Wednesday, March 30, 2011

„ჰიუნდაიმ“ გაყიდული მანქანების დაბრუნების პროგრამა დაასრულა

Hyundai vehicle return program ending

30 მარტი

„ჰიუნდაიმ“ გადაწყვიტა, რომ შეაჩეროს პროგრამა, რომელიც გაყიდული ავტომობილების უკან დაბრუნებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოულოდნელად შემოსავლის წყაროს კარგავდა და გადახდისუუნარო ხდებოდა. ეს პროგრამა კორეულმა კომპანიამ 2009 წლის იანვარში დაიწყო და გლობალურ ფინანსურ კრიზისს და მის შედეგებს დაუკავშირა.

გამოცემა „ინსაიდ ლაინის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროგრამით მხოლოდ 350-მა ადამიანმა ისარგებლა. მათ „ჰიუნდაის“ დავალიანების დაფარვის პირობებით ისარგებლეს. მაგრამ სამუშაო ადგილები მატულობს, ეკონომიკური მდგომარეობა ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება და „ჰიუნდაიმაც“ ჩათვალა, რომ პროგრამამ თავისი საჭიროება ამოწურა და ის საჭირო აღარაა.

სხვათა შორის, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, კორეული კომპანიის ამერიკულმა შტომ შარშან 538 228 ავტომობილი გაჰყიდა (წინა წელს 435 064) და ამერიკის ბაზარზე, თავისი წილი 3.0 პროცენტიდან 4.6 პროცენტამდე გაზარდა. და მიუხდავად იმისა, რომ ავტომობილების დაბრუნების პროგრამას აჩერებს, „ჰიუნდაი“ იმედოვნებს, რომ გაყიდვების ზრდა გაგრძელდება და ამაში მას ხელს სხვა პროგრამები შეუწყობს, რომლებიც კვლავაც ძალაშია.

ამ პროგრამებს შორისაა 10-წლიანი (ან 160 000 კილომეტრზე გათვლილი) გარანტია და ხუთწლიანი საგზაო მომსახურების გეგმა.

„ბეემვემ“ თავისი „ზვიგენი“ - მე-6 სერიის კუპე განაახლა

BMW 6 Series Coupe

30 მარტი

ჟენევის საავტომობილო შოუ შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ ავტომწარმოებლებმა საზოგადოებას თავიანთი სიახლეები უჩვენონ. მათი უმეტესობა სწორედ ასე იქცევა და მათ შორისაა „ბეემვეც“, თუმცა ბავარიულმა კომპანიამ ჟენევაში ყველაფერი როდი გვიჩვენა, რაც მომზადებული ჰქონდა. ერთი სიახლე შანჰაის შოუსთვისაც შემოინახა, რომელიც აპრილში გაიმართება. ეს სიახლე კი მე-6 სერიის კუპეს განახლებული ვერსიაა.

სხვათა შორის, ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ბავარიელებმა შარშან, პარიზის ავტო შოუზე გვიჩვენეს, ახლახანს კი, დეტროიტის ავტო შოუზე, მისი ღია ვარიანტიც წარადგინეს. უნდა ითქვას, რომ ამ ავტომობილის გარეგნობა, კომპანიის ახალი მთავარი დიზაინერის, ჰოლანდიელი ადრიან ფან ჰოოიდონკის ხელმძღვანელობით შემუშავდა, ვინც ორი წლის წინ, ამ პოსტზე კრის ბენგლი შეცვალა.

მე-6 სერიის ახალი კუპეს გაბარიტებია: სიგრძე 4 894 მილიმეტრი, სიგანე 1 894 მმ, სიმაღლე 1 369 მმ და ბაზა 2 855 მილიმეტრი. ამგვარად, ის წინამორბედთან შედარებით, 75 მმ-ით გრძელი, 39 მმ-ით განიერი და 5 მმ-ით დაბალია. ბაზა კი ასევე 75 მმ-ით დაგრძელდა. თითქმის არ შეცვლილა საბარგულის მოცულობა, რაც 460 ლიტრია.

