Monday, June 28, 2010

პატარა ”პორშე კაიენი” კონვეიერზე დადგება

Porsche Insider Confirms Baby Cayenne

28 ივნისი

დიდი ხანია, რაც საავტომობილო მედიაში ცირკულირებს ცნობა იმის შესახებ, რომ ”პორშე” უგზოობის კომპაქტური ავტომობილის გამოშვებას აპირებს. რამდენიმე დღის წინ კი ეს ინფორმაცია მართალია ინკოგნიტო, მაგრამ მაინც რეალურმა და სანდო წყარომ დაადასტურა, რომელიც გერმანულ კომპანიაში მუშაობს. ეს დადასტურება კი გერმანულმა გაზეთმა ”ჰანდელსბლატმა” მიიღო. გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ახალი ავტომობილი დიდი ხანია, შემუშავების სტადიაში იმყოფება.

ახალი ავტომობილი მეხუთე იქნება შტუტგარტული კომპანიის საწარმოო პროგრამაში, რომელშიც დღეისათვის 911 კუპე/კაბრიოლეტი, ”ბოქსსტერ/კაიმანი”, ”კაიენი” და ”პანამერა” შედის. ”პატარა კაიენის” გამოშვებით, ”პორშე” სავარაუდოდ შეძლებს ბაზრის პრემიუმ სეგმენტის უგზოობის კომპაქტური მოდელების კლასში ”მერსედესის” და ”ბეემვეს” დომინაციის შერბილებას.

ახალი ავტომობილისთვის ”პორშე” თავისი ნათესავი ”ფოლკსვაგენის” რომელიმე მოდელის (სავარაუდოდ ”აუდის” უგზოობის Q5-ის) პლატფორმას გამოიყენებს. შტუტგარტელები იმედოვნებენ, რომ უგზოობის კომპაქტური ავტომობილიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ”კაიენია”, რომელმაც მათ უზარმაზარი მოგება მოუტანა.

ბევრი თვლის, რომ უგზოობის ავტომობილები ”პორშეს” იმიჯს არ შეეფერება, თუმცა ისიც აშკარაა, რომ ეს სიახლეები კომპანიის და მისი აქციონერების კეთილდღეობას ემსახურება. სხვათა შორის, იგივე წუწუნი თვით კომპანიის ხელმძღვანელებს შორის მაშინაც ისმოდა, როდესაც კომპანიამ ჯერ ”კაიენის”, შემდეგ კი ”პანამერას” წარმოების გადაწყვეტილება მიიღო.

”ბეემვე” ნულოვან სერიაზე მუშაობს

BMW 0 Series in the Works

28 ივნისი

სუბკომპაქტური და ჯუჯა ავტომობილების წარმოება თანდათან პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებლებისთვისაც სერიოზული ”გასართობი” ხდება. ჯერ იყო და ”დაიმლერმა” ”სმარტის” წარმოება დაიწყო, შემდეგ ამავე კლასის ავტომობილის წარმოების გეგმებზე ”აუდიმ” განაცხადა, ”ასტონ მარტინმა” კი ”ტოიოტას” IQ-ს წარმოების ლიცენზია მიიღო და მის ბაზაზე მალე ჯუჯა ”სიგნიტის” წარმოებას დაიწყება.

კონკურენტების უქმად შემყურე არც ”ბეემვეა”, რომელიც უკვე დიდი ხანია, პროექტ i-ზე მუშაობს, რომელიც საქალაქო მინიავტომობილ ”მეგასიტის” წარმოებას ითვალისწინებს. სულ ახლახანს, ბავარიელება გამოაცხადეს, რომ ამ ავტომობილსაც საკუთარი ბრენდით გამოუშვებენ. არადა, კარგა ხანს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თავისი მინი ავტომობილებისთვის ბავარიელები ახალი ბრენდის შემუშავებას, ან სახელ ”იზეტას” აღდგენას აპირებდნენ.

ამ ავტომობილით, რომელიც ბაზარზე 2012 წელზე ადრე არ გამოჩნდება, ”ბეემვემ” კონკურენცია ”აუდის” A1-ს და ”მერსედეს ბენცის” A-კლასს უნდა გაუწიოს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ 2012 წელს ბავარიელები ნულოვანი სერიის შექმნის განცხადებას გამოაქვეყნებენ და მათი პირველი სუბკომპაქტი სწორედ ამ სერიიდან იქნება.

