Friday, August 28, 2009

ფრანკფურტისთვის ”მერსედესი” წყალბადზე მომუშავე ავტომობილს ამზადებს

Mercedes B-Klasse F-Cell

28 აგვისტო

”მერსედეს-ბენცი” ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე წყალბადის ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე ელექტრომობილს წარადგენს, რომელიც B-კლასის ჰეჩბეკის ბაზაზეა დამზადებული და რომლის წარმოებაც წელსვე დაიწყება. ელექტრომობილი თავისი დინამიკური მახასიათებლებით ახლოსაა 2.0-ლიტრიანი შიდაწვის ძრავით აღჭურვილ, იმავე კლასის ჰეჩბეკთან. წყალბადზე მომუშავე ავტომობილის პირველი 200 ეგზემპლარი ევროპასა და აშშ-ში გაიყიდება.

ამგვარად, შტუტგარტული კომპანია, წყალბადის ფიჭური ელემენტებით (F-Cell) აღჭურვილი ელექტრომობილების სერიულად წარმოების მხრივ, პიონერი ხდება. ასეთ ავტომობილს ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. ის აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიის მეშვეობით გადაადგილდება და როდესაც აკუმულატორები განიმუხტება, მათ შესავსებად საქმეში ფიჭური ელემენტები ერთვება, რომლის მთავარი მუშა ტანი აიროვანი წყალბადია. ეს წყალბადი, 700 ატმოსფერული წნევის ქვეშ, ატმოსფეროში არსებულ ჟანგბადს უერთდება და რეაქციის დროს, ელექტროდენს აღძრავს. ასეთი დანადგარის თანმდევი პროდუქტი კი მხოლოდ წყალია.

წყალბადზე მომუშავე B-კლასის ჰეჩბეკი აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელიც მაქსიმუმ 136 ცხენის ძალას და 290 ნიუტონმეტრს, ძრავის როტორის პირველივე ბრუნზე გამოიმუშავებს. ელექტროძრავს ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში დაგროვებული ელექტროენერგია ამუშავებს, რომლის წყალობითაც, ავტომობილის სვლის სიშორე 385 კილომეტრს აღწევს. აკუმულსტორების ღირსებათა შორის მისი ის თვისებაცაა, რომ ის დენს მინუს 25 გრადუსზეც (ცელსიუსით) კი ადვილად იძლევა.

სერიოზული პრობლემა, რომელიც წყალბადის ფიჭურ ელემენტებიან B-კლასის ჰეჩბეკის პოპულარიზაციას ხელს შეუშლის, ისაა, რომ მთელს მსოფლიოში, წყალბადით გასაწყობი სადგურები პრაქტიკულად არ არსებობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ”დაიმლერის” ხელმძღვანელობა გერმანიის მთავრობასთან, ენერგეტიკულ და ნავთობკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლებთან ერთადაც, ერთობლივი საწარმოების შექმნას და მათი მეშვეობით, წყალბადით გასაწყობი სადგურების ქსელის დაარსებას ცდილობს. ასეთი ქსელები კი, გერმანიის დიდი ქალაქების - ჰამბურგისა და შტუტგარტის გარდა, აშშ-ის კალიფორნიაშიც შეიქმნება.

გზა, რომელიც ელექტროენერგიას იძლევა

Solar Roadways

28 აგვისტო



სკოტ და ჯული ბრუსოუ
.................................................................................

ამერიკელი ელექტროინჟინრის, სკოტ ბრუსოუს და მისი მეუღლის, ფსიქოლოგ ჯული ბრუსოუს მიერ შემოშავებულმა პროექტმა, სახელწოდებით ”სოლარ როუდვეის”, აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტის ყურადღება მიიქცია. დაინტერესება იმდენად სერიოზული გამოდგა, რომ დეპარტამენტმა პროექტის შესასწავლად 100 000 აშშ დოლარი გამოჰყო. ეს ფული, გზის მცირე ექსპერიმენტული მონაკვეთის შექმნას მოხმარდება.

პროექტის ავტორთა ჩანაფიქრით, ”სოლარ როუდვეი” მრავალფუნქციური გზების შექმნას ითვალისწინებს. ასეთ გზებზე, სავალი ზადაპირის ფენებში მზის ელემენტები მონტაჯდება. გარდა ამისა, გზის სტრუქტურაში შუქდიოდებისა და სამართავი ელექტრონიკის ინტეგრირებაა გათვალისწინებული. გზის ასეთი მრავალფუნქციური სეგმენტები განსაკუთრებით მისწრება გზაჯვარედინებსა და ავტოსადგომებზე იქნება, სადაც შუქნიშნებისთვის ელექტროენერგიაა საჭირო.

ასეთი გზები, გარდა იმისა, რომ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ღამით ავტომობილების მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის. გზაზე შესაძლებელი იქნება გამაფრთხილებელი ნიშნების ანთება. ასევე, განათდება გამყოფი ზოლი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გზის რომელიმე მხარეს გადაინაცვლებს.

”სოლარ როუდვეი” ასევე იმის საშუალებასაც იძლევა, რომ მასში გამათბობლები ჩამონტაჟდეს. მათი მეშვეობით, ზამთარში გზა არასდროს გაიყინება. გათბობისთვის საჭირო ენერგიას კი ის მასში ჩამონტჟებული ფოტოელემენტების მეშვეობით გამოიმუშავებს.

პროექტს მცირე ნაკლიც აქვს - იმ ადგილებში, სადაც გზა ხშირად მტვრიანდება, მას რეგულარული წმენდა დასჭირდება. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შემთხვევისთვის, მისწრება იქნება თვითგამწმენდიზი მასალების გამოყენება.

პროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ 1.52 X 1.52 მ ზომის 5 მილიარდი ასეთი პანელი სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ აშშ-ის საავტომობილო გზების ზედაპირი სრულად დაიფაროს. თუ ეს გრანდიოზული იდეა განხორციელდა, მარტო გზების მეშვეობით, ამერიკელები იმაზე დაახლოებით სამჯერ მეტი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებენ, ვიდრე დღესდღეობით მოიხმარენ. ამგვარად, ქვეყანა დიდწილად მოიხსნის იმპორტირებულ ნავთობზე დამოკიდებულებას.

მაგრამ პროექტს ერთი სერიოზული ნაკლი აქვს - თითო პანელი დაახლოებით 7 000 დოლარი ეღირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკის საავტომობილო გზების სრულად დასაფარად, 35 ტრილიონი დოლარი იქნება საჭირო. სამაგიეროდ, თითო პანელი მზიან ამინდში, დღის განმავლობაში დაახლოებით 7.6 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

სხვათა შორის, სკოტ ბრუსოუს ასეთი გზების შექმნის იდეა ჯერ კიდევ ბავშვობაში გასჩენია, იმ დროს, როდესაც მზის ენერგიის ინდუსტრიული ათვისება ჯერ დაწყებულიც არ იყო...