ავტომობილს განსაკუთრებით აგრესიულ გარეგნობას, მისი წინა ნაწილი აძლევს. ასე განსაჯეთ, მას ჟურნალისტებმა ზვიგენიც კი უწოდეს, რაც იმის გათვალისწინებით, რომ მე-6 სერიის კუპე სპორტული მანქანაა, კომპლიმენტია. ბავარიელების განცხადებით, შასი მტკიცე ფოლადისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, წინამორბედთან შედარებით, გრეხვაზე მისი მედეგობა 53%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, ძარის ზოგიერთი ელემენტი - კაპოტი და ორივე კარი, ალუმინისგანაა დამზადებული, წინა ფრთები პლასტიკატისაა, ძარის ძირითადი ნაწილი კი - შუშის ბოჭკოს კომპოზიტისაა. სამწუხაროდ, „ბეემვეს“ ძარის წონის მონაცემები არ გამოუქვეყნებია.

ინტერიერში ყურადღებას იქცევს „ბეემვესთვის“ დამახასიათებელი თავისებურება - ცენტრალური კონსოლი მძღოლის მხარეს არის მიქცეული. ამასთან, წინა ორ სავარძელს, მასიური გვირაბი აშორებს, რისი წყალობითაც, ორივე ადგილი ერთგვარ კოკპიტს მოგვაგონებს. ავტომობილის სიმაღლის შემცირების მიუხედავად, მწარმოებელი ირწმუნება, რომ სალონში, მასში მსხდომთა თავებისთვის ადგილი გაზრდილია.
მყიდველს მე-6 სერიის ახალი კუპეს, ჯერ მხოლოდ ორი ძრავით შესთავაზებენ. ესენია 6-ცილინდრიანი (ცილინდრები ერთ რიგშია განლაგებული) 3.0-ლიტრიანი ტურბოძრავი (ავტომობლის ინდექსი 640i) და 4.4-ლიტრიანი ტურბო V8 (650i). ორივე ძრავს წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავთან დაკავშირებულია 8-საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი, რომლის საფეხურების შეცვლაც საჭის რგოლის უკან მოთავსებული ბერკეტებით ხდება. გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს, ტრანსმისია უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის.

3.0-ლიტრიანი ძრავი 320 ცხენის ძალას (5 800 ბრ/წთ-ზე) და 450 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამასთან, მაქსიმალურ მომენტს 1 300-4 500 ბრ/წთ დიაპაზონში ინარჩუნებს. ამ აგრეგატის დახმარებით, ავტომობილი ადგილიდან ასამდე აჩქარებას 5.4 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ხელოვნურადაა შეზღუდული 250 კმ/სთ ნიშნულით. 100 კილომეტრის გასავლელად, 640i-ს 7.7 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს 179 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

რა თქმა უნდა, უფრო მძლავრია 650i-ის V8 ძრავი. ის 407 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს იძლევა. ამასთან, მაქსიმალური სიმძლავრე 5 500-6 400 ბრ/წთ დაპაზონში მიიღწევა, მაქსიმალური მომენტი კი - 1 750-4 500 ბრ/წთ დიაპაზონში. სტანდარტული აჩქარებისთვის (0-100 კმ/სთ) ამ ვერსიას 4.9 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი ამ შემთხვევაშიც 250 კმ/სთ-ია. სამაგიეროდ, 100 კილომეტრზე ხარჯი 10.4 ლიტრამდეა გაზრდილი, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 243 გრ/კმ-ია. სხვათა შორის ამაზე ოდნავ უფრო ტემპერამენტიანია 650i-ის ამერიკული მოდიფიკაცია.

მე-6 სერიის ახალი კუპეს გაყიდვებს „ბეემვე“ შემოდგომაზე დაიწყებს.