Tuesday, March 8, 2011

„კიონიგსეგ აგერა R“ – ომანის მეფის ასრულებული ოცნება

New Koenigsegg Agera R gets 1 115 HP

8 მარტი

როდესაც ავტომობილი 910-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, ტიუნინგის სპეციალისტებისთვის ის ნაკლებად საინტერესოა - ძრავის მნიშვნელოვნად გაძლიერების პერსპექტივა მცირეა. მაგრამ როდესაც შეკვეთას ომანის მეფე იძლევა და რა თქმა უნდა, შეკვეთის შემსრულებელს უამრავ ნავთობდოლარს პირდება, შეუძლებელი რა უნდა იყოს...

სწორედ ასეა შვედურ კომპანია „კიონიგსეგის“ უახლესი „აგერას“ შემთხვევაში. ომანის მეფეს ეს მანქანა მოსწონებია, თუმცა მისი 910 ცხენის ძალა ეცოტავა... და სანამ ტიუნინგის სპეციალისტებს მიმართავდა, მისი ოცნების დაკმაყოფილება თავად მანქანის მწარმოებელმა იკისრა. საბოლოო პროდუქტი კი ჟენევის ავტო შოუზე წარადგინა.

„კიონიგსეგ აგერა R“ 5.0-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც წყვილი ტურბოკომპრესორის დახმარებით, 1 115 ცხენის ძალას და 1 200 ნიუტონმეტრს იძლევა. ეს მონაცემები მაშინ მიიღწევა, როდესაც ავტომობილი საწვავად E85 ნარევს (ამ ნარევში 85 ეთანოლის შემცველობას აღნიშნავს) იყენებს. თუ საწვავი 95 ოქტანური რიცხვის ბენზინია, მაშინ სიმძლავრე 940 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 1 100 ნიუტონმეტრია.

ძრავთან, ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი უახლესი, ნახევრად ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ამ სუპერ ტანდემის მეშვეობით, ადგილიდან ასამდე აჩქარება „აგერა R-ს“ 2.9 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 375 კმ/სთ-ითაა შეზღუდული, თუმცა შვედური კომპანია ირწმუნება, რომ შეზღუდვის გარეშე, ავტომობილს 440 კმ/სთ-ის აკრეფაც შეუძლია.

შვედური მონსტრის მზიდი სისტემის ძირითადი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკია, რომელიც სულ რაღაც, 70 კილოგრამს იწონის. მასშია ინტეგრირებული საწვავის ავზიც, რომელზეც უშუალოდ მაგრდება ძრავი. მსუბუქი მეტალებისა და კარბონის კომპოზიტის ფართოდ გამოყენების წყალობით, ავტომობილის მშრალი წონა მხოლოდ 1 330 კილოგრამია. აქედან სრულად დაკომპლექტებულ (მქნევარათი, გადაბმის ქუროთი, მშრალი კარტერით და ტურბოკომპლექტით) ძრავზე 197 კილოგრამი მოდის. ავტომობილის შესანიშნავი დინამიკური მახასიათებლების გარდა, სიმსუბუქე „აგერა R-ის“ ეკონომიურობასაც განაპირობებს. კერძოდ, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 14.7 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.

რაც შეეხება ინტერიერს, ერთი შეხედვით, მისი მთავარი თვისება უბრალოებაა, თუმცა სინამდვილეში პირიქითაა. ალუმინით, კარბონით და ძვირფასი ტყავით გაწყობილი დეტალები ექსკლუზიურ ატმოსფეროს ქმნის. ელექტრონული სისტემა ინფოტაინმენტი კი აუდიოსისტემის, სატელიტური ნავიგაციის და უკაბელო კავშირის ფუნქციებს მოიცავს და ასევე ეკრანზე მანქანის ტელემეტრიული მონაცემების გამოტანაც შეუძლია.

ასე რომ, „აგერა R-ს“ ნუღარ უწოდებთ სუპერქარს, ის ნამდვილი ჰიპერქარია.