სხვათა შორის, ამას წინათ, ბავარიული კომპანიის მარკეტოლოგებმა შექმნეს სარეკლამო ვიდეოკლიპი, რომელზეც მათი კომპანიის ჩინური საქმიანობაა ასახული. ამ კლიპის მე-19 წამზე, კადრში ჩნდება გამოსახულება, სადაც დიზაინერი ”ბეემვეს” სრულიად ახალი ავტომობილების ესკიზების ფონზე მუშაობს (სურათზე). ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ესკიზებზე სწორედ მომავალი ნულოვანი სერიის ავტომობილი ჩანს.

იმავე ინფორმაციის თანახმად, ახალი ავტომობილი დაახლოებით ”ფორდ ფიესტას” ზომის იქნება. რა თქმა უნდა, მას წინა წამყვანი ბორბლები უნდა ჰქონდეს. და ეს ”ბეემვესთვის” დიდი სიახლე იქნება, რომელიც კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ნორბერტ რაიტჰოფერმა უკვე დაადასტურა.

ნულოვანი სერიის მოდელი შეავსებს ნიშას ”მინისა” და 1-ლი სერიის მოდელს შორის და ის შემდგომი თაობის ”მინის” პლატფორმაზე აიგება. გავრცელებული ინფორმაციით, ნულოვანი სერიის მოდელები სამ და ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარებით აღიჭურვება. რაც შეეხება ძრავებს, მასზე იმ აგრეგატებს გამოიყენებენ, რომლებიც პროექტ ”მეგასიტის” ფარგლებში მუშავდება. ეს იქნება როგორც ბენზინსა და დიზელზე, ასევე ელექტროენერგიაზე მომუშავე ძრავები.

გორდონ მარის ჯუჯა T.25 მზადაა

Gordon Murray T.25 City Car Makes Public Debut Today

28 ივნისი

ბრიტანულმა კომპანია „გორდონ მარი დიზაინმა“, რმელიც ფორმულა ერთის ყოფილ ინჟინერს, გორდონ მარის ეკუთვნის, სამადგილიან საქალაქო ჯუჯა ავტომობილ T25-ის პირველი ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გაავრცელა.

ავტომობილი მცირე გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 2.4 მეტრი, სიგანე 1.3 მეტრი, სიმაღლე კი 1.4 მეტრია. მის ბორბლებს შორის ბაზა კი თანამედროვე ჯუჯებზე - „სმარტ ფორთუსაზე“ და „ტოიოტა iQ-საზე“ მოკლეა. თუმცა T25-ის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათი ჯუჯას სალონი უფრო მოზრდილი და კომფორტულია. რაც მთავარია, მასში იოლად ეტევა მძღოლი და ორი მოზრდილი მგზავრი.

ავტომობილის წონა სულ რაღაც 575 კილოგრამია, მობრუნების რადიუსი კი სულ რაღაც, 6 მეტრია. გამართული სავარძლების შემთხვევაში, საბარგულის მოცულობა 160 ლიტრია, სავარძლების დაკეცვის შემდეგ კი 720 ლიტრამდე იზრდება. ეს კი კომპაქტური ჰეჩბეკების საბარგულის მოცულობაზე გაცილებით მეტია.

T25-ს წინაც და უკანაც დამოუკიდებელი საკიდარები აქვს, მოძრაობაში კი ის 51-ცხენისძალიან სამცილინდრიან ძრავს მოჰყავს, რომლის მუშა მოცულობაც 660 კუბური სანტიმეტრია. ეს პატარა აგრეგატი ავტომობილის უკანა ნაწილში მდებარეობს, მასთან ხუთსაფეხურიანი კოლოფია შეწყვილებული. კომპანია ”გორდონ მარი დიზაინის” მონაცემებით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად ამ ჯუჯას 16.2 წამი ესაჭიროება, მაქსიმალური სიჩქარე კი 145 კმ/სთ-ს აღწევს. ამასთან, საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 3.8 ლიტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ძრავი ატმოსფეროში 86 გრამ СO2-ს გამოჰყოფს.

