„ალფა რომეო 4C“ - პატარა შუაძრავიანი სუპერ ავტომობილი
Alfa Romeo 4C Coupe Concept with Mid-Mounted 1.75-Liter Turbo Engine and RWD
14 მარტი
ჟენევის საავტომობილო გამოფენას არაერთი ახალი სუპერ ავტომობილი ამშვენებდა, თუმცა მათ ფონზეც, ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი „ალფა რომეოს“ კომპაქტური და ხელმისაწვდომი „სუპერ ავტომობილი“, კონცეპტუალური 4C იყო.
მომცრო ზომები რომ არა, ამ ავტომობილს მართლა შეიძლება სუპერ ავტომობილი უწოდო, რადგან სწორედ ამ კლასის სპორტსმენების სტილშია შესრულებული: ორადგილიანი სალონი, ბაზაში მოთავსებული ძრავი, რომელიც მაბრუნ მომენტს უკანა ბორბლებს აწვდის. და, რა თქმა უნდა, აგრესიული - ყველაფერი ეს სწორედ სუპერების კლასს შეეფერება.

მილანური კომპანიის სიტყვებით რომ ვთქვათ, „4C ბრენდის ფასეულობებს სრულად გამოხატავს. ესაა იტალიური სტილი, ტემპერამენტი და დახვეწილი ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მოწოდებულია იმისათვის, რომ უსაფრთხოება და მართვით სიამოვნების მიღება უზრუნველყოს“.
სახელიდანაც ჩანს, რომ ეს ავტომობილი წარმატებულ კუპე „8C კომპეტიციონეს“ მომცრო ვერსიაა - ისინი გარეგნობითაც ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს. კონცეპტუალური „ალფა რომეო 4C-ს“ სიგრძე 4.00 მეტრი, ბაზა კი 2.4 მეტრია. კომპაქტური გაბარიტების მიუხედავად, ის სუპერ ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორც, მაგალითად „ლოტუს ელისი“.
შესაძლოა, 200 ცხენის ძალა გეცოტაოთ, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ, რომ „ალფა რომეო 4C“ მხოლოდ 850 კილოგრამს იწონის, სიმძლავრესაც „ფასი მოემატება“. უფრო კონკრეტულად კი, მისი წონისა და სიმძლავრის ფარდობა დაახლოებით 4-ის როლია, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია. სიმსუბუქე იმან განაპირობა, რომ ავტომობილის ტანი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. მისი შეჯახების და ძრავის საყრდენი სტრუქტურები კი ალუმინის შენადნობისგანაა აწყობილი.
მცირე წონა „ალფა რომეო 4C-ის“ შეანიშნავ დინამიკურ მახასიათებლებს განაპირობებს: მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია, ადგილიდან ასამდე აჩქარებას კი 5 წამზე ნაკლები ჰყოფნის.