Friday, December 18, 2009

”ბეემვე” დეტროიტში ელექტრულ ერთიანს წარადგენს

BMW Reveals All-Electric 1-Series Coupe

18 დეკემბერი

დეტროიტის საავტომობილო შოუზე, რომელიც იანვარში გაიმართება, ”ბეემვე” თავისი 1-ლი სერიის კუპეს ბაზაზე შექმნილ კონცეპტუალურ ელექტრომობილს გამოფენს. ამ ავტომობილის შექმნისას, ბავარიელებმა ის ტექნოლოგიები გამოიყენეს, რომლებიც პირველად ”მინის” ელექტრულ ვერსიაზე გამოსცადეს. ოღონდ, ამჯერად ავტომობილს, ისევე როგორც მის საბაზო ვერსიას, წამყვანი უკანა ბორბლები აქვს.

ბავარიელთა ექსპონატის სახელია ”ბეემვე 1-ლი სერიის აქტივE”. მისი მთავარი აგრეგატი ელექტროძრავია, რომელიც 170 ცხენის ძალასა და 250 ნიუტონმეტრს ავითარებს. აგრეგატი ბორბლებს შორის ბაზაშია მოთავსებული და ის ლითიუმ-იონური აკუმულატორების ორი ბლოკისგან იკვებება. ამ ორი ბლოკიდან, ერთი იმ ადგილზეა მოთავსებული, რომელიც ჩვეულებრივ ავტომობილში საწვავის ავზს უკავია, მეორეს კი შიდაწვის ძრავის ადგილი უკავია.

აკუმულატორები საყოფაცხოვრებო ქსელიდან იკვებება და მათი სრული დამუხტვისთვის სულ 4.5 საათია საჭირო. მათში დაგროვილი ენერგიით, ელექტრომობილს 160 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი ძრავის სიმძლავრე კი საკმარისია იმისათვის, რომ 1 800-კილოგრამიანმა ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 9 წამზე ნაკლებში აკრიფოს.

ავტომობილი აღჭურვილია გენერატორით, რომელსაც დამუხრუჭებისას გამოყოფილი ენერგიის დაგროვება შეუძლია. ეს კი მისი სვლის სიშორეს აუმჯობესებს. ძარა სპეციალური აეროდინამიკური პაკეტითაა აღჭურვილი, რაც ჰაერის წინააღმდეგობას ამცირებს. ენერგიის ეკონომიას შემცირებული წინააღმდეგობის მქონე საბურავებიც უწყობს ხელს.

სავარაუდოდ, ”ბეემვე” 1-ლი სერიის მოდელის ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილის მცირესერიულ წარმოებას მერმისვე შეუდგება და მათ სხვადასხვა კომპანიებს ლიზინგით გადასცემს. ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის იგეგმება ამ ელექტრომობილის კონვეიერზე დაყენება.

”ვოლვოს” ელექტრომობილის დებიუტი დეტროიტში შედგება

Electric Volvo C30 to Debut in Detroit

18 დეკემბერი

შვედური საავტომობილო კომპანია ”ვოლვო”, რომელიც დღე-დღეზე ჩინური ”ჯილის” ხელში გადავა, დეტროიტის საერთაშორისო საავტომობილო შოუზე თავის პირველ ელექტრომობილს გამოფენს, რომელიც ჰეჩბეკ C30-ის ბაზაზეა მომზადებული.

ელექტრომობილი 111-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც სრულად დამუხტული აკუმულატორების მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმუმ 130 კმ/სთ-მდე აჩქარება შეუძლია, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე კი აჩქარებას 10.5 წამი სჭირდება. ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი, რომელიც 280 კილოგრამს იწონის, სრულად 8 საათში იმუხტება.

”ვოლვოს” განყოფილება ”სპეშლ ვიჰაიქლზის” შეფი ლენარდ სტეგლანდი ამბობს, რომ მისი კომპანიის მიერ შექმნილი ელექტრომობილი უსაფრთხოების ყველა ნორმას აკმაყოფილებს და იმავდროულად, საკმაოდ კარგი დინამიკური მახასიათებლებიც აქვს. მისი თქმით, ”ვოლვო” 50 ელექტრომობილს 2011 წელს დაამზადებს და მათ ხანგრძლივი მოგზაურობის დროს გამოცდის.

”რინსპიდი” საქალაქო ელექტრომობილს ამზადებს

Rinspeed UC? Concept to Debut in Geneva

18 დეკემბერი

შვეიცარული სადიზაინერო ატელიე ”რინსპიდი”, რომელიც ”პორშეს” ავტომობილების სრულყოფითა და ორიგინალური კონცეპტუალური ავტომობილების დამზადებითაა ცნობილი, ჟენევის საავტომობილო შოუსთვის მორიგ ექსპერიმენტულ ავტომობილს ამზადებს.

ავტომობილს, ისევე როგორც ელექტრომობილების უმეტესობას უცნაური სახელი აქვს - UC?. რას შეიძლება, ეს აბრევიატურა აღნიშნავდეს? ალბათ ”ურბან ქარს”, ანუ ქალაქის ავტომობილს. მაგრამ მაშინ კითხვის ნიშანი რაღა შუაშია. ან იქნებ, UC? ამერიკულ სტილში, ”იუ სი?”-ს, ანუ ”გინახავთ?” ნიშნავს. ასეა თუ ისე, ”რინსპიდი” ამ უცნაური აბრევიატურის შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს. თავის დროზე ალბათ იტყვის.

UC? ისეთივე მოკლეა, როგორც მისი სახელი - სიგრძით სულ რაღაც 2.50 მეტრია. ესე იგი, ”სმარტზე” პატარაა. ელექტრომობილს ორი ადამიანის გადაყვანა შეუძლია, მისი სვლის სიშორე კი 120 კილომეტრს აღწევს. ვისაც ეს ეცოტავება და შორი მოგზაურობა სურს, ”რინსპიდი” სპეციალური სარკინიგზო ვაგონების გამოყენებას სთავაზობს, რომლებზე მგზავრობის დროსაც, UC? თავისი აკუმულატორების დამუხტვასაც შეძლებს.

შვეიცარული კომპანია არ გვიმხელს, თუ რა დროა საჭირო აკუმულატორების სრულად დასამუხტად. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ პარკირების მოედანზე, სადაც ენერგიის შევსებაცაა შესაძლებელი, ადგილის დაჯავშნა წინასწარ, ინტერნეტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

”რინსპიდის” შეფი ფრანკ რინდერკნეხტი ამბობს, რომ მის ”კომპანიას ერთგვარი საზოგადოების ჩამოყალიბება სურს, რომლისთვისაც მობილურბას სულ სხვა დატვირთვა ექნება”.

UC?-ს საჭის რგოლი არ აქვს, მისი მართვა კი მანქანის სალონში მდებარე ცენტრალურ გვირაბზე მოთავსებული ჯოისტიკით შეიძლება. ”რინსპიდის” განცხადებით, მისი ჯუჯა ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ-ს მიაღწევს.

ატელიეს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ”რინსპიდის” სხვა კონცეპტუალური მოდელებისგან განსხვავებით, UC?-ს კონვეიერზე მოხვედრის სოლიდური შანსი ექნება. ამასთან, რინდერკნეხტის თქმით, ამ კონცეპციის მიხედვით ავტომობილების წარმოების უფლების ყიდვის საშუალება ნებისმიერ კომპანიას მიეცემა.