”მარი T25-ის” საბაზო კომპლექტაციაში შევა მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, ტრექშნ კონტროლი, სტაბილიზაციის სისტემა და უსაფრთხოების ბალიში. მოგვიანებით, გორდონ მარის კომპანია ამ ავტომობილის ბაზაზე ელექტრომობილსაც დაამზადებს, რომელიც აკუმულატორების ერთი სრული დამუხტვით 100 კილომეტრს გაივლის, აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი 4 საათი იქნება საკმარისი.

სავარაუდოდ, ამ ჯუჯას სერიული წარმოება უახლოეს ორ წელიწადში დაიწყება, მაგრამ გორდონ მარის კომპანია მის წარმოებას თავად არ აპირებს. ის მოლაპარაკებას სხვა კომპანიებთან აწარმოებს. უფრო მეტიც, გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ T25-ის ქარხანა ბრიტანეთში აშენდება.

”ბენტლი” ”პორშე პანამერას” კონკურენტს გამოუშვებს

Bentley considers Panamera rival

28 ივნისი

”ბენტლის” ხელმძღვანელობა სრულიად ახალი მოდელის, ხუთკარიანი სპორტული ჰეჩბეკის წარმოების შესაძლებლობას განიხილავს, მოდელისა, რომლითაც ”პორშეს” პოპულარულ ხუთკარიან ჰეჩბეკ ”პანამერას” გაუწევს კონკურენციას. რაც მთავარია, ახალი ავტომობილი შემდეგი თაობის კონტინენტალის ბაზაზე აიგება.

ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოქარის” ინფორმაციით, ამ ეტაპზე ”ბენტლის” ხელმძღვანელობა ახალი ავტომობილის წარმოების დაწყების მიზანშეწონილებას განიხილავს. შესასწავლია, იქნება თუ არა მოთხოვნილება ”კონტინენტალის” ბაზაზე დამზადებულ ახალ ავტომობილებზე. ჯერჯერობით, ”ბენტლი” მოდელ ”კონტინენტალს” კუპეს, კაბრიოლეტისა და სედანის ძარებით უშვებს. და თუ ძარების არჩევანის გაზრდა გადაწყდა, არჩევანი პირველ რიგში, ჰეჩბეკზე შეჩერდება.

”ავტოქარის” ინფორმაციით, ახალი ”კონტინენტალის” შემუშავება ”ბენტლის” უკვე დაწყებული აქვს. სავარაუდოდ, ამ ავტომობილს სრულიად ახლებური გარეგნობა ექნება. ის ”აუდი A8-ს” შასიზე დადგება და მისგანვე მიიღებს პნევმატურ საკიდარს და სამუხრუჭე სისტემას. ”ბენტლის” ინჟინრები კი იმაზე იზრუნებენ, რომ ავტომობილმა წონაში დაიკლოს. ამასთან, ეს არ გაკეთდება კომფორტის შემცირების ხარჯზე. ხელუხლებელი დარჩება სრულამძრავიანი საკიდარი და ის ელემენტები, რომლებიც ავტომობილის მანევრულობას და მართვადობას აუმჯობესებს.

ახალი ”ბენტლი კონტინენტალი” ბენზინის მოდერნიზებული W12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 580 ცხენის ძალას მიაღწევს, მას კი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი შეუწყვილდება. ავტომობილის ტოპ ვერსიებისთვის, ძრავის სიმძლავრე 650 ცხენის ძალამდე გაიზრდება. არაა გამორიცხული, რომ ახალი ”კონტინენტალი” უფრო სუსტი ძრავებით, ასევე V8 დიზელით და ჰიბრიდუი სისტემითაც აღიჭურვოს.

იმავე ”ავტოქარის” ინფორმაციით, ახალი ”კონტინენტალი” პირველად კუპეს ძარით გამოვა. სავარაუდოდ, ბაზარზე მისი გამოჩენა 2011 ან 2012 წელსაა მოსალოდნელი. შემდეგ დადგება ”ფლაინგ სპურის” ჯერი, მას კი კაბრიოლეტი და ტოპ ვერსია ”სპიდ” მოჰყვება.

