ჟენევა 2011
„ალფას“ პატარა სუპერ ავტომობილი
Alfa Romeo 4C Concept
19 მარტი
ეს ის ავტომობილი უნდა გახდეს, რომელიც „ალფა რომეოს“ შელახული იმიჯის გამოსწორებასა და კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. ხელმისაწვდომი სუპერ ავტომობილი - ასე მოიხსენიებდნენ პალექსპოს ერთ-ერთ გამორჩეულ კონცეპტუალურ ექსპონატს ჟურნალისტები.
მილანური კომპანია საიმიჯო ავტომობილს - „8C კომპეტეციონეს“ ადრეც უშვებდა, მაგრამ ეს ნამდვილი სუპერი იყო, შესაბამისი ფასით და შეზღუდული ტირაჟით, რის გამოც, ბრენდის იმიჯის გამოსწორებაში ვერანაირი როლი ვერ ითამაშა. ჰოდა, ახლა ეს მისია „ალფა 4C-ს“ დაეკისრება.
კარბონის კომპოზიტის შასი, შუაში განლაგებული ძრავი, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს ანიჭებს - ყველაფერი ეს სუპერ ავტომობილების სტილშია. თუმცა, „ალფა 4C-ს“ ბევრი რამ ჩვეულებრივი, სერიული ავტომობილებისგანაც აქვს მიღებული.

4C ოთხ ცილინდრს აღნიშნავს. სწორედ ამდენი ცილინდრი აქვს 1.75-ლიტრიან ტურბოაგრეგატს, რომელიც 200 ცხენის ძალას იძლევა. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, რობოტიზებული ტრანსმისიაა დაკავშირებული. სუპერქარისთვის ცხენის ძალები თუ გეცოტავათ, დაგამშვიდებთ - ყოველ ცხენის ძალაზე მხოლოდ 4.25 კილოგრამი მოდის, რაც კარგი მაჩვენებელია.