Tuesday, March 23, 2010

”ვოლვო S60” - კონსერვატიზმის ნაცვლად, ზომიერი სითამამე
21 მარტირამდენიმე წელია, რაც ”ვოლვო” ფინანსურ პრობლემებს განიცდის. შვედურმა კომპანიამ სამოდელო გამა არნახულად გააფართოვა, მაგრამ ამით მისი ბიზნესი ვერა და ვერ გაჯანსაღდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკულმა ”ფორდმა”, რომლის ჯგუფშიც შვედური კომპანია შედის, მისი გაყიდვა განიზრახა. წელიწადზე მეტია, რაც ”ვოლვოს” სავარაუდო მყიდველად ყველა ჩინურ ”ჯილის” მოიაზრებს, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება აქამდე ვერ მოხერხდა. და სანამ ის ჯერაც ამერიკულ გიგანტს ეკუთვნის, საწარმოო პროგრამა ერთ ადგილს ვერ დატკეპნის და ამის დასტურია მეორე თაობის სედანი S60, რომლის მსოფლიო პრემიერაც ჟენევის საავტომობილო გამოფენაზე გაიმართა.
პირველი S60 ბაზარზე 2001 წელს გამოჩნდა. მისი დიზაინი, ისევე როგორც უფრო მაღალი კლასის S80-ისა, პეტერ ჰორბურიმ შექმნა და უნდა ითქვას, რომ ამ ავტომობილის გარეგნობა დიდხანს არ დაძველებულა. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და S60-ის განახლების ჯერიც დადგა.
ახალი სედანის კონცეპტუალური ვერსია ”ვოლვომ” შარშან წარმოადგინა და მართალია, ის კონსერვატიული გარეგნობით გამოირჩეოდა, მაინც სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა. რამდენადაც სერიული ავტომობილის ფოტოები და ტექნიკური მონაცემები ჟენევის გამოფენამდე კარგა ხნით ადრე გამოქვეყნდა, გამოფენაზე ახალ S60-ს დიდი ყურადღება აღარ მიუქცევია. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბაზარზე მას არავინ ელის.
პირველი თაობის S60-ის კონსერვატიული, მონუმენტური სტილი ახალმა, უფრო თამამმა და საინტერესო დიზაინმა შეცვალა, რომლითაც ავტომობილმა, ხნიერი მყიდველის გარდა, საშუალო ასაკის ავტომოყვარულიც უნდა მიიზიდოს. სხვათა შორის, სერიული სედანის გარეგნობა თითქმის არ განსხვავდება შარშანდელი კონცეპციისგან, რაც საკმაოდ იშვიათად ხდება ხოლმე. როგორც წესი, სანამ კონვეიერამდე მიაღწევდეს, კონცეპტუალური მოდელი სრულყოფის ბოლო ფაზას გადის, რომლის დროსაც მის ძარას ყველა ”ზედმეტი” დეტალისგან ათავისუფლებენ და ხშირად ისეც ხდება, რომ სერიული ავტომობილი გამოფენებზე ნაჩვენები კონცეპტუალური მოდელის აჩრდილადღა გვევლინება. მაგრამ S60-ის შემთხვევაში ასე არ მოხდა.
რამდენადაც ავტომობილის წინა ნაწილი ავანგარდული ფორმებით გამოირჩევა, იმდენად უღიმღამოა მისი უკანა ნაწილი. თუმცა უშნოაო, ნამდვილად ვერ იტყვი. აქ საყურადღებო მხოლოდ ისაა, რომ საბარგული ძალიან მოკლეა და ამის გამო, ჰეჩბეკის ტიპის ძარის შთაბეჭდილებას გვიქმნის. თუმცა, რა თქმა უნდა, ასე არაა - ძარა სედანის ტიპისაა.
სალონი საკმაოდ მდიდრულადაა გაწყობილი, როგორც ეს გერმანულ პრემიუმ ბრენდებთან კონკურენტობის პრეტენზიის მქონე ავტომობილს უნდა ჰქონდეს. თუმცა, შვედებმა არც უბრალოება დაივიწყეს და სალონის ზედმეტად გადატვირთვისგან თავი შეიკავეს. ცენტრალურ პანელზე მოთავსებული მრავალფუნქციური მონიტორიც მომცრო ზომისაა და თითქოს ფოსოში მეტისმეტად ღრმადაა ჩაძირული. დაკიდევ, გადაცემათა კოლოფის საფეხურების გადამრთველი ბერკეტი, ცენტრალურ კონსოლთან ძალიან ახლოს მიდის, რამაც მართვის დროს, მძღოლს შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეუქმნას.