”ყალყზე შემდგარი კვიცების” დიდი გეგმები

New Prancing Horses Rollout Plan

28 ივნისი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელი იტალიურ კომპანია ”ფერარის” დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ”კვიცებმა” უკვე გამოაქვეყნეს თავიანთი სამოდელო გამის განახლების პროგრამა. ამჯერად კი, გამოცემა ”მოტორ ტრენდთან” საუბრისას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ამადეო ფელისამ განაცხადა, რომ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ, კომპანია განცხადებას ყოველწლიურად გააკეთებს.

დღეისათვის მარანელოელების საწარმოო პროგრამაში ოთხი ძირითადი მოდელი შედის. ამათგან ორი GT კლასს (გრან ტურიზმო) მიეკუთვნება - ესენია ”კალიფორნია” და ”612 სკალიეტი”. ორი კი ექსტრემალური მოდელია - 458 და 599. ყოველწლიურად, ამ მოდელებიდან ერთ-ერთი ან განახლდება, ან მთლიანად შეიცვლება. განახლების (რესტაილინგის) შემთხვევაში, ავტომობილის სახელწოდებაში გამოჩნდება ასო М, რაც მოდიფიცირებულს ნიშნავს.

მოდელები მაშინ განახლდება, როდესაც მათ ოთხი წელი შეუსრულდებათ. ცვლილებები საბაზო მოდელთან შედარებით, იქნება როგორც ვიზუალური, ასევე ტექნიკური. კიდევ ოთხი წლის შემდეგ კი მოდელი ახალი ავტომობილით შეიცვლება. პარალელურად, მარანელოელები თავიანთი ძირითადი მოდელების დამატებით ვერსიებს - ”სკუდერიასა” და ”სპაიდერს” გამოუშვებენ. დაკიდევ, ”ფერარი” დაიტოვებს თავისი პროგრამის ბრილიანტს - მოდელ ”ენცოს”, რომელსაც განახლება 10 წელიწადში ერთხელ მოუწევს.

ჩამოთვლილი ოთხეულიდან, პირველი ”612 სკალიეტი” შეიცვლება. მერმისს მას შეცვლის მისი მომდევნო თაობის ავტომობილი, რომელიც ახლანდელზე უფრო დიდი და მძლავრი იქნება. ამასთან, ის ორადგილიანი დარჩება. შემდეგ მოდელ 599-ის ჯერ დადგება, რომელსაც ასევე მთლიანად შეცვლა უწევს.

რაც შეეხება ჰიბრიდულ აგრეგატებს, ფელისა დარწმუნებულია, რომ ”ფერარის” ასეთი აგრეგატები არ სჭირდება, მაგრამ ის იმასაც აცნობიერებს, რომ ახალი ევროპული სტანდარტების შემოღების შემდეგ, საწვავის ეკონომიასა და გარემოს ნაკლებად დაბინძურებაზე ზრუნვა მის კომპანიასაც მოუწევს. მაგრამ, ჰიბრიდული მოდელები ”ფერარის” საწარმოო პროგრამაში ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდება. პირველი კი ასეთ სისტემას მოდელი 599 მოირგებს, რომლის ჰიბრიდული ვერსია ”HY-კერსიც” ჟენევის გამოფენაზე ვიხილეთ. სამომავლოდ, ”ფერარი” V6 და V8 ტურბოკომპრესორიანი ძრავების წარმოებასაც აპირებს.

გარდა ამისა, ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო პირობას იძლევა, რომ მისი კომპანია ორიდან ერთ წლამდე შეამცირებს კლიენტების მოლოდინის პერიოდებს. მისი თქმით, ხანგრძლივი მოლოდინი უარყოფითად აისახება კომპანიის იმიჯზე. ამასთან, ასეთი მოლოდინის გამო, მათ შეიძლება არჩევანი კონკურენტი კომპანიების ავტომობილებზე შეაჩერონ, რაც მარანელოელებისთვის არასასურველია.

და, რაც მთავარია, ”ფერარი” არ აპირებს თავისი წარმოების მოცულობის გაზრდას და ეს ექსკლუზიური ავტომობილების მწარმოებლის იმიჯის შესანარჩუნებლად ხდება. ამასთან, შეკვეთილი ავტომობილის მიწოდების ვადის შემცირება აწყობის ტემპის გაზრდის ხარჯზე მოხდება.