Tuesday, January 5, 2010

”ტოიოტამ” შარშან ამერიკაში ყველაზე მეტი ავტომობილი გაიხმო

Toyota's 1st in safety recalls

5 იანვარი

მას შემდეგ, რაც ამერიკის ბაზარზე გაყიდვები დაიწყო, ავტომობილების უკან გახმობის მხრივ, შარშანდელი წელი ”ტოიოტასთვის” ყველაზე წარუმატებელი გამოდგა - იაპონურმა გიგანტმა, სხვადასხვა (ძირითადად უსაფრთხოების) მიზეზით, აშშ-ის ბაზარზე მომუშავე ავტომწარმოებლებს შორის, შესაკეთებლად ყველაზე მეტი ავტომობილი გაიწვია.

გამოცემა ”დეტროიტ ფრი პრესის” ინფორმაციით, 2009 წლის განმავლობაში, დეფექტების აღმოსაფხვრელად, ”ტოიოტამ” სულ 4.8 მილიონი ავტომობილი გაიხმო. ავტომობილების გამოხმობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მძღოლის სავარძლის წინ მდებარე ნოხებია, რომლებიც რიგ შემთხვევებში, აქსელერატორის პედალის დაბლოკვას იწვევდა.

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ავტომობილების მფლობელებს ”ტოიოტა” აქსელერატორის სატერფულის შეცვლას სთავაზობდა. თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემის სრულად აღმოფხვრას იაპონური კომპანია აპრილამდე ვერ მოასწრებს. დილერები თავიანთ კლიენტებს სატერფულის დამოკლებას სთავაზობენ, რათა მას ნოხთან შეხების ნაკლები შანსი ჰქონდეს.

გახმობილი ავტომობილების რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე ”ფორდია”, რომელმაც წლის განმავლობაში, უფასო სასერვისო მომსახურებაზე 8-ჯერ გამოაცხადა და საერთო ჯამში, 4.5 მილიონი ავტომობილის შეკეთება ითავა. ყველაზე მრავალრიცხოვანი დეფექტი ამერიკული კომპანიის ავტომობილებს სისტემა კრუიზ კონტროლთან დაკავშირებით აქვთ - მუხრუჭის პედალზე დაწოლისას, სისტემა ხშირად თვითნებურად ითიშებოდა. ხშირად კი სისტემის ჩამრთველი ხურდებოდა და ცეცხლიც კი უჩნდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზეზით, 2005-2009 წლებში ”ფორდმა” ავტომობილები ოთხჯერ გაიხმო.

გაცილებით მცირე, რაოდენობის ავტომობილის (2.3 მილიონი) გახმობა მოუხდა ”ჯენერალ მოტორსს”, რომელმაც წლის განმავლობაში ეს 17-ჯერ გააკეთა. ეს ამ კომპანიის ისტორიაში რაოდენობრივად მესამე ყველაზე მასშტაბური გახმობაა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ შარშან, აშშ-ში მომუშავე კომპანიებმა საერთო ჯამში, ავტომობილები 117-ჯერ გაიხმეს. უფასო რემონტს სულ 15.2 მილიონი ავტომობილი დაექვემდებარა. შედარებისთვის, შარშან ამერიკის ბაზარზე სულ 10 მილიონზე ოდნავ მეტი ავტომობილი გაიყიდა. საინტერესოა ისიც, რომ 2008 წელს, გახმობა თითქმის ორჯერ ნაკლებ (8.6 მილიონ) ავტომობილს შეეხო, ვიდრე შარშან.

ცნობისათვის, აშშ-ის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული დეპარტამენტი (NHTSA - ნეიშნლ ჰაივეი ტრეფიკ სეიფტი ადმინისტრეიშნ) ოფიციალურად მხოლოდ იმ გახმობებს აფიქსირებს, რომლებიც ავტომობილების უსაფრთხოებას მეტნაკლებად ეხება. მწარმოებლები კი, ავტომობილებს სარემონტოდ სხვა მიზეზებითაც ხშირად იხმობენ.