრობისგან კრედიტის სახით 310 მილიონ დოლარს ელის. თუ მისი მიღება შეძლო, საპოლიციო ავტომობილის სერიულ წარმოებას სამი წლის შემდეგ დაიწყებს.

”ჩვენ დღეიდან საკუთარი ძრავების გაყიდვას ვიწყებთ, რაც ჩვენთვის ნომერ პირველი სტრატეგიაა. ”კარბონ მოტორზთან” ხელშეკრულების გაფორმებით, ჩვენი კომპანია ახალ ბიზნესს შეუდგა და ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადადგამს”, - ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა ”ბეემვეს” დირექტორთა საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა. მისი მონაცემებით, დიზელისძრავიანი საპოლიციო ავტომობილი, ბენზინის ძრავიანთან შედარებით, საწვავის მოხმარებას და გარემოს დაბინძურებას დაახლოებით 40 პროცენტით შეამცირებს.

ამერიკაში, ნორმალურ ეკონომიკურ სიტუაციაში, საპოლიციო ავტომობილების ბაზრის წლიური მოცულობა დაახლოებით 65 000 ავტომობილია. დღეისათვის, აშშ-ის პოლიცია ძირითადად სამ ავტომობილს - ”ფორდ ქრაუნ ვიქტორიას” (იგივე ფორდ პოლის ინტერცეპტორს), ”შევროლე იმპალას” და დოჯ ჩარჯერს” იყენებს. ”ფორდი” მერმისს თავისი ”ინტერცეპტორის” წარმოებას შეწყვეტს და მის ნაცვლად, პოლიციას ”ტოროსის” პლატფორმას შესთავაზებს, რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები ექნება. ”ჯენერალ მოტორსი” კი მალე ”იმპალას” ავსტრალიაში წარმოებული ”შევროლე კაპრისით” შეცვლის, რომელსაც ავსტრალიური კომპანია ”ჰოლდენი” აწარმოებს. სხვათა შორის, ეს ავტომობილი სედან ”პონტიაკ G8-ს” პლატფორმაზეა ბაზირებული.