Friday, February 5, 2010

”ფერარიმ” სამომავლო გეგმა გამოაქვეყნა

Ferrari Lays Out Future Plans

5 თებერვალი

სიდნეიში, ”ფერარისა” და ”მაზერატის” ახალი სადილერო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ამედეო ფელისამ ”ფერარის” სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, მარანელოელები ოთხ ახალ მოდელს გამოუშვებენ.

ფელისას თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, კომპანიის დილერები მიიღებენ მოდელ ”599 GTB ფიორანოს” გაძლიერებულ ვერსია GTO-ს, რომელიც 650 ცხენის ძალამდე გაძლიერებული 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით იქნება აღჭურვილი. მერმის იგეგმება მოდელ ”458 იტალიას” (სურათზე) ღია ვერსიის გამოშვება. სამაგიეროდ, ჯერჯერობით უცნობია, გამოუშვებენ თუ არა მარანელოელები ამავე ავტომობილის შემსუბუქებულ ვერსია ”სკუდერიას”.

ფელისამ ასევე დაადასტურა ის ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ჟენევის ავტო შოუზე, ”ფერარი” მოდელ ”599 GTB ფიორანოს” ბაზაზე შექმნილი ჰიბრიდული ავტომობილის პროტოტიპს გამოფენს. ეს ავტომობილი უკვე ერთი წელია, რაც საგზაო გამოცდებს გადის. ფელისას განცხადებით, საბაზო ვერსიასთან შედარებით, ჰიბრიდული მოდელი 80 კილოგრამით მძიმეა. მანვე დასძინა, რომ ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ხუთ წელიწადში არ დაიწყება.

”ჯერჯერობით, არც ჰიბრიდული ტექნოლოგიაა ბოლომდე შემუშავებული და არც მომწოდებლები არიან მზად. ჯერჯერობით, ყველაფერი დამუშავების პროცესშია. ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ჯერ ისიც კი ვერ გადაგვიწყვეტია, თუ როდის დავიწყოთ ამ ავტომობილის წარმოება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს აავტომობილებზე ჰიბრიდული დანადგარები, 2015 წელზე ადრე ვერ გამოჩნდება. ჰიბრიდული შეიძლება გახდეს წინა, შუამოტორიანი სპორტული ავტომობილები. ასევე მანქანები, რომლებიც V8 ან V12 ძრავებითაა აღჭურვილი. თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას შევძლებთ, მაშინ მას ჩვენს ყველა ავტომობილზე გამოვიყენებთ”, - განაცხადა ფელისამ.

მანვე დასძინა, რომ პირველი მოდელი, რომელზეც ენერგიის დამზოგ სისტემებს გამოიყენებენ, მოდელი ”კალიფორნიაა”. ასეთი ავტომობილი ”ფერარის” სადილერო ცენტრებში მერმის გამოჩნდება. ის აღიჭურვება საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემით, სტოპ-სტარტით, ელექტროძრავებით, ცილინდრების გათიშვის სისტემით. მათი მეშვეობით, საერთო ჯამში, საწვავის ხარჯის 15 პროცენტით შემცირებაა შესაძლებელი.

დაბოლოს, უკვე შემუშავების პროცესშია ლეგენდარული ”ენცოს” შემცვლელი. წინასწარი ინფორმაციით, ახალი ავტომობილი V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 750-800 ცხენის ძალა იქნება. არც ისაა გამორიცხული, რომ მის ბაზაში 50-100 ცხენის ძალით სუსტი V8 აგრეგატი განლაგდეს. ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ორ წელიწადში დაიწყება და ”ფერარი” მას, ისევე როგორც ”ენცოს” შემთხვევაში, მხოლოდ 500 ეგზემპლარს დაამზადებს.

”სეატმა” განახლებული ”იბიცა ST” დროზე ადრე გაგვაცნო

SEAT Ibiza ST

5 თებერვალი

ესპანურმა კომპანია ”სეატმა” თავისი უნივერსალი ”იბიცა სპორტ ტურერი” (ST) განაახლა და მის პრემიერას ჟენევის ავტო შოუზე გეგმავს, თუმცა რამდენიმე ფოტო და მწირი ინფორმაცია მის შესახებ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, განახლებულ ავტომობილს არ გააჩნია ის ორიგინალური შტრიხები, რომლებითაც ფრანკფურტის შარშანდელ შოუზე, მისმა კონცეპტუალურმა ვერსია ”IBZ კონცეპტმა” მოგვაწონა თავი. ერთ-ერთი ასეთი შტრიხი იყო ძარის უკანა საყრდენებში ჩამალული კარის სახელურები, რომლებმაც სერიულ ვერსიაზე ჩვეული ადგილი (კარზე) დაიკავეს.

წინა მხრიდან, უნივერსალი პრაქტიკულად არ განსხვავდება ჰეჩბეკ ”იბიცასგან”. სამაგიეროდ, უკანა ნაწილით ის ”აუდი A3 სპორტბეკს” ჰგავს. ”იბიცა ST-ს” სიგრძე 4.320 მეტრია, რაც 0.180 მეტრით მეტია ჰეჩბეკ ”იბიცას” სიგრძეზე. უნივერსალის საბარგულის მოცულობა კი 430 ლიტრს აღწევს.

”იბიცა ST-სთვის” სამი ბენზინის და ამდენივე დიზელის ძრავია განკუთვნილი. მათ შორისაა ბენზინის 105-ცხენისძალიანი აგრეგატი (სერია TSI), რომლის მუშა მოცულობა 1.2 ლიტრია, დიზელის 1.6-ლიტრიანი TDI, რომლის სიმძლავრე 90 ცხენის ძალას აღწევს და იმავე მოცულობის TDI, რომლის სიმძლავრეც 105 ცხენის ძალაა.

