Saturday, February 27, 2010

”ისპანო სუიზა” ბრუნდება

Hispano Suiza's Return

27 თებერვალი

შესაძლოა, ეს სახელი დღეს ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ იყო დრო, როდესაც მისი მატარებელი ავტომობილები, ”ბუგატიზე” არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა. დღეს ”ისპანო სუიზას” შესახებ მხოლოდ ავტო ”გურმანებმა” და ავტო კოლექციონერებმა თუ იციან. მაგრამ შორს არაა ის დრო, როდესაც ამ ლეგენდარულ სახელს ბევრი გაიგებს და ეს ჟენევის საავტომობილო შოუზე მოხდება.

შოუს დამთვალიერებელი იხილავს ”ისპანო სუიზას” სახელის მქონე კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელიც რეალურად, ”აუდი R8 V10-ს” რესტაილინგური ვარიანტია და რა თქმა უნდა, მისივე პლატფორმას და აგრეგატებს იყენებს. ოღონდ, ეს აგრეგატები მნიშვნელოვნად მოდერნიზებულია.

ძრავს მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ამ და სხვა მოდიფიკაციების წყალობით, მისმა სიმძლავრემ 750 ცხენის ძალას მიაღწია. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის შესახებ, მხოლოდ ტექნიკური მონაცემია ცნობილი. სამაგიეროდ, ესპანურ-ფრანგული ფირმა გვამცნობს, რომ ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილი, რომლის სახელიც კი, ჯერჯერობით უცნობია, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.4 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ს აღწევს.

გარდა ამისა, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ისპანო სუიზა” თავისი ავტომობილის ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვასაც გეგმავს, რომლის მეშვეობითაც, მნიშვნელოვნად გაიზრდება ძრავების ჯამური სიმძლავრე. ზოგიერთი მონაცემით, ჰიბრიდული დანადგარი ავტომობილს დამატებით 150 ცხენის ძალას მისცემს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ ელექტროძრავის ხარჯზე გადაადგილება.

ჯერჯერობით, სულ ესაა, უფრო მეტს კი ჟენევის ავტო შოუს დღეებში შევიტყობთ.