Tuesday, April 6, 2010

”ფოლკსვაგენ ამაროკი” - არქტიკული მგელი ვოლფსბურგელთა ბანაკში

VW Amarok

6 აპრილი

ეკონომიკური კრიზისის და საწვავზე ფასების განუხრელი ზრდის პირობებშიც კი, ამერიკაში ყველაზე პოპულარული პიკაპის კლასის ავტომობილებია. ამერიკულ პიკაპებს შორის კი ყველაზე გაყიდვადი ”ფორდის” F-სერიაა, რომლის ყველანაირ მოდიფიკაციასაც, წლიურად მილიონზე მეტი ადამიანი ყიდულობს.

ძნელია მიხვდე იმას, თუ რამ შეაყვარა ამერიკელებს პიკაპები. ალბათ, ეს დამოკიდებულება ჯერ კიდევ იმ დროიდან ჩამოყალიბდა, როდესაც ავტოინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა, ამერიკელ ფერმერებს კი ყველაზე მეტად ისეთი ავტომობილები სჭირდებოდათ, რომლითაც ბარგსაც გადაიტანდნენ და მეტნაკლებად კომფორტულადაც იმგზავრებდნენ.

ამერიკელებს მარტო ჩვეულებრივი პიკაპები როდი მოსწონთ. მაგალითად, 60-იან წლებში მეტად პოპულარული იყო კუპეს სტილის ძალიან გრძელი პიკაპები, რომელთა სიგრძე ლიმუზინებისას არაფრით ჩამოუვარდებოდა. რაღა 60-იანებში წავიდეთ და ატლანტიკის გადაღმა დღესაც ძალიან პოპულარულია ნასქარ-ის სერიის პიკაპების რბოლები. მოკლედ, პიკაპი ამერიკელებს სისხლში აქვთ და თუ ავტომწარმოებელს მათ ბაზარზე ფეხის მოკიდება სურს, მის სამოდელო გამაში ამ კლასის ავტომობილი აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს.

”ფოლკსვაგენი” იმ კომპანიათა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც ახლო მომავალში ამერიკის ბაზარზე გაყიდვების მნიშვნელოვნად გაზრდა აქვს გადაწყვეტილი და ბუნებრივია, გერმანულმა კომპანიამ პიკაპის კლასსაც მიაქცია ყურადღება. ამის პირველი გამოვლინება კი მოდელი ”ამაროკია”, რომელიც, როგორც იტყვიან, სუფთა ფურცლიდანაა შექმნილი.

ჯერ დავიწყოთ იმით, თუ საიდან მოდის სახელი ”ამაროკი”. ეს სიტყვა ინუიტების ენაზე (ეს ტომი კანადაში, გრენლანდიასა და ალიასკაზე ცხოვრობს) მგელს ნიშნავს. უფრო მეტიც, მათი ლეგენდების მიხედვით, ამაროკი ბუნების მეფე და ყველაზე ძლიერი და მამაცი ცხოველია. გარდა ამისა, ამაროკს ლათინურად სულ სხვა განმარტება აქვს და სიტყვასიტყვით ნიშნავს - მას უყვარს ქვები. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ განმარტებას აირჩევთ, პიკაპის კლასის ავტომობილს ორივე შესანიშნავად მოერგება და შესაძლოა, ეს სახელი ბაზარზე მისი წარმატების პირველი ნაბიჯიც გახდეს.


ვოლფსბურგელებმა ”ამაროკი” საზოგადოებას შარშან, კონცეპტუალური მოდელის სახით წარუდგინეს და მაშინ ბევრმა ივარაუდა, რომ უგზოობის ახალ ”ტუარეგს” მსგავსი დიზაინი ექნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. სამაგიეროდ, კონცეპტუალურმა ავტომობილმა კონვეიერამდე თითქმის უცვლელად მიაღწია. ”ამაროკი” დახვეწილი და სადა დიზაინით გამოირჩევა და მის გარეგნობაში აშკარად იგრძნობა, რომ ეს ავტომობილი ”ფოლკსვაგენის” ოჯახის წევრია.

”ამაროკის” საბარგულის გაბარიტებია: სიგრძე 1555 მილიმეტრი, სიგანე - 1620 მმ. საბარგულის ფართი 2.52 კვადრატულ მეტრს, ტვირთამწეობა კი 1.15 ტონას აღწევს. გარდა ამისა, მისაბმელის მაქსიმალური დასაშვები წონა 2.8 ტონაა.

”ამაროკისთვის” ჯერჯერობით ორი ძრავია გათვალისწინებული. მათგან უფრო მძლავრია ორტურბოდამჭირხნიანი biTDI, რომლის მუშა მოცულობა 2.0 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 400 ნიუტონმეტრი. ამ აგრეგატით აღჭურვილი ”ამაროკის” ის ვერსია, რომელსაც წამყვანი უკანა ბორბლები აქვს, 100 კილომეტრს 7.6 ლიტრი დიზელით გაივლის. მეორე ძრავი უფრო სუსტია - ის მხოლოდ 122 ცხენის ძალას და 340 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. სამაგიეროდ, მისი ხარჯიც ოდნავ მცირეა - 7.5 ლიტრი. ”ამაროკის” ორივე ვერსიის სვლის სიშორე 1000 კილომეტრს აღწევს.