”ოპელი” საქალაქო მინი ავტომობილს გამოუშვებს

Opel to Launch City Car

5 თებერვალი

როგორც კი ”ჯენერალ მოტორსის” ევროპულ შტოს ჩაუდგა სათავეში და ”ოპელისა” და ”ვოქსჰოლის” მთავარ აღმასრულებლად დაინიშნა, ნიკ რილიმ მაშინვე განაცხადა, რომ ორივე ბრენდისთვის მთავარი პრიორიტეტი მინი ავტომობილის წარმოების დაწყება გახდება. რილის არ დაუზუსტებია, თუ როდის მოხდება ეს, მაგრამ ინგლისური ჟურნალი ”ავტოქარი” ვარაუდობს, რომ მინი ავტომობილი, რომელიც კონცეპტუალური ”ტრიქსის” ბაზაზე შეიქმნება, ბაზარზე რამდენიმე წელიწადში გამოჩნდება.

”გენერლებმა” პირველად ”ტრიქსი” 2004 წელს წარმოადგინეს და მას შემდეგ, ამერიკული კომპანია ამ ავტომობილის საწარმოო ვერსიის შექმნაზე მუშაობს. მაგრამ სამუშაო შარშან შეჩერდა, როცა ”ჯენერალ მოტორსმა” გაკოტრების შესახებ განაცხადა და ”ოპელისა” და ”ვოქსჰოლის” გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ზოგიერთი მონაცემებით, ”ტრიქსის” საწარმოო ვერსიას პირველად პარიზის წლევანდელ ავტო შოუზე ვიხილავთ, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით, ამერიკული კომპანიის მიერ დადასტურებული არაა.

”ჩვენს საწარმოო პროგრამაში არის ნაპრალები, რომლებსაც სასწრაფოდ ამოვსება სჭირდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კი მინი ავტომობილია. გარდა ამისა, აუცილებლად გვესაჭიროება მსუბუქი კომერციული ავტომობილების წარმოება, რომელსაც ჩვენს ბიზნესში სოლიდური ადგილი უკავია”, - ამბობს რილი, რომელიც ასევე დასძენს, რომ აუცილებელია ჰიბრიდული ტექნოლოგიების განვითარებაც. ამ მხრივ, პირველი მოდელი, რომელიც ”გენერლების” ევროპული შტოს საწარმოო პროგრამაში გამოჩნდება, ”ამპერაა”. თავიდან ამ ავტომობილს ძველ კონტინენტზე ამერიკიდან შეიტანენ, თუმცა მომავალში, მას ევროპაში გამოუშვებენ.

”ლამბორგინის” ახალი სუპერ სათამაშო - ჯოტა

Lamborghini Jota

5 თებერვალი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელ იტალიურ კომპანია ”ლამბორგინის” რამდენიმე მიზანი აქვს დასახული. ამათგან ერთი ისაა, რომ აღარ გაიზარდოს ძრავების სიმძლავრე და ავტომობილების დინამიკური მახასიათებლები მეტწილად მათი შემსუბუქების ხარჯზე გაუმჯობესდეს. მეორე ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვაა, რომლის ერთ-ერთი პირველი გამოვლინება ისაა, რომ კომპანიის საწარმოს სახურავზე, ფოტოელემენტები დამონტჟდა. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, საწარმოო პროგრამის გამრავალფეროვნებაა.

მალე კომპანია შეწყვეტს თავის სუპერ მოდელ ”მურსიელაგოს” წარმოებას, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია მის შემცვლელზე, რომელსაც ”ჯოტას” დაარქმევენ, სახელს, რომელიც იტალიურმა კომპანიამ პირველად 1970-იან წლებში, მოდელ ”მიურას” სატესტო ვერსიისთვის გამოიყენა.

რა თქმა უნდა, მომავალი სიახლის შესახებ, კომპანიისგან ჯერჯერობით მხოლოდ მწირი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ ინტერნეტით უკვე გავრცელდა მისი სავარაუდო მონაცემები და კომპიუტერით შედგენილი ფოტო-რობოტიც კი (სურათზე). სავარაუდოდ, ის ”მურსიელაგოზე” მსუბუქი უნდა იყოს და აღიჭურვება 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრეც, 700-დან 800 ცხენის ძალამდე იქნება (უფრო სავარაუდო 700 ცხ.ძ-ა).

ასევე სავარაუდოდ, ”ჯოტა” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3 წამზე ნაკლებს მოანდომებს. რამდენი ექნება მაქსიმალური სიჩქარე, ამაზე ვარაუდიც კი ძნელია.

იტალიური კომპანია ”ჯოტას” პლატფორმაზე, რომლის მზიდი ტანი ალუმინისა და კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება, კიდევ ორ მოდელს შექმნის. პირველი იქნება უფრო დიდი და ძლიერი ”ურუსი”. ამის შასის მზიდი ელემენტი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან შეიქმნება. ამასთან, ”ურუსი” უფრო მძლავრი ძრავით აღიჭურვება და მასთან ერთად, უკეთესი აეროდინამიკის წყალობით, დინამიკური მაჩვენებლებიც უკეთესი ექნება. შედარებით სუსტი და იაფი უნდა იყოს მეორე ავტომობილი, რომლის სავარაუდო სახელიც კი, ჯერ ცნობილი არაა. თუმცა, ისიც V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას მიაღწევსა.