სამაგიეროდ, ”ვოლვოს” კოზირი ყოველთვის იყო და იქნება უსაფრთხოების უმაღლესი დონე, რითაც შვედური კომპანია საფუძვლიანად ამაყობს. ამ მხრივ, გამონაკლისი არც მეორე თაობის S60 იქნება, რომელიც სრულიად ახალი, ფეხით მოსიარულეთა კონტროლის სისტემით (პედესტრიან დეტექშნ) აღჭურვეს. ეს სისტემა, სპეციალური რადარისა და ვიდეოკამერის დახმარებით ადგენს, ხომ არ არის მოსალოდნელი ფეხით მოსიარულესთან შეჯახება. სისტემა ჯერ სიგნალს იძლევა და თუ ამაზე რეაგირება ვერ დააფიქსირა, მაშინ დამოუკიდებლად იწყებს მოქმედებას თუ საჭირო გახდა, მანქანასაც თავად გააჩერებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ რელიზში მითითებულია, რომ ამ სისტემის მეშვეობით, შეჯახების თავიდან აცილება შესაძლებელია, როდესაც ავტომობილის სიჩქარე 35 კმ/სთ-ზე ნაკლებია. და თუ სიჩქარე ამაზე მეტია, მაშინ სისტემა ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ ფეხით მოსიარულე მინიმალურად დაზარალდეს. ტესტებზე დადგინდა, რომ ამ სისტემის მეშვეობით, ფატალური შემთხვევების რისკი დაახლოებით 20 პროცენტით მოიკლებს.
ახალი S60-სთვის ოთხი ძრავია გათვალისწინებული, რომელთაგან ორი ბენზინზე მუშაობს, ორი კი - დიზელზე. საბაზო ბენზინის 2.0-ლიტრიანი GTDi აგრეგატია. მას ტურბოდამჭირხნი ემსახურება და საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. ამ ძრავის სიმძლავრე 203 ცხენის ძალას აღწევს, მაბრუნი მომენტის მაქსიმუმი კი 300 ნიუტონმეტრია. ამ ძრავით, ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 7.7 წამში შეუძლია. ბენზინის მეორე ძრავია 3.0-ლიტრიანი T6 (ცილინდრების ერთ რიგში განლაგებით), რომლის სიმძლავრე 304 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 440 ნიუტონმეტრია. ამ ძრავით, S60 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 6.5 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს აღწევს. ამასთან, მისით აღჭურვილი ავტომობილი 100 კილომეტრზე მხოლოდ 10.2 ლიტრ ბენზინს მოიხმარს, ეს კი ამავე ძრავის წინა მოდიფიკაციის ხარჯზე დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებია.
რა შეეხება დიზელის ძრავებს. მათგან უფრო სუსტია 2.0-ლიტრიანი D3, რომელიც მხოლოდ 160 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს ავითარებს. მასზე გაცილებით მძლავრია 2.4-ლიტრიანი D5, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 205 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 420 ნიუტონმეტრია.
შვედური კომპანია აცხადებს, რომ მერმისს ძრავების გამას კიდევ ოთხი აგრეგატი დაემატება, რომელთაგან სამი ბენზინისაა, ერთი კი - დიზელის. მათი სიმძლავრე 115-დან 240 ცხენის ძალამდე იქნება. ამ ძრავებს შორის, ყველაზე ეკონომიური დიზელისაა, რომლით აღჭურვილი S60-იც 100 კილომეტრს 4.3 ლიტრი საწვავით გაივლის.
ახალი S60-სთვის ორი ტიპის საკიდარია გათვალისწინებული. მათგან ერთი უფრო ხისტია და ის შედარებით დინამიურიცაა. ასეთ ვერსიას ძირითადად ევროპელ მყიდველს შესთავაზებენ, შედარებით კომფორტული კი ამერიკული ბაზრისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, ოკეანის გაღმელებს სპორტული ვერსიის შეძენის საშუალებაც ექნებათ.
ახალი S60 კონკურენციას ”ბეემვეს” მე-3 სერიას, ”აუდის” A4-ს და ”მერსედესის” C-კლასის მოდელებს გაუწევს. მისი გაყიდვების დაწყება ზაფხულიდანაა მოსალოდნელი და მისი ფასიც გაყიდვების დაწყებამდე გამოცხადდება.