ძრავთან დაკავშირებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც მის მიერ გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს ან სრულამძრავიან ტრანსმისიას აწვდის, ან უკანა წამყვან ბორბლებს. სრულამძრავიანი ტრანსმისიის შემთხვევაში, წინა ღერძის გათიშვაც შესაძლებელია, დიფერენციალს კი ბლოკირების ელექტრონული სისტემა ემსახურება. ამასთან მყიდველს ოპციის სახით, უკანა დიფერენციალის ბლოკირების მექანიკურ სისტემასაც შესთავაზებენ.

ავტომობილი მრავალფეროვანი კომპლექტაციით გამოირჩევა. მათგან საბაზო საკმაოდ ასკეტურია, ყველაზე მდიდრულს კი ქვესახელად ”ჰაილაინ” შეარქვეს. ის სალონის დეკორატიული ელემენტების მოქრომილი ზედაპირით, CD-პლეიერით, ნახევრად ავტომატური კლიმატ კონტროლით, მრავალფუნქციური მონიტორით, კრუიზ კონტროლით, სანისლე ფარებით, გაფართოებული საბორბლე თაღებით გამოირჩევა.

ღარიბი არც საბაზო კომპლექტაციაა. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ”ამაროკის” საბაზო ვერსია აღჭურვილია უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პასიური და აქტიური სისტემებით. მათ შორისაა უსაფრთხოების ბალიშები, სამწერტილოვანი ღვედები (ყველა სავარძელზე), სტაბილიზაციის სისტემა, რომელსაც მისაბმელის სტაბილურობის ნაწილობრივ უზრუნველყოფაც შეუძლია. სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერის შემთხვევაში, როცა ავტომობილის სიჩქარე 100 კმ/სთ-ზე მცირეა, ამოქმედდება რეჟიმი ”ოფ-როუდ”, რის პარალელურადაც, შესაბამის რეჟიმებში მუშაობას იწყებენ სტაბილიზაციის სისტემა, დიფერენციალების ელექტრონული ბლოკირების სისტემები, მოცურების საწინააღმდეგო სისტემა და ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა. თუ ავტომობილის სიჩქარე 30 კმ/სთ-ზე მცირეა, მაშინ ”ოფ-როუდ” რეჟიმის ჩართვისას, მოქმედებას იწყებს აღმართსა და დაღმართში მოძრაობის გამაადვილებელი დამხმარე სისტემა.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ”ფოლკსვაგენი” თავის პიკაპს პირველ რიგში, ევროპაში წარმოადგენს, სადაც პიკაპების კლასი დიდი პოპულარობით ვერ დაიკვეხნის. თუმცა, მომავალში ის სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ჩინეთისა და ავსტრალიის ბაზრებზეც გამოჩნდება. თქმა არ უნდა, ვოლფსბურგელთა ჩრდილოამერიკული გეგმების შესრულებაში, ”ამაროკს” ერთ-ერთი მთავარი როლი მიენიჭება.

”ფიატი” ”პანდას” წარმოებას იტალიაში გადაიტანს

Fiat to invest 700M euros to build Panda in Italy

6 აპრილი

”ფიატმა” 700 მილიონი ევრო გამოყო იმისათვის, რომ ნეაპოლის მახლობლად მდებარე პომილიანოს გაჩერებული ქარხანა თავიდან აამუშაოს და იქ ევროპის ვყელაზე გაყიდვადი სუბკომპაქტური ავტომობილის, ”პანდას” მესამე თაობის მოდელის წარმოება დაიწყოს.

დღეისათვის ”პანდას” ტურინული კონცერნის პოლონური ქარხანა (რომელიც ქალაქ ტიშიში მდებარეობს) აწარმოებს. პომილიანოს ქარხანა გაჩერებულია, მაგრამ ”ფიატს” მისი ამოქმედება პროფკავშირების ზეწოლის შედეგად უწევს. ქარხანა მესამე თაობის ”პანდას” წარმოებას მერმისს, წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. სრული დატვირთვით მუშაობის დროს, იქ წელიწადში დაახლოებით 270-280 ათასი ავტომობილის წარმოება იქნება შესაძლებელი.

დღეისათვის, ამ ქარხნის ნომინალური წარმადობა 240 000 ავტომობილია, მაგრამ შარშან იქ მხოლოდ 36 000 ავტომობილი დამზადდა. გაჩერებამდე, პომილიანოს ქარხანა ”ალფა რომეოს” მოდელებს - 159-ს, GT-ს და 147-ს უშვებდა, რომლებიც ძნელად იყიდებოდა.

პროფკავშირებთან დათმობის სანაცვლოდ, ”ფიატი” მათგან ითხოვს, რომ სამუშაო პირობების შეთანხმების დროს, გაერთიანებამ მეტი მოქნილობა გამოიჩინოს და რიგ დათმობებზე წავიდეს, რათა ქარხანამ რენტაბელობის შენარჩუნება შეძლოს. ავტომწარმოებელს სურს, რომ ქარხანაში ღამის ცვლამაც იმუშაოს, სამუშაო დღეების რაოდენობა კი ექვსამდე გაიზარდოს. გაჩერებამდე, ქარხანა კვირაში ხუთ დღეს მუშაობდა, მასში ცვლების რაოდენობა კი 10 (დღეში ორი) იყო. ”ფიატს” სურს, რომ ცვლების რაოდენობა 18-მდე გაიზარდოს. გარდა ამისა, ტურინელები ქარხანაში დასაქმებულთა 10 პროცენტით შემცირებასაც მოითხოვენ. გაჩერებამდე პომილიანოს ქარხანაში 5 200 ადამიანი მუშაობდა.